вторник, 22 мая 2012 г.

დღეს დავლევ! ბევრს დავლევ და ბევრს ვიტირებ.
ახლაც მინდა ვიტირო, მაგრამ სამსახურში ვზივარ.
ასე მძიმედ ალბათ წელიწადში ერთხელ ვარ, ნიკაპი მეტკინა. ჯერ მომინდა ეს ვინმესთვის მეთქვა. ,,ეს" რა არის ვერ ვიტყვი:( ხოდა მომინდა უცნობი ადამიანისთვის მომეყოლა, მერე გადავიფიქრე. ახლობლებს ვერც მოუყვები.
როცა არ ტირიხარ თურმე და ცრემლებს უკან აბრუნებ სითხე ცხვირიდან გამოდის ეტყობა, მოვიძვრე ცხვირი.
თათბირი გვქონდა, ღმერთო რა უაზროა ყველაფერი. გეკითხებიან პასსუხობ, ლაპარაკობ და გრძნობ გული იბერება, იბერება და გრძნობ მალე გასკდება. ღრმად ამოისუნთქებ და ცოტა მოგეშვება. ახლა მართლა მინდა გასკდეს და მორჩა ყველაფერი, უბრალოდ ჩემები მეცოდებიან, იმათ ადგილზე წარმოვიდგინე თავი.
დღეს დავლევ! ბევრს დავლევ და უფრო ბევრს ვიტირებ.

вторник, 15 мая 2012 г.

საიდან სად

რას ვწერ, რატომ ვწერ, რისთვის ვწერ, ან რა აზრი აქვს ამ ყველაფერს.
სიკვდილის მეშინია, არა კი არ მეშინია არ მინდა სიკვდილი!
ახლა, რამე რომ დამემართოს ატყდება ამბავი, წინათრგძნობა ჰქონდაოო, რაები დაუწერიაო, არადა ცუდ ხასიათზე ვარ ახლა უბრალოდ, ამიტომაც ვწერ ასე:)
სოფელში იასამანი ყვავის და ისეთი სუნი დგასსსსსსსსს!
გადამწვანებულია მთელი ეზო. ამ დროს არც სამსახური მინდა და არც არაფერი. მინდა სოფელი,ბაყაყების გაუთავებელი ყიყინით, ჭრიჭინების ჭრიჭინით, ქათმების კრიახითა და ძაღლების ყეფით.
ყვითელი ყვავილებით და ბაბუაწვერებით სავსეა ახლა ჩემი ეზო.
მე ვზივარ კომპიუტერის წინ თავგამოლაყებული და ვმუშაობ.
ჩემს სოფელში კი ვიღაცის ეზოში ფერადი სარეცხი შრება. კაკლის ძირში მოხუცები სხედან, ზოგი ხახვს არჩევს, ზოგი წინდებს კემსავს.
ვარდიკო ბებია ბოსტანს სარეველა ბალახებს აშორებს, მარო ბებიას აივანზე საბნებია გასამზიურებლად გადმოფენილი. თამთა ტყემლის ხეზეა უკვე და ყუნწშივე ჭამს ციცქნა ნაყოფს.
სოფელში მინდა რაა, ხასიათიც ამიტომ მაქვს მოჟამული.
და ბოლოს - Пожалуйста, верьте в себя, любите, ничего не бойтесь, будьте свободными, рискуйте. Понимаете, жизнь такая штука, что вроде бы ты вот молодой, молодой, молодой, а потом бац — и конец. Оглядываешься и думаешь о том, как много всего не сделал потому что боялся, стеснялся, струсил. Не надо ничего бояться. Рискуйте. Пусть даже вы ошибётесь. Это жизнь. И главное, конечно, любите друг друга. Всегда, каждую минуту. Людмила Гурченко

четверг, 10 мая 2012 г.

