среда, 6 сентября 2017 г.

ჩაი და ნაყინი

მარტო ვარ. ცხელ დღეებში კარგია მარტოობა - რომელმა სულელმა თქვა ნეტა? ალბათ მეათე ჭიქა ჩაის ვსვამ, არადა, ჯერ დილის თერთმეტი საათია. ათივე სხვადასხვანაირი ჭიქა მაგიდაზე დევს. მე დივანზე წამოპლაკული ვწერ. მერე გავალ და ყუთით ნაყინს ამოვიტან, ხოდა, ჩაი, ნაყინი, ნაყინი, ჩაი და ერთ კვირაში კბილებიც დამცვივდება. ახლა რა ვარ და უკბილო რა ვიქნები :) უკბილო ვიჩიფჩიფებ ჟუჟუნა ბებიასავით.

წავყოლოდი სოფელში.  რა შარშან ხომ ვიყავი, ხომ მესმოდა ვინ არის? ცოლი არ არის და რას დაყვება ეს გოგო, პატრონი არ ყავს?  ბებიას ეს ლაპარაკი რომ არ გამეგო ხმას აუწევდა ხოლმე, ვითომ ყურში არ ესმოდა და მეც თავს ვიკატუნებდი ვითომ არ გამიგია.  

სახლი აქვთ ხის, ხმელი და გვერდებშეწითლებული მზისგან. აი, იატაკზე რომ დადიხარ ჭრაჭუნებს და ოთახებში თითქოს მზეა გამოკეტილი, სუნი დგას სასწაული. ოთახში სადაც საწოლი გამიშალეს დიდი მაგიდა იდგა და მასზე ათასნაირი მწვანილი ხმებოდა, ცალკე ამ მწვანილების სურნელი და ოთახში შუაღამისას  რომ შევბარბაცდებოდი თავი სხვა სამყაროში მეგონა.

 - ჩემი მეგობარია, -  ასე გააცნო თავი ბებიას და ბაბუას. ბაბუამ გამიცინა, ბებია დიდხანს მაკვირდებოდა. ზემოთ სართულზე გამამწესეს. ასე გამმიჯნეს შვილიშვილისაგან. არ მოვეწონე მოხუცებს.სახლს დიდი ფანჯრები ქონდა და თეთრი გამჭირვალე ფარდები, ვიწექი და ფანჯრებს ვუყურებდი. აივანზე ყველაფერი ჩანდა. ის ღამე როგორ დამეძინა არ მახსოვს, იატაკის ჭრაჭუნმა გამაღვიძა - ძლივს დაიძინეს და გამოვეპარე, -  მითხრა და უცებ შემოწვა, ხმამაღლა ვერც ვიცინოდით, ჩუმად ვფხუკუნებდით ატლასის წითელგულა საბნის ქვეშ. რაც იქ ვიყავით სულ ასე აკეთებდა,ღამით სადღაც ორი საათისთვის ამოდიოდა და დილით ექვსზე ფეხაკრებით ბრუნდებოდა პირველ სართულზე. ორამდე ნიკაპზე მქონდა საბანი ამოწეული და თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი ფანჯრებს, ოდნავი მოძრავი ჩრდილი, რომელიც ძირითადად აივანზე ამოყოლებული ვაზის ფოთლები იყო  გულს მიხეთქავდა. ათი დღე გავჩერდით, მე წამოსვლა მინდოდა, მას არა. ჭადებიც დავაცხე და მთელი ეს ათი დღე ჭურჭელიც ვრეცხე, მაგრამ ვგრძნობდი მოხუცების გული მაინც ვერ მოვიგე. ოთახებსაც ვალაგებდი და მაყვალის მურაბაც გავაკეთე. წამოსვლისას ბებიამ სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი ხელი მომკიდა და მითხრა - შენი გულისთვის დარბოდა ეს ღამეები აღმა-დაღმა ჩემი შვილიშვილი. ჩვენ რომ არ დაგვენახა, ასე გიფრთხილდებოდა, ხოდა, ძვირფასი ხარ მისთვის და შენც გაუფრთხილდიო.


