пятница, 14 сентября 2012 г.

ხელისგული


ხელი, რომ გადავწიე და სიცარიელე დამხვდა მივხვდი სხვაგან ვიყავი. თვალები გავახილე და სტუდიაში მეძინა თუ საძინებელში ვერ გავარკვიე.  საწოლიც არ გავდა ნამდვილ საწოლს.  არ იყო ჩემი ლოგინივით ფუმფულა და რბილი. ხმელ ტახტზე ვიწექი.  ირგვლივ უამრავი აპარატურა, დისკები, შნურები, ფოტოაპარატები და ყურსასმენები ეწყო - ეკიდა.  კომპიუტერები და ფოტოები კედლებზე.  გამახსენდა წუხელ ვიღაც მწვანე მაისურიანს ვეცეკვებოდი ბოლოს. ალბათ მის სახლში ვარ,  ჩემი ტანსაცმელი დენის ,,შნურზე'' იყო გადაკორწიალებული.  მე კიდე ჭაობისფერი მაისური მეცვა გრძელი, ეტყობა მისი. არაფერი მახსოვდა, თუმცა კარგად ვიყავი. ვინ არის ნეტავ? - გავიფიქრე და გამახსენდა როგორ ვეკვროდ-ვეტმასნებოდი და რაღაცნაირად, რომ ცდილობდა შევეკავებინე. გამახსენდა თუ წუხანდელი მოძრაობები შევიგრძენი ვერ გავარჩიე. გამახსენდა, როგორ დააფარა ხელისგული ჩემი სასმელის ჭიქას და მაგიდიდან წამომაყენა. ერთხელაც არ უკოცნია ან წამოწეულა ჩემსკენ, მხოლოდ წელზე მომხვია ორივე ხელი და ამწია. გამახსენდა ვუძალიანდებოდი, ვფართხალებდი, მაგრამ ბარიდან მაინც გამომიყვანა.
თერთმეტის ნახევარია. სამსახური არ მაქვს. ოთახშიც არავინ შემოდის. ვწევარ და ვფიქრობ თუ რა აუტანელი ვარ. ავდექი და კომპიუტერთან დაუდევრად დაგდებული ბლოკნოტის ფურცელზე წარწერაც წავიკითხე - გასაღები კარებთან ყუთში ჩადეთ. სჯობს ასე მეორედ აღარ დალიოთ:) ნახვამდის.  ტანსაცმელი ფართხ-ფურთით ჩავიცვი და კიბეებზე დავეშვი. სად ვარ ნეტა, ირგვლივ მიმოვიხედე,  ტაქსიში ჩავხტი და სახლში გავქანდი.
დედაჩემმა დამირეკა. მერე ვიტირე და ჩამეძინა.
საქმე არაფერი მაქვს. დავდექი ფანჯარასთან და წუხანდელი საღამოს გახსენებას შევეცადე.  ვერაფერი აღვიდგინე,  ვერც იმ მწვანე მაისურიანის სახე.  ეს მწვანე ფერი ჩამრჩა მარტო გონებაში. ამაღამაც იქ წავალ იქნებ ვნახო, მივიღე გადაწყვეტილება და თითქოს დავმშვიდდი. ვნახო და მერე რა გავიფიქრე ისევ? რა მოხდა წუხელ! რა მოხდა წუხელ! უროს ხმაურით დახრიგინობდა ეს კითხვა თავში.
ბარში თორმეტისთვის წავედი. ისევ იმ მაგიდაზე დავჯექი და მინერალური წყალი შევ უკვეთე. მერე ვიცეკვე. თვალი კარებისკენ მეჭირა. არ ჩანდა. იქნებ აქ არც დადის და გუშინ ჩემსავით შემოეხეტა. მელოტი ბიჭი ჩამომიჯდა მაგიდასთან. სასმელი შემომთავაზა. უარი ვუთხარი. მერე ერთად ვიცეკვეთ. მაგიდასთან დავბრუნდით და ბიჭმა ფეხბურთზე დაიწყო ლაპარაკი. ხვალ მაგარი მატჩია და წამოდიო. კაი მეთქი დავეთანხმე. არადა, მე და ფეხბურთი!! მერე რა მაგარი ,,ზაგარი" გაქვსო და ზურგზე ხელი ჩამომისვა. გავიზნიქე. წელთან მალის დაბოლოებაზე გააჩერა ხელი და თითები აფათურაა. მესიამოვნა, თუმცა ხელი მაინც ავაწევინე.
