четверг, 8 июня 2023 г.

მუსიკის ფონზედ წასაკითხი, როცა მუცელში ნაწლავები პეპლებად გადაიქცა

ეს ტექსტი მანანა მენაბდეს ,,სტვენს ბულბული" თანმხლებით უნდა წაიკითხოთ!!!!!

იმდენი ვიბოდიალე ტყეში, სანამ არ მომბეზრდა, ტყე კი არასდროს არ მომწყინდება თქო მეგონა. 

ან მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ტყის ხის სახლში მელოდა. ონლაინ ჩართვა ჰქონდა და დავტოვე. შევთანხმდით მობილურებიც კი არ უნდა წამოგვეღო, მაგრამ საბოლოოდ ასე არ გამოდიოდა, მაშინ სულ ვერ წამოვიდოდით, ამიტომაც გადაწყდა მობილურების წამოღება და უკიდურესი გაჭირვებისა თუ უბედურების დროს გამოყენება. ჰოდა, ეს ონლაინ ჩართვა იყო ასეთი. მის გარეშე რომ  არ ჩაივლიდა და არდასწრება მთლად უბედურების თუ არა კარგის მომტანის არაფრის იყო, ჰოდა ზუმის შეტყობინების  ზარიც გაისმა და ხის კარიც უხეშად გამოვიჯახუნე. 

სამი საათიაა დავხეტიალობ.  

ვიცი, რომ დავბრუნდები უთვალავი კოცნები მელოდება. წინასწარ ვგრძნობ ამ განცდას და  ირგვლივ სასწაულად ლამაზი ტყე და მე კიდევ უფრო სასწაულად ლამაზი მეჩვენება. 

ასე მგონია ახლა დათვი, მგელი, ვეფხი, ლომი სპილო, ორანგუტანი, რავი ყველა მხეციც რომ შემხვდეს არაფერს მიზამს. უჰჰ, შეყვარებულია ეს გოგო გაიფიქრებენ და ნელ–ნელა გაიკრიფებიან. მიხვდებიან ანთებულ თვალებზე და ცხელ მუცელზე. (შეხების შემთხვევაში)   

მამაჩემი უმალ ხვდებოდა ჩემს მსგავს ,,გადარევებს" და როცა აბსოლიტურად სხვა ისტორიების მოყოლას დავიწყებდი რაც გულში მქონდა იმის დასაფარად, თავისებურად ჩაიცინებდა ხოლმე. ამ ჩაცინებით უკვე ვიცოდი რომ ყველაფერს მიხვდა, მეგონა ისიც კი იცოდა რა უნდა მეთქვა და რასაც არ ვამბობდი. მაგრამ ეს ტექსტი მამაზე არაა, მასზეა. 

მას, რომელიც ტყეში, ხის პატარა სახლში მიცდიდა კოცნების მეფე დავარქვი. 

ეს მოსახვევიც და  ქოხთან ვარ. 

ამასობაში მუსიკაც დასრულდა, ხო?  სახლის ზღუბლზე ჩემს ფეხთან ხმელმა ფიცარმაც გაიჭრიალა. აბა ჰე!