ეს შარშან იყო. წელს აღარ წავყევი. რომ ჩავიდა დამირეკა გიკითხესო, ცხადია მომატყუა:)ცუდია მარტოობა, მაგრამ მაინც კარგი ვქენი რომ არ წავყევი. ჩაი და ნაყინი, ნაყინი და ჩაი.

четверг, 15 июня 2017 г.

დამეწერა#2

 მომწერა შემხვდიო. შევხვდი. დავჯექით. სახე ხელისგულებში მოვიქციე და მივაშტერდი.
 - აღარ გიყვარვარ ხო? - მკითხა და თან არ მკითხა ტონით.
 - მოგეჩვიე, - ვუპასუხე.
 - მე ორივე, - თქვა ისევ უცნაური ტონით.
 - მეც ორივე,  - ვთქვი და გამეცინა. მასაც გაეცინა. სიგარეტის ღერი ხელში ნერვიულად დაატრიალა და ჩაახველა. ასე იცი ხოლმე როცა რაიმე მნიშვნელოვანის თქმას აპირებს. ზურგი ამეწვა.
 - შვილმა მითხრა გავიცანიო, - საუბრის ასეთ გაგრძელებას არ ველოდი.
 - ხო, სახლში მესტუმრა.
 - რატომ არ მითხარი?
 - რატომ უნდა მეთქვა? - გავღიზიანდი მე.
  - უნდა გეთქვა.
  - რატომ? რატომ? ხმას ავუწიე.
  - უნდა მცოდნოდა - თქვა მშვიდად და თითებით სიგარეტი გადატეხა. თუთუნი ფეხებზე დაეყარა. გადავიწიე, მუხლზე ხელი გადაუსვი.
 - კარგი გოგო გყავს - ვუთხარი.
 - მამის გოგოა - ისე მითხრა მუცელი ამეწვა.
 - ალბათ, ხო - ვითომ უდარდელი გავხდი უცებ.
 -  პატარაააა - გაეცინა და ჩოლკაზე მომეფერა. თავი გავწიე.
ვიღაც ამ დროს სამსახურიდან გარბის შვილებისთვის ფუნთუშების დასაცხობად, ვიღაც სარეცხს აუთოებს, ვიღაც აივანზე ჩაის სვამს და ქმარის აქეთ-იქით მიმოფანტული ტანსაცმელი არ აღიზიანებს, ვიღაც საცობშია და აივანზე გადმოკიდებული შვილის კედებზე ფიქრობს ქარმა ხომ არ წაიღო, ვიღაც ქურას ხეხავს, ვიღაც თმას ისწორებს და თან სარკეში თავს ათვალიერებს. ვიღაც სამშობიაოდან გამოწერეს და ხელში ვეღარ იჭერს ყვავილებს, გულში ემოციას, ძუძუში რძეს. მე კი ვზივარ, სამი შვილის მამას და სხვის ქმარს ვეკეკლუცები. ამეტირა.
 - უნდა წავიდე - ვთქვი უცებ და წამოვდექი.
 - წავიდეთ - ადგა, იდაყვზე ხელი მომკიდა და გამაჩერა.
 - არ წამომყვე, ახლა არ გამომყვე - სწრაფად გავედი.
მოვიხედე, მინაზე მიყრდნობილი იდგა და მიყურებდა.

მუდამ ასეა, ვიწყებ ურთიერთობას და მერე მახსენდება ამას რა მოყვება, მერე რა იქნება - ამბები, ჭორები, ყველა ზარზე თანამშრომლების გამოხედვები, კომენტარები, ,,სადაქალოში“ საუბარი ერთგულებაზე, ღირსებაზე, თავის დაფასებაზე და უმთავრესი, დაგვირგვინება  დასასრულით -  ოჯახი მაინც მთავარია, ყველა კაცი ბოლოს ოჯახს უბრუნდება. ამ დროს მე ვზივარ  მუცელში პეპლები  დაფარფატებენ და ერთი სული მაქვს აქედან როდის გავაღწევ და ვნახავ. 

вторник, 7 февраля 2017 г.

