среда, 23 августа 2023 г.

როცა

მაისი იყო, ჩემი თვე. დაბადების დღემაც ჩაიარა. მამას ინტერნეტით ვუკავშირდებოდი, სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა, დამპალი წელი იდგა კოვიდრეგულაციების და ვერ მოდიოდა, თან ავად იყო.

14 მაისი გათენდა, სამსახურში მორიგეობით მივდიოდით. ამ დღეს მე მიწევდა. დილით, ბანაობისას გული რამდენჯერმე თითქოს სადღაც გამეპარა, ცხელ წყალს დავაბრალე და ორთქლს.

სამსახურში, სადღაც  პირველ საათზე როცა ზუმის ჩართვა მქონდა მობილური აწკრიალდა, დედა მირეკავდა, ოღონდ მეზობელი დამელაპარაკა – მითხრა რომ მამაჩემი გარდაიცვალა. ჰო, პირველივე წინანდადებაში დაასრულა მთელი ამხელა ამბავი.

მშვიდად ავდექი, ზუმი გამოვრთე, ლეპტოპიც. მერე კომპიუტერზე  დაწყვე ხელები, ვუყურე თითებს და როდის–როდის ჩემს ძმას დავურეკე.

19 წლით უფროსი იყო ჩემზე. ერთხელ მაღაზიაში როცა მამა დავუძახე ყველას გაუკვირდა–ეს ახალგაზრდა კაცი მამაშენიაა???!!!

უჰ, როგორ სიამოვნებდა ასეთი რამეები.

ორი დღის წინ მისი ქურთუკი მეცვა, თვითონ მაჩუქა–მთლად ქალს არ გავხარ ამხელა ზედაში, მაგრამ რახან მოგწონს გქონდეს, – მითხრა.

მამაჩემს სჯეროდა თუ მე მოვინდომებდი მთას გადავდგამდი–უბრალოდ არ ინდომებ, – მეტყოდა ხოლმე.

მანქანას ატარებდა საშინლად სწრაფად, რიკოთზე გადმოვიფრენდით ხოლმე. მე არასდროს მიგვრძვნია მის წაყვანილ მანქანაში შიში.

სიცოცხლე უყვარდა, ეშინოდა სიკვდილის, არასდროს არ უთქვამს, მაგრამ ვგრძნობდი, თუნდაც ის რომ სიგარეტს არ ეწეოდა, ჯანსაღად იკვებებოდა, ფეხით კილომეტრებს გადიოდა ყოველდღიურად, ექვს თვეში ერთხელ გამოკვლევებზე დადიოდა.

დავაბარებდი კოკა–კოლას, მოჰქონდა ხილი–გაწურე, დააბლენდერე და დალიე–მეტყოდა J

ადრე სტუდენტობისას–ქუჩაში მოვდიოდი და მამას მანქანაში უცხო ქალი დავინახე, უკან, კუთხეში, უცნაურად აკრული სკამს. სამი წუთიც არ იქნებოდა გასული, მამა დამეწია. მანქანა გააჩერა, არ დავჯექი. სახლშიც არაფერი მითქვამს. მის შემდეგ ამ თემაზე საერთოდ არ გვისაუბრია. ჩავკეტე თავში ,,დავივიწყე“. სამაგიეროდ, ჩემს თავგადასავლებზე, მოწონებებზე, სიყვარულზე სულ ვუყვებოდი.

შარშან როცა ჩემი აბურდულ–დაბურდული პირადი ამბები  გულში ვეღარ დავიტიე და საფლავზე ავედი მოსაყოლად ეს ამბავიც გავიხსენე, თან ვარდები, რომლებიც ავიტანე, რადგან განსაკუთრებით უყვარდა, ფურცელ–ფურცელ დავპუტე ნერვიულობისგან. ვიცი ჩემს ისტორიაზე ის იქ ინერვიულებდა, მაგრამ უნდა მეთქვა, ისედაც მგონია რომ მხედავს და . . .

ახალი წელი უყვარდა, ალბათ ამიტომაც მიყვარს მეც განსაკუთრებით.

ცხელი ლავაშების შემოტანას სახლში მამაჩემის სუნიც მოჰყვება. კიდევ შაქარს როცა ვყრი ჩაიში, მისი ხმა ჩამესმის–უშაქრო დალიე.