среда, 27 октября 2010 г.

კვერცხობანა

,,კვერცხია რაა" – ჩაიბუტბუტა, როგორც იცის ხოლმე, ბამბის მაისური მუცლისკენ ჩაიქაჩა, ბალიში ძირს გადმოაგდო, გულაღმა დაწვა და თვალები დახუჭა.

მინდა, მუცელზე დავადო თავი და ისე დავიძინო.

მიყვარს, როცა ჩემი თავი მისი მუცლის შეკუმშვის რიტმზე ადი –ჩადის.

მიყვარს, როცა მარჯვენა ყურთან, მისი მუცლის შიგნითა ხმაური მიფხაჭუნებს. მარჯვენა ყურზე კი მას უდევს ხელი, რადგან ყურებზე თუ არაფერი მახურავს ვერ ვიძინებ.

ახლა კი მისგან შორს ვარ. ეს უბრალოდ წარმოვიდგინე თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები მის შემდეგ, როცა ტელეფონზე დაურეკე, აბდაუბდა ველაპარაკე და ბოლოს უეცრად გაუთიშე. ან, დაიწყეთ კითხვა ამ ბოლო აბზაციდან შემდეგ გადადით პირველ წინადადებაზე. ,,კვერცხი " მე ვარ ანუ:)))

среда, 20 октября 2010 г.

მთვარეეეეეეე

შიშველი ვიწექი, მთვარე თავზე მადგა და მიყურებდა. ცაზე დაგლეჯილი ბამბასავით ეყარა თეთრი ღრუბლები. სილა თბილი იყო. ჩამთვლიმა, ამიტომაც წამოვდექი და შევცურე. ტალღებმა უკან გამომაგდეს, ისევ შევედი.ზემოდან ავტივტივდი.

მთვარის არ მცხვენოდა, საერთოდ, არც არასდროს შემრცხვენია სიშიშვლის. ასეთი დავიბადე, არა! ურცხვი კი არა, შ ი შ ვ ე ლ ი:)

მთვარე მერე და მერე უფრო გათამამდა, მთლად თავზე წამომადგა. ზღვა შავი იყო, სულ შავი. შავი და ლივლივა, მშვიდი ჩემგან განსხვავებით. დიდთავა მთვარე უკვე ჩემს მუცელზე დაცოცავდა.

ნაპირიდან ხმა მომესმა. შორს ვიყავი, არ ვჩანდი. ბიჭები იყვნენ. დასხდნენ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს. სანამ არ წავიდოდნენ ვერ გამოვიდოდი, ხოდა ტივტივი განვაგრძე. მათ ხმამაღალი ლაპარაკი.
წასვლას არ აპირებდნენ. მერე ერთმანეთისკენ მიიწიეს და ერთმანეთს მოეფერნენ. აღარ ლაპარაკობდნენ. ნაპირისკენ გამოვცურე. წყლის ხმაზე სილიდან ორივემ ერთდროულად ასწია თავი. გაუღიმე და მათ შორიახლო დაყრილ ჩემს ტანსაცმელს დავწვდი. გზადაგზა გადავიცვი. მთვარე უკვე ზურგზე ამაბობღდა:)

пятница, 1 октября 2010 г.

ანაბეჭდი

მდუღარე წყალი ხელებზე გადავისხი, მერე თეთრ სუფრაზე დავაწყე დამწვარი ხელები, თითებმა მაგიდაზე უცნაური ანაბეჭდი დატოვა. ავდექი და წამოვედი.
არც ფეხზე ჩამიცვამს, არც თმები შემიკრავს,გარეთ ხეს გამოვედე. ბღუჯა თმა შევატოვე ტოტებს.
გამოვრბოდი.
მერე ფერადი სიზმრები ვნახე, ხის ძირში ჩაძინებულმა.ბეჭზე ხის ღრმა ანაბეჭდი დამრჩა. დამწვარი თითები მოვისვი.
გამოვრბოდი.
აღმართი იყო, შიშველი ფეხი სრიალებდა. ქუსლებიდან სისხლი წამომივიდა, თითებიდან ტალახი. შავი მიწა სისხლმა უფრო გაამუქა.უკან სისხლიან ანაბეჭდს ვტოვებდი.
შენ გგავდი.