понедельник, 28 июня 2021 г.

ნუ ბოთაობ, წადი, დაიძინე!

ზღვაზე წავედი. ავიკარი გუდანაბადი, ავიღე ნაჭრის ჩანთა, ჩემი გრძელი კაბა გადავიცვი და  ჰაიდაააა... 

გამოცარიელებული ვიყავი. მანქანაში რაღაც დებილური მუსიკა იყო ჩართული, ან არ იყო დებილური და მე მეჩვენებოდა ასე, არ ვიცი. 

ნაცნობებს გავყევი, უკან ფანჯრის მხარეს ვიყავი მიკრული და ერთი სული მქონდა სანამ ზღვაზე ჩავიდოდი – კენჭებზე გავშოტილიყავი, დაღამებისთვის მომეცადა და სიბნელეში მელაპარაკა, მელაპარაკა, მელაპარაკა. ( ნაცადი ხერხია, საუბრობ სიბნელეში, გესმის ზღვის ტღლაშუნი და გადის ეს დარდები შენგან, გეშვება. წლების წინ დავტესტე, ამართლებს)

მანამდე მამაჩემის საფლავზე ავედი, ვიტირე, ვილაპარაკე, ვილაპარაკე, ვილაპარაკე. მერე გაწვიმდა, ეზოს წითელი ვარდები, რომელიც მამაჩემს უყვარდა და ავუტანე, გამოცოცხლდნენ წვიმის წვეთებზე. ერთხელ, ბავშვობისას, კლასელის დაბადების დღიდან სახლში მისული მამას ვუმტკიცებდი, რომ 35 ჭიქა ღვინო დავლიე. ჩემს სიტყვებზე მამაჩემი იცინოდა, მე ვბრაზობდი და ვუმეორებდი – 35 ჭიქაა, 35 ჭიქა! მერე მითხრა ნუ ბოთაობ, წადი დაიძინე! 

ახლა ჩემს დიდობის სიმთვრალეზე მოვუყევი. 

ზღვაზე მივდივარ. 

ზღვას არც აინტერესებს შენი დარდები, ამიტომაცაა კარგი მსმენელი.

суббота, 19 июня 2021 г.

ჩვეულებრივი

არაფერი იყო, არც გადარევა, არც აღმაფრენა. იყო მხოლოდ ერთი წამოკივლება, ტკივილი და მერე ისეთი რამეების დანახვა–აღმოჩენა რაც აქამდე არ მენახა. 

არც სასწაული განცდა იყო. არც მუხლი ამკანკალებია და არც ყბა. 

სიტყვა ჩვეულებრივი ძალიან უხდება იმას რასაც ვგრძნობდი. კი, ყველაზე მეტად სიტყვა ჩვეულებრივი უხდება. და რა კარგი სიტყვა ეს ჩვეულებრივი, არა განსაკუთრებული, არა გამორჩეული, არა არაჩვეულებრივი, არამედ, უბრალოდ ჩვეულებრივი.

ჰოდა, იყო ეს ამბავიც ჩვეულებრივი. თუმცა არაჩვეულებრივის მოლოდინში ვიყავი :) 

ახლაც ჩვეულებრივად ვწერ, უბრალოდ მინდა რომ აქ დარჩეს.