среда, 9 ноября 2022 г.

მე რომ ჯადოქარი ვიყო – ინსპირაცია საუბარი მასთან

მე რომ ჯადოქარი ვიყო, მამას გავაცოცხლებდი.

მე რომ ჯადოქარი ვიყო, ყველა იარაღს ბირთვულს და ყველანაირს ბაბუაწვერებად გადავაქცევდი.

მე რომ ჯადოქარი ვიყო, ასე, ოც კილოს დავიკლებდი. ცხვირს არ შევიცვლიდი, უხდება ჯადოქრებს კეხიანი ცხვირებიJ

მე რომ ჯადოქარი ვიყო, პუტინს გავაქრობდი მეთქი უნდა დამეწერა და არა, იყოს და ირბინოს  კრემლის წინ ბაბუაწვერების შეკვრით.  

მე რომ ჯადოქარი ვიყო, დეკემბრიდან თოვლს მოვიყვანდი. თებერვლის ბოლომდე ვათოვებდი, დიდრონ და ღუნღულა ფანტელებს.

მე რომ ჯადოქარი ვიყო, ჩემს მეზობელს კიბოს გამო რომ ძუძუ მოაჭრეს და განიცდის აღუდგენდი. თმასაც გავუზრდიდი წელამდე, აბრეშუმივით თმას ამოვუყვანდი.

მე რომ ჯადოქარი ვიყო, მას თავს შევაყვარებდი, აი ისე, ელეთ–მელეთი რომ მოსვლოდა ჩემზე.

მე რომ ჯადოქარი ვიყო, ჩემს სოფელში სასაფლაოსთან ფიცრულში მცხოვრებ ოჯახს სახლს ავუშენებდი.

მე რომ ჯადოქარი ვიყო, სასწაულ კოცნებს ვასწავლიდი ყველას.

მე რომ ჯადოქარი ვიყოოოო, უჰ, ღმერთობა მდომებია J 

вторник, 4 октября 2022 г.

იცეკვეთ

ბევრი ვიცეკვე, ბევრზე ბევრი.

მივბარბაცდებოდი ბართან მოვწრუპავდი და მერე ცეკვას ისევ ვაგრძელებდი. მინდოდა ეცეკვა. არ ცეკვავდა, არ სვამდა, იჯდა და ბაასობდა, ხანდახან ვგრძნობდი გამომხედავდა. 

არა, ცეკვა არ ვიცი, თუმცა როცა  მუსიკა მესმის ცეკვის არცოდნა რა მოსატანია. ცეკვა უნდა იგრძნო. ვიდრე უნდა იცოდე:) ჰოოო, ასე ვფიქრობ! 

ჰოდა, ვცეკვავდი. ტანზე უკვე ყველაფერი მიჭერდა. დაჯდომა მაინც არ მინდოდა.

 – წავედით,  – მომესმა ყურთან. 

– ჯერ იცეკვე, – ვუთხარი. გაეცინა და იდაყვზე მომეფერა. 

 – წავედით, – გამიმეორა. 

 – იცეკვე, – გავუმეორე ისევ. 

იდაყვზე ხელი გამიშვა და მითხრა – წავალ. 

 – წადი, – ვუთხარი მეც. ვიცოდი, რომ წავიდოდა, 12 საათი ხდებოდა, ისედაც გამიკვირდა ამ დრომდე როგორ გაჩერდა. 

მერე მობილურს ხმა გამოვურთე და ცეკვა გავაგრძელე.

пятница, 2 сентября 2022 г.

აქამდე ამ ამბებს ვხარშავდი

ჩემი დაბადების დღე იყო. ფორიაქა. საღამოს გულაღმა ვიწექი სასტუმროს ნომერში, უშველებელ საწოლზე და ჭერს ვუყურებდი. გარეთ კოკისპირულად წვიმდა. სულ წვიმს ამ დღეს, სულ, სულ.

ნახვა კი არა, არც მომილოცა! არ გავბრაზებულვარ, მქონდა ეს მოლოდინი თითქოს. გული დამწყდა უბრალოდ. ღვინო მოვწრუპე და როგორც ბავშვობაში ჭერზე ჩრდილებით მიმსგავსობია ვითამაშე.

მერე,  დაახლოებით, ათ საათი იქნებოდა როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ადამიანი რომელიც სტუდენტობისას მიყვარდა, ( ვიცოდი, რომ მძიმედ იყო ავად და საავადმყოფოში იწვა) გარდაცვლილა. 