მე, სოფელი, მეზობელი და ფიქრები შვილზე # 6 არჩევანი

სამურაბე ვარდს ვარჩევდი აივანზე როცა ჭიშკარი გაჭრიალდა და ეზოში შემოვიდა. ველოდი, უკვე მეშვიდე დღეა ველოდი როდის მოვიდოდა.
 -  გადაწყვიტე რა გინდა, ვინ გინდა და სად გინდა ყოფნაო, - მითხრა მაშინ და წავიდა.
ხოდა, ეს შვიდი დღეა ყველაფერს ვაკეთებ, ღობე-ყორეს ვედები და არ ვფიქრობ, არ ვფიქრობ!
     გუშინ დათუ ამოვიდა. მთიდან ჩამოტანილი შავი ჩაი მომიტანა. საეჭვოდ ჩუმად იყო, ფარდას ვასწორებდი რომ მომიახლოვდა, უკან კისერთან ხშირი სუნთქვა ვიგრძენი, ვერ შემოვბრუნდი. ხელები მომხვია უკნიდან ჯვარედინად, ასე ხუთი წამი ვიდექით.
 - მიყვარხარ, - ვუთხარი მე და ამოვისუნთქე.
 - მეც, - მითხრა და ხელი გამიშვა.

    საღამოს დათუს დედამ მაწონი მოიტანა, მივხვდი მარტო მაწონისთვის არ იყო მოსული, ხან სუფრის კუთხე გაასწორა, ხან ბავშვს დასწვდა და მოეფერა. აფორიაქება ემჩნეოდა. მერე წინ დამიდგა და უცებ მკითხა - გიყვარს ჩემი შვილი?
ქალი, რომელიც მთელი ორსულობა მივლიდა და მპატრონობდა ახლა იდგა ჩემს წინ და  პასუხს ელოდა.
   - ხვალ სოფლიდან წავალ, - ამოვილუღლუღე რატომღაც.
    - კარგი, -  თქვა ქალმა და მივხვდი გაუხარდა.

დაბნელდა, სინათლე არც ამინთია. ბნელში ვიჯექი და დათუს დედაზე ვფიქრობდი. არ უნდა შვილიანი ქალი და მორჩა!
  ჭიშკარი გაჭრიალდა, მოვიკუნტე საწოლზე. დათუ იყო, ფანჯრიდან შემოიხედა, აივანზე სინათლე აანთო. დამიძახა, ზლაზვნით გავედი. იმ ღამით ჩემთან დარჩა, დილით ვუთხარი, რომ სოფლიდან მივდიოდი. უხმოდ ადგა, ჩაიცვა და გავიდა. ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ ვერ დავტოვებდი, ვერაფრით წავიდოდი.

 ხო, სამურაბე ვარდს ვარჩევდი როცა ის მოვიდა. აივანზე ამოსვლა არც ვაცალე.
 - აქ ვრჩები, ბავშვის სანახავად როცა გინდა ამოდი.
  - აქ რჩები? გაგიჟდი?
 - კი, ვრჩები!
 - ის შეგიყვარდა? ის მთის კაცი, - თქვა და ნერვიულად გადაიხარხარა.
 - ხო, შემიყვარდა.
 - არ იცი კაცების არჩევა, - ისევ გაიცინა.
 - არ ვიცოდი, უკვე ვისწავლე, - ვუთხარი და მომინდა წასულიყო, გამქრალიყო.
  - ბავშვს მაინც წავიყვან.
 - სხვა დროს გაგატან,
 - წამოდი, წამოდი, აქ ვერ გაჩერდები შენ და იბ ბიჭსაც ნუ აურევ ცხოვრებას. არ ხართ თქვენ ერთნაირები, ან როგორ უგებ, - საზიზღარი უდარდელობა ისევ გაჭღარუნდა ხმაში.
 - წადი!წადი - ხმას ავუწიე უცებ. წადი აქედან!

ბავშვს ძინავს. დაბნელდა.  აივანზე სინათლე ავანთე - ნიშანი არწასვლის.

вторник, 10 января 2017 г.

მე, სოფელი, მეზობელი და ფიქრები შვილზე # 5 - ვინ?