- რა პრიალა ხარ - უკვე ყურის ბიბილოზეც ვიგრძენი ტუჩი და გული ამერია. ძლივს შევასწარი ტუალეტში. ისევ მაგიდასთან დამხვდა, სასმელი ჩემთვისაც აეღო და სკამი გამოსწია. დავჯექი - აღარ მოგეკარები თუ ასე უნდა ირბინო - მითხრა და გაიცინა. მეც გამეცინა. ისევ ვიცეკვეთ. მან დალია მე არა. მწვანე მაისურიანი არ ჩანდა. უნდა წავიდე ვუთხარი მელოტს და ავდექი. რა გეჩქარება, მითხრა და მაჯაზე ხელი მომკიდა - დაჯექი რაა - დაბლა დამქაჩა ხელით. უხეშად მოვიშორე მისი ხელი. ადგა. ნახვამდის, მშვიდად ვუთხარი და წამოვედი - რა გეწყინა - მომესმა მისი ხმა ზურგიდან. არ შემოვბრუნებულვარ.
მწვანე მინდოდა მენახა. სახლიც არ მახსოვდა ისე უცებ გამოვარდი. იქნებ მივაგნო -თქო დაა ტაქსით წავედი. ყველა კორპუსი ერთმანეთს გავდა, გადმოვდიოდი მანქანიდან და სადარბაზოებს ვაკვირდებოდი,  ვერ მივაგენი. სახლში ოთხზე დავბრუნდი. ცხელი ჩაი და ჩემი ლოგინი მესიამოვნა. სახლი მაინც დამემახსოვრებინა გავბრაზდი საკუთარ თავზე. ან არ დამელია იმდენი, ფუუ!! ისევ ავტირდი.
დილა იყო უმზეო. ჩემი ამინდი იდგა, ნაცრისფერი დღე. პურზე ჩავედი, მეზობელიც ვნახე მომიკითხა. მასაც ამოუტანე პური და კარაქი. მერე ჩემს სამზარეულოში სკამზე ფეხმოკეცილმა ყველა ჩემს მეგობარს გადაურეკე და მწვანეს არსებობა ვკითხე. არავინ იცოდა, ისიც კი არ იცოდნენ იმ ღამით თუ ბარში წავედი.
სახლში წაბანცალდიო, ტაქსიში მე ჩაგსვი ისე იყავიო, მითხრა ნენემ.
როგორ გამიშვით მარტო-თქო გავბრაზდი მე.
ან შენ რას სვამდიო, მომახალა ნენემ. ორსულად ვარ და აბორტის გაკეთება მითხრა ნაყოფის მამამ-თქო ვეღარ უთხარი ტელეფონში. სახლში რომ ყოფილიყო ვეტყოდი და ხმამაღლა ვიტირებდით ორივე.
დედაჩემთან ვიტირე,  მოვუყევი, რომ ორსულად ვიყავი და ბავშვს გავაჩენდი. კომპიუტერის ეკრანიდან კარგად ჩანდა მისი თვალები.
არ უნდა გამეზარდე ასე თავნება,- მითხრა ბოლოს და სკაიპი გათიშა. იმ ღამითაც ვიტირე. მესამე დღეს კი დედამ როცა ბავშვის პატარა ფეხსაცმელები დამანახა, ვიყიდეო ორივე ავტირით ხმამაღლა.
გამიჭირდება მამაშენს უთხრა, მაგრამ არ ინერვიულო, ახლა კარგად უნდა იკვებო და ვიტამინები მიიღო ძაან გაფითრებული ხარო, დამიწყო ისევ დარიგება. მე ლოყაზე დაგორებულ ცრემლებს ენით ვლოკავდი და ვყლაპავდი. არ მინდოდა ხელით მომეწმინდა და დედას დაენახა, კიდევ კარგი არც ინტერნეტი იყო კარგი და ეკრანზე ყველაფერი არ ჩანდა მკვეთრად.
ბავშვს, რომ ვაჩენდი მეგობრებსაც განვუცხადე. ნენე მომეხვია და აკანკალდა. დაიწყო ზამთრის ჩვეულებრივი დღეები, მუცელში არსებამ მოძრაობა. ეხოზეც წავედი, ბიჭი გყავსო მითხრეს და დედას დაურეკე, მამამ მიპასუხა. თავი ვერ მოვაბი სათქმელს, ისევ თვითონ მითხრა - რაო ეხომ? - ბიჭი მყავს, ამოვილუღლუღე ძლივს. თავს მიხედე საღამოს დაგირეკავთ, მოკლედ მითხრა და გათიშა.
იმ საღამოს მომინდა ბარში წავსულიყავი.