გავიხსენე –  მეორე კურსზე ვიყავი ჩემს დაბადების დღეზე გამომიარა და ხინკალზე დამპატიჟა. მე მაშინ დიეტაზე ვიყავი, ( მგონი უკანასკნელად, მის შემდეგ აღარ მიდიეტია) ვუყურებდი როგორ ჭამდა. სადღაც მქონდა წაკითხული, სახეს როცა ხელისგულებში მოიქცევ და ადამიანს უყურებ ეს სიყვარულის პოზააო. ჰოდა, მაშინ სასიყვარულო წიგნებით აცეტებული ასე ვიჯექი მის წინ მაგიდასთან, იდაყვებზე დაყრდნობილი და ვუყურებდი სანამ ის ხინკალს თქვლიფავდა. ჭამეო, მეხვეწებოდა. მერე ქუჩაში ძაღლი გამოგყვა, ხინკლის სუნი გაქვს და მაგიტო მოგვყვება მეთქი, ამაზე ვხარხარებდით.

ღამით მომწერა, კალათი ჩამოუშვი რაღაც მოგიტანეო. (მეორე სართულზე ვცხოვრობდი) კალათი ჩაუშვი, ყვავილებს ველოდი. ცხელი, ქაფქაფა ხინკალი იყო და ,,სალფეტკი"  მინაწერით – ჭამე, მიყვარხარ!

ეს ბიჭი მოკვდა ჩემს დაბადების დღეს. სამძიმარზეც ვიყავი, პანაშვიდზეც, დასაფლავებაზეც.

ამ დღემ ცუდი და ძალიან ცუდი ამბების გამიჯვნა მასწავლა.

четверг, 14 июля 2022 г.

მდა ...

ზღვაზე მივდივარ, შავი ,,კუპალნიკი" უნდა ვიყიდო, ოქროსფერიც და მალინისფერიც. 

მალინისფერს ჩავიცმევ თუ ოჯახებითა და ბავშვებით სავსე პლაჟზე მოვხვდები, ფერზე რომ აჭყლოპინდნენ პატარები:) 

შავს ჩავიცმევ როცა  პლაჟზე ვიღაც მომეწონება. გადაშლილ წიგნს მუცელთან გვერდზე დავიდებ, აი, ერთი ხელისგაწვდენაზე რომ მქნდეს და საჭირო დროს ავიღო ისე. და თვალებდახუჭული, მზეს მიფიცხებული დაველოდები მას როცა მკითხავს –  რა წიგნს კითხულობთ, ან ამინდის პროგნოზი როგორი იქნება ხვალ? მე ვითომ ვერ დავინახავ მის მობილურის ეკრანს, სადაც მკვეთრად ჩანს  დღევანდელი ტემპერატურა და საკუთარ მობილურში წითელ შილაკიან თითს ავაწკაპუნებ და დაყენებული ხმით ვამცნობ ამინდის პროგნოზს – ცვალებადი მოღრუბლულობით. და რადგან ხვალ წვიმა იქნება, დავგეგმავთ დღეს სად სჯობს წვიმიან ამინდში დროის გატარება. მე,თავიდან ბუნებრივია ვეტყვი რომ დაღლილი ვარ და ძილი მირჩევნია, რომ მძიმე სამუშაო გრაფიკი მაქვს და ეს შვებულება სულზე მისწრებაა და ნელა გავიზმორები ,,შეუმჩნევლად".

მერე ვითომ გაუაზრებლად გავისწორებ მკერდს ისედაც ღია ,,კუპალნიკში" .

მერე წვენს ერთად დავლევთ, საღამოს უკვე ვისკს.  

ოქროსფერ ,,კუპალნიკს" ჩავიცმევ მაშინ როცა შევძლებ  ყველა და ყველაფერი ფეხზე დავიკიდო. 

მხოლოდ ოქროსფერი ,,კუპალნიკი" ვიყიდე. 

вторник, 14 июня 2022 г.

მე გადავლახავ მთას . . . .


სამსახურიდან  თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი, ბოლო მარშუტკისთვის უნდა მიმესწრო. ის სხვა ქალაქში იყო და სამ საათში ვნახავდი. ბოტასები მეცვა, მარტივად ვირბინე სადგურამდე, ფანჯარის მხარეს დავჯექი, პატარა ჩანთა მუხლებზე დავიდე,  ჯინსი მეცვა დახეული, ამიტომ  გაყინული მქონდა მუხლები. 

აპრილი იყო, მაგრამ ციოდა. 

ტრანსპორტი  დაიძრა, საზურგეს მივეყუდე და უცებ  საკუთარ თავზე გავბრაზდი. გავრბოდი მასთან, სხვის ქმართან და ბოლომდე არ ვიყავი ჩამოყალიბებული რა მინდოდა.

თმები აბურდული მქონდა, ბოტასები დამტვერილი,  მაისური და ჭრელი ქურთუკით  არ ვგავდი პაემანზე გაქცეულს. მთებს რომ გადალახავს მის სანახავად ისეთს კი. 