დილით ჩაი დავლიე. დათუ ვაბანავე, აივანზე ეტლში ვაწვენდი რომ მოვიდა.
ამოირბინა კიბეები და ამათვალიერა.
 -  ,,ჩემი კაბა" ჩაგიცვამს, - მითხრა და გაიცინა. უყვარდა ეს მწვანე კაბა, სასწაულად უყვარდა და რაღა დღეს ვეცი და ჩავიცვი, გავბრაზდი საკუთარ თავზე, თითქოს საგანგებოდ მისთვის გამოვეწყვე.
ბავშვს დახედა და გამოცრა.
 - მე მგავს!
 - ხო, გგავს,  - დავეთანხმე. იჭვნეულად გამომხედა.
  - მორჩილი გამხდარხარ, თვინიერი - ისევ ირონიულობა იგრძნობოდა ხმაში, თუმცა მე ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ უკვე ვიცოდი როცა ძალიან ნერვიულობდა მაშინ ხდებოდა ცინიკოსი.
ბავშვი აიყვანა.
 - რა დაარქვი?
 - დათუ.
 - მამაჩემის სახელი? - გაუხარდა.
 - ხო.
 - რატომ?
 - ისე.
ჭიშკარი გაჟღრიალდა.
 - ვინ უნდა იყოს? მკითხა და გაიხედა. აივანზე დათუ გამოჩნდა.
 - დათუ, არ წახვედი მთაში? - ვკითხე გაოცებულმა.
 - მამაჩემი წავიდა. წელს მე აღარ წავალ. აქ მაქვს საქმეები, მიგვიახლოვდა და მოგვესალმა. მერე მე გამომხედა გამიცინა და მითხრა - ეს კაბა გიხდება, აქამდე რატომ არ იცმევდი?  უფფ, რა ალალი იყო ამ დროს. მოფერება მომინდა.
მერე სამივე გავჩუმდით და ასე ოცი წამი უხერხულად ვიდექით.
 - ჩაის დაგალევინებთ, - ვთქვი და ოთახში შევედი.
ჩაიდანი გაზქურაზე დავადგი, მურაბა,ჭიქები ავიღე და გამოვედი. დათუ არ დამხვდა.
 - დათუ სად არის?
 - ჩავაწვინე, - ისე მიპასუხა თითქოს ვერ მიხვდა ვინ ვიგულისხმე.
 - დიდი დათუ, - გავუმეორე ისევ.
 -აა, ის? არ ვიცი წავიდა, - თქვა და გაეცინა.
ჩაი მოსვა, მანამდე დიდხან აწკარუნა კოვზი ჭიქაში. ზუსტად იცოდა, რომ ეს ხმა მაცოფებდა. მე სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. სკამი გამოვწიე, წინ დავუჯექი და ჩაი მოვსვი.  - ხვალ ბავშვს წავიყვან დედაჩემთან, - მითხრა და ვიგრძენი მუხლები ამიკანკალდა.
 - არა, - წარმოვთქვი მშვიდად და მუხლებზე ხელები დავაჭირე კანკალი რომ არ შემჩნეოდა.
გადმოიხარა, მუხლებზე და ხელებზე თავი დამადო. არ გავნძრეულვარ.
 - უფ, რა ცუდად მოვიქეცი, დამპლურად არა? -მკითხა ისე, რომ თავი არ აუწევია. ზემოდან ვუყურებდი მის მხრებს, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაფორიაქებდა და სულ რომ გაყინული ქონდა. კეფიდან ხელის ჩავაყოლება მომინდა და რატომღაც  ვთქვი
 -  ადექი ფეხები მეტკინა. შეცბა და წამოდგა.
მეზობლის ეზოდან ძაღლის გაბმული ყეფა ისმოდა, ორღობეში ვიღაც წიოკობდა.
 - აქ დიდხანს ვერ გაჩერდები, - თქვა და მესმოდა როგორ ჩაირბინა კიბეები, გააღო ჭიშკარი ხათქა-ხუთქით, დაქოქა მანქანა და წავიდა.
მომინდა ცოდნოდა რომ  აქ რა კარგად ვიყავი, კარგად და გადასარევად!