пятница, 14 сентября 2012 г.

ხელისგული


ხელი, რომ გადავწიე და სიცარიელე დამხვდა მივხვდი სხვაგან ვიყავი. თვალები გავახილე და სტუდიაში მეძინა თუ საძინებელში ვერ გავარკვიე.  საწოლიც არ გავდა ნამდვილ საწოლს.  არ იყო ჩემი ლოგინივით ფუმფულა და რბილი. ხმელ ტახტზე ვიწექი.  ირგვლივ უამრავი აპარატურა, დისკები, შნურები, ფოტოაპარატები და ყურსასმენები ეწყო - ეკიდა.  კომპიუტერები და ფოტოები კედლებზე.  გამახსენდა წუხელ ვიღაც მწვანე მაისურიანს ვეცეკვებოდი ბოლოს. ალბათ მის სახლში ვარ,  ჩემი ტანსაცმელი დენის ,,შნურზე'' იყო გადაკორწიალებული.  მე კიდე ჭაობისფერი მაისური მეცვა გრძელი, ეტყობა მისი. არაფერი მახსოვდა, თუმცა კარგად ვიყავი. ვინ არის ნეტავ? - გავიფიქრე და გამახსენდა როგორ ვეკვროდ-ვეტმასნებოდი და რაღაცნაირად, რომ ცდილობდა შევეკავებინე. გამახსენდა თუ წუხანდელი მოძრაობები შევიგრძენი ვერ გავარჩიე. გამახსენდა, როგორ დააფარა ხელისგული ჩემი სასმელის ჭიქას და მაგიდიდან წამომაყენა. ერთხელაც არ უკოცნია ან წამოწეულა ჩემსკენ, მხოლოდ წელზე მომხვია ორივე ხელი და ამწია. გამახსენდა ვუძალიანდებოდი, ვფართხალებდი, მაგრამ ბარიდან მაინც გამომიყვანა.