ალბათ ამ დროს სასწაულად იპრანჭებიან, თმებს სალონში იკეთებენ, მანიკურ-პედიკური, სექსუალური საცვლები. ვაჰ, მე კი აჩაჩულ-დაჩაჩული და გასავათებული მივდიოდი, გზაში გამოძინებასაც მოვასწრებ, თვალები დავხუჭე – ის წუთები მიყვარს როცა ნახულობ და მისი სუნი ცხვირში გიღუტუნებს. ალბათ ას კაცში გამოვიცნობ ამ სუნს, ათასშიც. 

 ჩამეძინა. 

გაგრძელება იქნება :) 

среда, 18 мая 2022 г.

შენ რომ ჩემი საყვარელი არ იყო . . .

შენ რომ ჩემი საყვარელი არ იყო, 

იქნებ დღეს ყავა გვესვა მყუდრო კუთხის კაფეში, ან კინოში წავსულიყავით და ბოლო რიგში შენთვის მხარზე თავი დამედო.

შენ რომ ჩემი საყვარელი არ იყო, 

ქუჩაში შემცივნულს ქურთუკს მომაფარებდი და შენივე ქურთუკის ჯიბეში გაგითბობდი გაყინულ თითებს. 

შენ რომ ჩემი საყვარელი არ იყო, 

მეგობრებს გაგაცნობდი და ერთად შევჭამდით პიცის დიდ ნაჭრებს. 

შენ რომ ჩემი საყვარელი არ იყო, 

გეტყოდი, რომ ზოგჯერ, ძალიან იშვიათად მე სულაც არ ვარ მხიარული გოგო და შენ ნებას მომცემდი, ვყოფილიყავი მოწყენილი. 

შენ რომ ჩემი საყვარელი არ იყო, 

მე უფლება მექნებოდა მაგრად შემომეჭდო შენთვის ხელები და არსად არ გამეშვი,მაგრამ შენ ჩემი საყვარელი ხარ და ასე ახლოს მყოფებსაც კი კილომეტრები გვაშორებს, და მე მარტო ვარ შენ გვერდით, ძალიან მარტო, იმიტომ რომ შენ ჩემი საყვარელი ხარ.

უცნობი ავტორი:) 

четверг, 24 марта 2022 г.

დიდ და პატარა ომზე

მარტის დასაწყისში კორონა შემხვდა – მაღალი სიცხით. ყველაფერი მტკიოდა, ქუსლი, კოჭი, მუხლი, იდაყვი, ტრაკი, ყური, ჭიპი, თავისქალა, სულ–სულ ყველაფერი და ამას უკრაინის ომიც ემატებოდა.

თვალები მეწვოდა, ძლივს ვკითხულობდი ინფორმაციას.  ამ დიდ ომში გმირი მყავდა ზელენსკი, ყველა მისი  ვიდეომიმართვა მაძლიერებდა ნუროფენზე და იბუპროფენზე მეტად.

საღამოს აივანზე ვიჯექი ხოლმე და როცა ცას ვუყურებდი ვფიქრობდი, ახლა რომ აქაც დაიწყოს ომი რის გადარჩენას შევეცდებოდი?  ალბათ სურათების, კიდევ? კიდევ კაბის, რომელიც ყოველწლიურად უფრო–და უფრო მიპატარავდება, ასე ვიტყვი, აბა, ხომ არ ვაღიარებ, რომ ვსუქდები და ვსუქდებიJ

მერე, წლების შემდეგ უკვე მოხუცი კამერების წინ ამ კაბით დავდგებოდი და ინტერვიუს მივცემდი – რუსეთის ბოროტებებზე, ნახევრად მიძინებული ტვინი მაინც გაიხსენებდა ორსული ქალების სისხლიან  კადრებს და მტირალა, ფერად ქურთუკიან ბიჭს, რომელსაც პარკში სათამაშო პინგვინი ჰქონდა და მიდიოდა მარტო დაბომბილ ქალაქში. ვიტყოდი, რა კარგია რომ 2022 წელს დასრულდა ამ ქვეყნის ფაშიზმი.

ალბათ ჟურნალისტი იმდროინდელ გმირებზეც მკითხავს.

მე ჭაღარ თმას მოვიქექავ და ვეტყვი – კი, გმირი ზელენსკი იყო.

სხვა კითხვებსაც დამისვამს მერე ჟურნალისტი, მშრალი რომ არ გამოვიდეს მასალა. მე ვეტყვი – იმ დროს ჩემი პატარა ომიც მქონდა,  პირადი ომი, მერე ,,ტერიტორიის მთლად შემოერთება მოვითხოვე"  და  . . .

ვეტყვი, რომ გმირები აუცილებელია გყავდეს, როგორც დიდ, ასევე პატარა ომშიც.