მწვანე ფიქრები

მწვანე ვნახე, რაღაც მხრებში მოხრილი მომეჩვენა, უფრო დასუსტებული.
- ნაღველი მაწუხებსო - მითხრა და გაიცინა.
წუწუნს არც ველოდი მისგან, მეც გაუღიმე. მოფერება მომინდა, მივეკარი და რატომღაც ამეტირა. ზურგზე ხელი მომხვია და მიჩურჩულა - გგონია კვდები? - ეს მინდოდა კიდევ! უფრო ამეტირა, თვითონ კი ახარხარდა.
ოთხი წლის წინ დავშორდით. თვითონ დამშორდა თორემ მე სულ შიგნით მყავდა, ვერ ამოვიღე თავიდან, ორჯერ ვცადე სხვასთან ამეწყო, არ გამომივიდა. ბოლო წელიწადნახევარია მარტო ვარ. სახლი სამსახური, სამსახური სახლი. გოგოებთან საღამოობით ჭორაობა, გაუთავებელი დარდი მარტოობაზე. სახლში დაბრუნება და ფიქრი ისევ მწვანეზე.
იმ ღამეს ამოვიდა, პირველი იყო დაწყებული. სათვალთვალოდან რომ გავიხედე მუხლები მომეკეცა. გამეხარდა. რაღა ახლა ჩავიცვი ეს აჯაჯული პიჟამოები გავიფიქრე და კარებიც გავაღე. მოხრილი შემოვიდა და გამიცინა.
- აქ დავწვები, არ შეგაწუხებ - მითხრა და მდივანზე მიწვა.
- ჩაი გინდა? - ვკითხე არაო თავი გამიქნია.
მე მინდოდა, სამზარეულოში გავედი და მოვიდუღე. შემოვიდა ფანჯრის რაფას მიეყრდნო და მომაჩერდა.
- არა რა უცებ დამივიწყე, გოგოებმა მითხრეს ახლაც არ ახვიდე ის ყავს სახლშიო - თქვა და მგონი არ მომჩვენებია დარდობდა.
- მერე რატომ ამოდი?
- რავიი, არ დაუჯერე გოგოებს.
- ჯობდა დაგეჯერებინა..
- მართალა გყავს ვინმე ? - მითხრა და მგონი გაფითრდა. არ უპასუხე, უკან დამიდგა, უცნაურად სუნთქავდა. არ მოვხედე. უკვე მერამდენედაა, მოდის ვიღებ, მერე კი თვეობით იკარგება.
- დაჯექი ჩაი დალიე - უთხარი ისევ.
- ვინ არის ვიცნობ? - სახე ყურთან მომიტანა და ჩურჩულით მკითხა.
ჩაი გადამცდაა, ზურგზე ხელი მომისვა და მე გავიზნიქე.
- არ იცნობ -
- ვინაა? - ხმას სისინა ბგერებიც გამოაყოლა.
- წადი! - უთხარი რატომღაც.
ვიცოდი, რომ მაშინვე წავიდოდა , რაც არ მინდოდა, მაგრამ მაინც ვთქვი. კარები ფრთხილად გაიხურა. უკვე სამი საათი იყო დაწყებული.
მეორე დღით გოგოებმა კაფეში ჭორაობისას თქვეს, რომ მწვანე წუხელ ერთ - ერთ მათგანთან დარჩენილა.
- სამი საათია გარეთ ვდგავარ და ამოსვლას ვერ ვბედავდიო - ასე მითხრა, ტკრციალებდა ის გოგო, გრძელი იყო და რაღაცნაირი სასიამოვნო.
ყოველთვის მეგონა რომ მწვანეს ძუძუებიანი გოგოები მოწონდა, თურმე . . .
- მოვიდა, მოგაკითხა!!! - ახმაურდა უცებ ჩემი მაგიდა, გოგოები წამოიშალნებნ, მწვანე იყო. იმ გრძელს აკოცა და ჩემს პირდაპირ დაჯდა. ვისკი მოითხოვა, გული გადამიქანდა. მის ნაღველს კიდევ ვისკი უნდა. მოუტანეს.
- არ დალიო!!!! - !
- კი არ ვთქვი ვიყვირე. ყველამ შემომხედა. მწვანემ ჭიქა ხელში აიღო და მშვიდად მითხრა - არ ვსვამ -
კიდევ ცოტა ხანს ვიჯექი, მერე ყველას დავემშვიდობე და წამოვედი. მწვანე სასმელს არც გაკარებია.
არ შეუძლია ამ კაცს ერთგულება, არ შეუძლია ერთი ქალი ყავდეს და რას ვეტენები! თავს ვლანძღავდი მთელი გზა. დაელია ის ვისკი რა მაყვირებდა. 32 წლის ხარ და ჭკუა ვერ ისწავლე რაა, გვემა მქონდა საკუთარი თავის.
სტატია მქონდა დასამთავრებელი, გვიანობამდე ვწერე.შავი ჩაი ჩამომიტანა აზერბაიჯანელმა მეგობარმა, დავაყენე, მდივანზე მოვკალათდი და ქაფქაფა ჩაის ნეტარებით მოვსვი.
ბევრი არაფერი მჭირდება ბედნიერებისთვის. ცხელმა ჩაიმ კარგ გუნებაზე დამაყენა, პირველი სრულდებოდა, სადმე ხომ არ გავიდე? გავიფიქრე და კიბეებს ჩაუყევი. ცივი ღამე იყო. მწვანე გრძელთან არის გავიფიქრე და გული დამწყდა.
,,ჩემს“ კაფეს მივაკითხე. აქა-იქ იჯდნენ, უმეტესად წყვილები. ვისკი მოვითხოვე. მოწრუპე. ოთხი იყო დაწყებული კაფე რომ დავტოვე. ციოდა. მწვანეს დაურეკე. გამორთული ქონდა მობილური. გრძელთანაა გავიფიქრე და გული ამერია. სახლამდე ძლივს მივაღწიე. გვიან გამეღვიძა, თორმეტი იყო დაწყებული.
სამსახური, სტატიები, სახლამდე ამოვლასლასდი და დავიძინე. მეორე დღესაც სტატია მქონდა გასაკეთებელი. ტელეფონი გამოვრთე და მთელი დღე ვწერე, ღამით მოვრჩი.
დილით ტელეფონის მაღვიძარას ხმამ რომ არ გამომაღვიძა გამიკვირდა, ნახევრად მძინარემ ძლივს მოვძებნე მობილური და ჩავრთე. უამრავი ზარი იყო. მწვანესაც დაურეკავს, გადაურეკე იმ წამსვე. გამორთული ჰქონდა.
სამსახურში ჩვეული რიტმი არ დამხვდა. გოგოებმა რაღაც უცნაურად შემომხედეს როცა ოთახში შევედი, კომპიუტერებიდან თავი მოაბრუნეს და ოთხივემ ერთბაშად შეწყვიტა კლავიატურაზე წკაპა-წკუპი. ჩემს ადგილზე დავჯექი.
- რა მოხდა?! - ვეღარ მოვითმინე და გოგოებს მოვხედე. ტიროდნენ.
გალობდნენ მონაზვნები. კედელს მივეყუდე. გარედან შევხედე კუბოს. მწვანეს თავის საყვარელი პერანგი ეცვა თეთრი ღილებით.
მე უიმისოდ უნდა მეცხოვრა, თუმცა ისედაც უიმისოდ არ ვცხოვრობდი.