ხუთი თვის ორსულს რა უნდა ბარში, ამხელა მუცლით, გამიბრაზდა ნენე. არ მითქვამს, რომ მწვანეს ვეძებდი. ბარში ყვითელი შუქი ოდნაც ანათებდა მაგიდებს. წყნარი მუსიკაც ისმოდა. დავჯექი კარის პირდაპირ და ლოდინი დავიწყე. ვის ველოდებოდი არ ვიცი, მწვანე მაისურით არავინ შემოვიდოდა გარეთ გვარიანად ყინავდა უკვე, რისი იმედი მქონდა არ ვიცი. ვიჯექი და ველოდი. მიმტანმა მინერალური წყალი ისე მომიტანა არ შემიკვეთია. ირგვლივ მიმოვიხედე ნაცნობიც არავინ ჩანდა. მარცხენა მხარეს ბარმენი იდგა ბართან და ხელში ბოთლს ატრიალებდა, რამდენჯერაც იმ მხარეს გავიხედე ვიგრძენი მიყურებდა. მუცელი ვერ დამინახა, გავიფიქრე მე და კარებში შემოსულებს დავაკვირდი. ბატი ხარ რაა, გავბრაზდი თავზე. ვის ელოდები. ბარმენის მზერა ისევ ვიგრძენი. გავხედე, თვალი მომარიდა. წამოვდექი, მუცელი გამოვწიე და ბარისკენ წავედი.
- რა გნებავთ, მკითხა მშვიდად.
წვენი, უთხარი და ბართან ჩამოვჯექი.
დიდი ხანია აქ მუშაობთ, ვკითხე უცებ, კი ორი წელია. ეცოდინებაა, მწვანე ეცოდინებაა დამკრა თავში, მაგრამ როგორ ვკითხო? აქ იმდენი გოგო დამთვრალა და იმდენჯერ წაუყვანია ვინმეს.
რა იყო? შენობითზე გადმოვიდა ბარმენი. არაფერი ისე, უკმეხად უპასუხე მე. მომინდა ბარმენისთვის ყველაფერი მეთქვა, რაღაცნაირი იყო, თბილი თვალები ჰქონდა და მასაც მწვანე მაისური ეცვა. მეგონა არ მისმენდა, რადგან ჩემი მონოლოგის დროს უამრავი კლიენტიც გაისტუმრა.
- ვერ ნახეთ ბოლოს? მკითხა და გაეცინა.
ვერაა! ხმამაღლა ვიყვირე მე მუსიკის ხმა რომ გადამეფარა. გადაიხარხარა, გადმოიწია, თავზე ხელი დამადო და მომეფერა. ტირილს ცოტა მაკლდა.
ჩემი წასვლის დროა, შემცვალეს უკვე მითხრა ხმაურში, დამელოდე გამოვალ, კარებთან დავხვდი. ყინავდა, მუცელზე პალტო სასაცილოდ მქონდა ორივე მხარეს გაფშეკილი, დამხედა და გაეცინა.
მანქანით წაგიყვანო. ყინავდა და არც მე გავპრანჭულვარ
ტელეფონის ნომერს არ მომცემ, გავიგებ როგორ იმშობიარებო, მითხრა ღიმილით, მივეცი. არ დაურეკავს. სამი დღის შემდეგ ბარში მივედი თუ მას მივაკითხე არ ვიცი. შორიდან ამიწია ხელი, გამიცინა და ორი თითი მაჩვენა, ანუ ორ საათში გავთავისუფლდებიო. მეც სკამზე ჩამოვჯექი და ლოდინი დაუწყე. ფორთოხლის წვენით მოვიდა, შინაურულად ლოყაზე მაკოცა, მალე მოვალ მითხრა და ხალხში გაუჩინარდა. თვალებს ამაოდ ვაცეცებდი, მწვანე მაისურიანი არ ჩანდა, ან როგორ უნდა მეცნო, მარტო ხელისგული მახსოვდა როგორი ქონდა, სასმელ ჭიქას დაფარებული ხელისგული. ბარმენი მალე მოვიდა, ქურთუკი ეცვა.წავიდეთ ისე მითხრა, თითქოს ყოველ დღე ასე დავდიოდით ერთად, ძლივს ავდექი, მუცელი უკვე საკმაოდ მქონდა გაზრდილი. კარებში გამატარა და სახელი მკითხა, უპასუხე.
გინდა ორსულს ფოტოები გადაგიღო? წამო ჩემთან, შემომთავაზა მოულოდნელად. წავყევი. მოყინულ გზაზე მანქანა ფრთხილად დაყავდა, ხანდახან გამომხედავდა და მიღიმოდა. ვიჯექი და რატომღაც არ მინდოდა გზა დამთავრებულიყო. კიბეებს როცა აუყევით დამეყრდენიო მითხრა. ტაატ-ტაატით ავიარეთ ექვსი სართული. დერეფანიდან ოთახში შემიყვანა და შუქი აანთოო. ირგვლივ უამრავი აპარატურა, დისკები, შნურები, ფოტოაპარატები და ყურსასმენები ეწყო-ეკიდა. მოვხედე, ხელებზე დავხედე. ხ ე ლ ი ს გ უ ლ ი !!!!!!!!!!

2 комментария:

Tako комментирует...

ამეტირა :(

matasi комментирует...


კაი ახლა ამზეც როგორ აგეტირა, მშვენივრად დამთავრდა. ჩიყვი ხომ არ გაქვს ისე?:))))))))))