четверг, 7 июля 2016 г.

მე, სოფელი, მეზობელი და ფიქრები შვილზე #2 - ორნი

უკვე სახლში ორნი ვართ. ჩემი ჩვილობის სახვევებში ახლა დათუს ვზრდი. ქუდები ვერ მოვარგე, არც ვაფარებ, დამყავს ეზოში ხოსრიკა და ბალახებში ვაწვენ.
 - არაფერი აყვეს, - მითხრა მეზობელმა ქალმა.
არ ვუჯერებ მეზობელს და მერე აქვს აყოლილი დათუს ბალახის სუნი, ტალახის სუნი და ძროხის სუნი, რადგან ბებო აქ მუდამ ყრიდა მიწის გასანოყიერებლად ნაკელს.
ეს სუნები ძველ დროში მაბრუნებს და  . . .

ხის ღობეები, რომ შევღებე გითხარით უკვე, კიბეებიც გავაახლე, ფარდებიც. ნესტიანი სარდაფი გავაღე და ათასნაირი ქილა-ბოთლი გარეთ გამოვიტანე.,დავრეცხე და ყვავილები ჩავაწყვე. უკვადავა ყვავილები, რომლებიც  სოფლის სასაფლაოს მხარეს ხარობს მარტო. უშველებელი კონა ჩამომქონდა ხოლმე საღამოობით, თან სოფელში გამოვლისას მუცელსაც მიმალავდა და აქაც ბლომად ვაწყობდი ყველგან. არის ახლა მთელ ეზოსა და აივან-კიბეებზე ეს ყვავილები ქილებსა და ტყემლის ბოთლებში. იქით ბალახში დათუ და აივნიდან როცა ვიხედები მუცელი ბედნიერებისგან  მოცეკვავესავით მიმოძრავებს.

მერე შემოდგომა მოვა, მეზობელი ძროხებს ჩამოდენის მთიდან და ყველი მექნება, მაწონიც და სმეტანაც დათუსთვის. ჩემთვის ნადუღი. ვახმობ უკვე პიტნას ზამთრისთვის. აივანზე ქონდარიც დავკიდე და კურკაგამოცლილი შავი ქლიავიც მარლაგადაფარებული მზის ქვეშ იხრუკება. ზამთრის ცივ ღამეებს უხდება შავი ქლიავის ჩირის ცხელი ნაყენი.

დათუ ღამეები ტირის. იმდენი ვიტირე როცა გავიგე ორსულად ვიყავი ალბათ ამის გამო მსჯის. ტირის, ამყავს ხელში და დავდივართ ოთახიდან ოთახში, აივნიდან ეზოში, ეზოდან სახლში, ველაპარაკები და იძინებს ამასობაში.  დილით ჩემ ბავშვობისდროინდელ თუნუქისფერ ,,ტაშტში" ვაბანავებ და როცა პირსახოცში მისი ფეხების სხმარტალს ვუყურებ მუცელი ბედნიერების მოძრაობებს იწყებს ისევ.

მობილური მეზობელს ვაჩუქე, არ ვფიქრობ სახლზე, სამსახურზე. წამოვედი და წამოვედი. ჩავალ ალბათ დათუ რომ სიარულს ისწავლის.

მურაბისთვის ალუბალს ვკურკავ, დათუ მუხლებზე მიზის წინ და ალუბლის წითელი წინწკლები სახეზეც ხვდება, ყელზე. ეს კადრიც ბავშვობაში მაბრუნებს. ..

სახლში ,,პეპი გრწელწინდა" მოვქექე და უკვე მესამედ ვუკითხავ ხმამაღლა დათუს.

სოფელში ქართულის მასწავლებელი უნდათ, იმუშავე, შენზე კარგს ვის ვნახავთ, - მეუბნება მეზობელი ქალი. ნახვით როგორ არ ნახავენ, მაგრამ მან იცის რომ ფული მჭირდება და ასე მივლის შორიდან დედაჩემის ბავშვობის მეგობარი.

სოფელში სხვანაირად იციან გვერდით დგომა - ვფიქრობ და მახსენდება ტკივილები რომ დამეწყო და პირველივე კივილზე როგორ გაივსო ეზო. მსხლის ძირში ვიჯექი და ვერ ვდგებოდი, ჯერ ,,ბირჟაზე" მდგომი კაცები შემოცვივდნენ, მერე ქალებიც. ვიღაცამ ხელში ამიყვანა და მეტი არაფერი მახსოვს. მახსოვს იყო ტკივილი, ტკივილი ტკივილი რაც მიხაროდა, საკუთარ თავს ვსჯიდი ამ ტკივილით -  ხომ გინდოდა შვილი, აჰა,  გტკივა! აიტანე! გაუძელი!

სახლში მეზობლის ყვითელი ,,პაზიკით" დავბრუნდით. ვიჯექი ორადგილიანზე, ხელში დათუ მეჭირა, ოღროჩოღრო გზა ორივეს გვაყანყალებდა, ვუყურებდი ტყავგახეულ და ბუბკამოყრილ სკამებს და ბედნიერი ვიყავი. ტაქსით ვაპირებდი წამოსვლას, როცა მეზობელი შემოვიდა პალატაში შენს წასაყვანად მოვედითო, ფანჯრიდან გავიხედე ,,პაზიკის წინ ჩემი მეზობლები იდგნენ და მელოდებოდნენ.

მერე სახლში როცა დათუს ძუძუ მოვაწოვე ფანჯრის რაფაზე მოვიკეცე ვიტირე, ვიტირე ხმამაღლა.