понедельник, 7 мая 2012 г.

პელაგია

სოფელში ავედი, მეზობელმა მეორე საღამოს თავისთან დამპატიჟა, ფხალზე და მჭადზე. გავქანდი. ბებიას ნაქონი რეზინის კალოშებით და ჩვეულად აჩაჩულ-დაჩაჩული.
ხის სამზარეულოში მწვანილის და ჭინჭრის სუნი დგას. მაგიდასთან ორი უცხო ქალი ზის, ვესალმები. სუფრაც იშლება, ქალებს მაცნობენ, მეზობელი სოფლიდან არიან, ან რაში მაინტერესებს. მეორე ლუკმაზე ქალის კითხვა - რას საქმიანობთ? პილპილივით მომყვა პირში.
ჯერ ვერ მივხვდი მართლა მე მეკითხებოდა თუ არა, ავხედე, მართლა მე მომმართავდა. უპასუხე.
- რომელ საათამდე მუშაობთ? ისევ ვუპასუხე.
- სახლის საქმეებს როდის ასწრებთ? ჭირის ოფლი მასხამს, ვიღას ახსოვს ფხალი და მჭადი.
- შაბათ-კვირას ვიცლი, თავის მართლებასავით გამოდის.
- რომ გათხოვდები მერე რას იზამ? - არ ცხრება ქალი.
- მერე უკეთესი იქნება, ქმარი მომეხმარება და რაც მეჯავრება ჭურჭლის დარეცხვაც აღარ მომიწევს - ვამბობ და ვიღიმები.ქალიც მიღიმის.
- რამდენი წლის ხარ? გრძელდება დაკითხვა. ვპასუხობ.
- ხელსაქმე იცი რამე? - ისევ ვპასუხობ და თან ვიტყუები ქსოვაც ვიცი და ქარგვაც თქო:))) ოოო რა მორჩილი ვარ, ჩემი თავის მიკვირს.
- ისეთი ასაკის ხარ თვალი უნდა დახუჭო ბევრ რამეზე ძვირფასო - მეუბნება აქტიური ქალი და სიტყვებს პრანჭავს.
- მაინც რაზე უნდა დავხუჭი თვალი? უცებ წყალში ვყრი ჩემს აქამდე გამოვლენილ კლდემამოსილებას და ვსისინებ. ქალი დაიბნა, მგონი ჩემ ჯერი დადგა.
მეორე ქალი ჩუმად ზის, მათვალიერებს. აქტიური არ იმჩნევს ნოკაუტს და ისევ მიტევს - რაზე და სოფელში რომ ცხოვრობს იმაზე,შენ ისე კარგი ბებია გყავდაა - გადადის სხვა ლიანდაგზე უცებ.
- მეც სოფელში ვცხოვრობ - ვეუბნები და მეცინება. პელაგიას მათხოვებენ. ჩუმად მჯდომი ქალი სასიძოს დედაა , აქტიური მაჭანკალი. ძალიან მინდა ისეთი რამ გავაკეთო ქალებს ჩემთან საუბრის ნირს რომ დაუკარგავს, მაგრამ ბებიას სახელი არ მაძლევს ამის საშუალებას. ფხალს ჩუმად ვჭამ, ჭადსაც. მადლობას ვამბობ და ვდგები. ყველა გაოცებული მიყურებს, არ ფიქრობდნენ, რომ ავდგებოდი.
ჩუმი ქალის შვილზე ვფიქრობ, სადაა ახლა ნეტა. ან იცის საერთოდ დედა რომ სარძლოს მოსაძებნად დადის? ორღობეში მანქანა იდგა, მერე მითხრეს იმ ბიჭის ყოფილა, დედა ამოუყვანია. თვინიერი ბიჭი, ჭურჭლის დარეცხვაში ნამდვილად მომეხმარებოდა, რას ავხტი ნეტა!!!!

Комментариев нет: