среда, 6 сентября 2017 г.

ჩაი და ნაყინი

მარტო ვარ. ცხელ დღეებში კარგია მარტოობა - რომელმა სულელმა თქვა ნეტა? ალბათ მეათე ჭიქა ჩაის ვსვამ, არადა, ჯერ დილის თერთმეტი საათია. ათივე სხვადასხვანაირი ჭიქა მაგიდაზე დევს. მე დივანზე წამოპლაკული ვწერ. მერე გავალ და ყუთით ნაყინს ამოვიტან, ხოდა, ჩაი, ნაყინი, ნაყინი, ჩაი და ერთ კვირაში კბილებიც დამცვივდება. ახლა რა ვარ და უკბილო რა ვიქნები :) უკბილო ვიჩიფჩიფებ ჟუჟუნა ბებიასავით.

წავყოლოდი სოფელში.  რა შარშან ხომ ვიყავი, ხომ მესმოდა ვინ არის? ცოლი არ არის და რას დაყვება ეს გოგო, პატრონი არ ყავს?  ბებიას ეს ლაპარაკი რომ არ გამეგო ხმას აუწევდა ხოლმე, ვითომ ყურში არ ესმოდა და მეც თავს ვიკატუნებდი ვითომ არ გამიგია.  

სახლი აქვთ ხის, ხმელი და გვერდებშეწითლებული მზისგან. აი, იატაკზე რომ დადიხარ ჭრაჭუნებს და ოთახებში თითქოს მზეა გამოკეტილი, სუნი დგას სასწაული. ოთახში სადაც საწოლი გამიშალეს დიდი მაგიდა იდგა და მასზე ათასნაირი მწვანილი ხმებოდა, ცალკე ამ მწვანილების სურნელი და ოთახში შუაღამისას  რომ შევბარბაცდებოდი თავი სხვა სამყაროში მეგონა.

 - ჩემი მეგობარია, -  ასე გააცნო თავი ბებიას და ბაბუას. ბაბუამ გამიცინა, ბებია დიდხანს მაკვირდებოდა. ზემოთ სართულზე გამამწესეს. ასე გამმიჯნეს შვილიშვილისაგან. არ მოვეწონე მოხუცებს.სახლს დიდი ფანჯრები ქონდა და თეთრი გამჭირვალე ფარდები, ვიწექი და ფანჯრებს ვუყურებდი. აივანზე ყველაფერი ჩანდა. ის ღამე როგორ დამეძინა არ მახსოვს, იატაკის ჭრაჭუნმა გამაღვიძა - ძლივს დაიძინეს და გამოვეპარე, -  მითხრა და უცებ შემოწვა, ხმამაღლა ვერც ვიცინოდით, ჩუმად ვფხუკუნებდით ატლასის წითელგულა საბნის ქვეშ. რაც იქ ვიყავით სულ ასე აკეთებდა,ღამით სადღაც ორი საათისთვის ამოდიოდა და დილით ექვსზე ფეხაკრებით ბრუნდებოდა პირველ სართულზე. ორამდე ნიკაპზე მქონდა საბანი ამოწეული და თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი ფანჯრებს, ოდნავი მოძრავი ჩრდილი, რომელიც ძირითადად აივანზე ამოყოლებული ვაზის ფოთლები იყო  გულს მიხეთქავდა. ათი დღე გავჩერდით, მე წამოსვლა მინდოდა, მას არა. ჭადებიც დავაცხე და მთელი ეს ათი დღე ჭურჭელიც ვრეცხე, მაგრამ ვგრძნობდი მოხუცების გული მაინც ვერ მოვიგე. ოთახებსაც ვალაგებდი და მაყვალის მურაბაც გავაკეთე. წამოსვლისას ბებიამ სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი ხელი მომკიდა და მითხრა - შენი გულისთვის დარბოდა ეს ღამეები აღმა-დაღმა ჩემი შვილიშვილი. ჩვენ რომ არ დაგვენახა, ასე გიფრთხილდებოდა, ხოდა, ძვირფასი ხარ მისთვის და შენც გაუფრთხილდიო.


ეს შარშან იყო. წელს აღარ წავყევი. რომ ჩავიდა დამირეკა გიკითხესო, ცხადია მომატყუა:)ცუდია მარტოობა, მაგრამ მაინც კარგი ვქენი რომ არ წავყევი. ჩაი და ნაყინი, ნაყინი და ჩაი.

Комментариев нет: