вторник, 14 июля 2015 г.

მე, სოფელი, მეზობელი ქალი და ფიქრები შვილზე

სოფელში წავედი. პარასკევს სამსახურის შემდეგ დავჯექი გაქუცულტყავიან  სამგზავრო ,,მარშუტკაში" გაზეთილი რომ აქვს უკვე საზურგე ეგეთში და  სოფელში წავედი. ჩაის ყიდვაც ვერ მოვახერხე. ორი კილომეტრი ფეხით ვიარე ჩემს სოფლამდე. არავინ შემხვედრია. კიდევ კარგი. ყველა შეამჩნევდა ჩემს მუცელს და დამიწყებდნენ გამოკითხვას როდის გათხოვდი, არაფერი გაგვიგია, ქმარი ვინ არის, ახლა რატომ ხარ მარტო და  . . .

ჭიშკარი ძლივს გავაღე. უშველებელი რკინის  ღრჭიალმა  ისედაც გააგებინა სოფელს ეზოში ადამიანის  შესვლა. კიბემდე არ ვიყავი მისული და მეზობლის ხმა მომყვა რომელი ხარ მანდ? მე ვარ მე! მართა! გავძახე უცებ და კიბეების უკან გადამალული გასაღების ძებნა დავიწყე.

 - შუქი ჩაჭრილია თქვენთან უკვე ერთი წელია, აქ დარჩი ამაღამ! - მომესმა დაბლიდან. უცებ გავბრაზდი, რა იციან ამ სოფელში ეს არამკითხე მოამბეობა. დამაცადონ მარტო ყოფნა.
 - ჩამოდი, ჩამოდი. ძაღლი დავაბით, გელოდებით - მომესმა მეზობლის ხმა ისევ.
 - მადლობა! სანთლები მაქვს წამოღებული. სახლში მინდა ყოფნა - დავუყვირე რატომღაც მეზობელს და კარებიც გავაღე.

ნესტის სუნმა სრიალა გველივით გამიარა ნესტოებში. შუა ოთახში დავჯექი. მალე დაბნელდებოდა. სანთელი არ მქონდა. არც გამსხენებია მეყიდა. აქ გავზრდი შვილს, გავიფიქრე და გამიხარდა. აქ, ამ სუფთა ჰაერზე და სუფთა ხალხში. ფერად-ფერადად შევღებავ ღობეებს, საღებავგადაცლილ ფანჯრის ხის ჩარჩოებს. ეზოში ყვავილებს მოვაშენებ ისევ. ხილი ისედაც უამრავია.  მერე საწოლზე მოვიკუნტე და ჩამეძინა.

დილით აივანზე მაგიდაზე ცხელი პური და ყველი დამხვდა. კიდე მალინა და მსხალი თეთრ ქათქათა ტილო გადაფარებული. მეზობელმა მომიტანა. დავჯექი კიბეებზე, მუცელზე დავიწყვე ხელები და ვიტირე. აქ უნდა გავზარდო ჩემი შვილი, უკვე მტკიცედ გადავწყვიტე.

ჭიშკარი გაჭრიალდა მეზობელი იყო. მუცლიდან ხელები ავიღე უცებ  რატომღაც. მომესალმა  - ჩამოსულიყავი წუხელ, გელოდით  - ისე მითხრა ვინანე, რომ არ ჩავედი.
 - რძე არ მოგიტანე, ვიცი არ სვამ, არადა ბავშვისთვის რძე კარგია,   - მითხრა და გამიღიმა.
ელდა მეცა, იციან! იციან! უკვე იციან! ეტყობა სახეზეც დამეტყო - ქალმა ისევ გამიღიმა.
შვილი საჩუქარია, შვილზე იფიქრე სხვა არაფერზე -  მითხრა და გვერდით დამიჯდა.

ხოდა, ჩემი გოგო ან ბიჭი აქ გაიზრდება  ჩემს სოფელში.

მამაზე და ამბებზე კიდევ სხვა დროს დავწერ. ახლა უნდა გავიარო ბავშვისთვის ცუდია დიდხანს რომ ვზივარ:)