понедельник, 7 мая 2012 г.

პელაგია

სოფელში ავედი, მეზობელმა მეორე საღამოს თავისთან დამპატიჟა, ფხალზე და მჭადზე. გავქანდი. ბებიას ნაქონი რეზინის კალოშებით და ჩვეულად აჩაჩულ-დაჩაჩული.
ხის სამზარეულოში მწვანილის და ჭინჭრის სუნი დგას. მაგიდასთან ორი უცხო ქალი ზის, ვესალმები. სუფრაც იშლება, ქალებს მაცნობენ, მეზობელი სოფლიდან არიან, ან რაში მაინტერესებს. მეორე ლუკმაზე ქალის კითხვა - რას საქმიანობთ? პილპილივით მომყვა პირში.
ჯერ ვერ მივხვდი მართლა მე მეკითხებოდა თუ არა, ავხედე, მართლა მე მომმართავდა. უპასუხე.
- რომელ საათამდე მუშაობთ? ისევ ვუპასუხე.
- სახლის საქმეებს როდის ასწრებთ? ჭირის ოფლი მასხამს, ვიღას ახსოვს ფხალი და მჭადი.
- შაბათ-კვირას ვიცლი, თავის მართლებასავით გამოდის.
- რომ გათხოვდები მერე რას იზამ? - არ ცხრება ქალი.
- მერე უკეთესი იქნება, ქმარი მომეხმარება და რაც მეჯავრება ჭურჭლის დარეცხვაც აღარ მომიწევს - ვამბობ და ვიღიმები.ქალიც მიღიმის.
- რამდენი წლის ხარ? გრძელდება დაკითხვა. ვპასუხობ.
- ხელსაქმე იცი რამე? - ისევ ვპასუხობ და თან ვიტყუები ქსოვაც ვიცი და ქარგვაც თქო:))) ოოო რა მორჩილი ვარ, ჩემი თავის მიკვირს.
- ისეთი ასაკის ხარ თვალი უნდა დახუჭო ბევრ რამეზე ძვირფასო - მეუბნება აქტიური ქალი და სიტყვებს პრანჭავს.
- მაინც რაზე უნდა დავხუჭი თვალი? უცებ წყალში ვყრი ჩემს აქამდე გამოვლენილ კლდემამოსილებას და ვსისინებ. ქალი დაიბნა, მგონი ჩემ ჯერი დადგა.
მეორე ქალი ჩუმად ზის, მათვალიერებს. აქტიური არ იმჩნევს ნოკაუტს და ისევ მიტევს - რაზე და სოფელში რომ ცხოვრობს იმაზე,შენ ისე კარგი ბებია გყავდაა - გადადის სხვა ლიანდაგზე უცებ.
- მეც სოფელში ვცხოვრობ - ვეუბნები და მეცინება. პელაგიას მათხოვებენ. ჩუმად მჯდომი ქალი სასიძოს დედაა , აქტიური მაჭანკალი. ძალიან მინდა ისეთი რამ გავაკეთო ქალებს ჩემთან საუბრის ნირს რომ დაუკარგავს, მაგრამ ბებიას სახელი არ მაძლევს ამის საშუალებას. ფხალს ჩუმად ვჭამ, ჭადსაც. მადლობას ვამბობ და ვდგები. ყველა გაოცებული მიყურებს, არ ფიქრობდნენ, რომ ავდგებოდი.
ჩუმი ქალის შვილზე ვფიქრობ, სადაა ახლა ნეტა. ან იცის საერთოდ დედა რომ სარძლოს მოსაძებნად დადის? ორღობეში მანქანა იდგა, მერე მითხრეს იმ ბიჭის ყოფილა, დედა ამოუყვანია. თვინიერი ბიჭი, ჭურჭლის დარეცხვაში ნამდვილად მომეხმარებოდა, რას ავხტი ნეტა!!!!