вторник, 10 января 2017 г.

მე, სოფელი, მეზობელი და ფიქრები შვილზე # 5 - ვინ?

დილით ჩაი დავლიე. დათუ ვაბანავე, აივანზე ეტლში ვაწვენდი რომ მოვიდა.
ამოირბინა კიბეები და ამათვალიერა.
 -  ,,ჩემი კაბა" ჩაგიცვამს, - მითხრა და გაიცინა. უყვარდა ეს მწვანე კაბა, სასწაულად უყვარდა და რაღა დღეს ვეცი და ჩავიცვი, გავბრაზდი საკუთარ თავზე, თითქოს საგანგებოდ მისთვის გამოვეწყვე.
ბავშვს დახედა და გამოცრა.
 - მე მგავს!
 - ხო, გგავს,  - დავეთანხმე. იჭვნეულად გამომხედა.
  - მორჩილი გამხდარხარ, თვინიერი - ისევ ირონიულობა იგრძნობოდა ხმაში, თუმცა მე ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ უკვე ვიცოდი როცა ძალიან ნერვიულობდა მაშინ ხდებოდა ცინიკოსი.
ბავშვი აიყვანა.
 - რა დაარქვი?
 - დათუ.
 - მამაჩემის სახელი? - გაუხარდა.
 - ხო.
 - რატომ?
 - ისე.
ჭიშკარი გაჟღრიალდა.
 - ვინ უნდა იყოს? მკითხა და გაიხედა. აივანზე დათუ გამოჩნდა.
 - დათუ, არ წახვედი მთაში? - ვკითხე გაოცებულმა.
 - მამაჩემი წავიდა. წელს მე აღარ წავალ. აქ მაქვს საქმეები, მიგვიახლოვდა და მოგვესალმა. მერე მე გამომხედა გამიცინა და მითხრა - ეს კაბა გიხდება, აქამდე რატომ არ იცმევდი?  უფფ, რა ალალი იყო ამ დროს. მოფერება მომინდა.
მერე სამივე გავჩუმდით და ასე ოცი წამი უხერხულად ვიდექით.
 - ჩაის დაგალევინებთ, - ვთქვი და ოთახში შევედი.
ჩაიდანი გაზქურაზე დავადგი, მურაბა,ჭიქები ავიღე და გამოვედი. დათუ არ დამხვდა.
 - დათუ სად არის?
 - ჩავაწვინე, - ისე მიპასუხა თითქოს ვერ მიხვდა ვინ ვიგულისხმე.
 - დიდი დათუ, - გავუმეორე ისევ.
 -აა, ის? არ ვიცი წავიდა, - თქვა და გაეცინა.
ჩაი მოსვა, მანამდე დიდხან აწკარუნა კოვზი ჭიქაში. ზუსტად იცოდა, რომ ეს ხმა მაცოფებდა. მე სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. სკამი გამოვწიე, წინ დავუჯექი და ჩაი მოვსვი.  - ხვალ ბავშვს წავიყვან დედაჩემთან, - მითხრა და ვიგრძენი მუხლები ამიკანკალდა.
 - არა, - წარმოვთქვი მშვიდად და მუხლებზე ხელები დავაჭირე კანკალი რომ არ შემჩნეოდა.
გადმოიხარა, მუხლებზე და ხელებზე თავი დამადო. არ გავნძრეულვარ.
 - უფ, რა ცუდად მოვიქეცი, დამპლურად არა? -მკითხა ისე, რომ თავი არ აუწევია. ზემოდან ვუყურებდი მის მხრებს, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაფორიაქებდა და სულ რომ გაყინული ქონდა. კეფიდან ხელის ჩავაყოლება მომინდა და რატომღაც  ვთქვი
 -  ადექი ფეხები მეტკინა. შეცბა და წამოდგა.
მეზობლის ეზოდან ძაღლის გაბმული ყეფა ისმოდა, ორღობეში ვიღაც წიოკობდა.
 - აქ დიდხანს ვერ გაჩერდები, - თქვა და მესმოდა როგორ ჩაირბინა კიბეები, გააღო ჭიშკარი ხათქა-ხუთქით, დაქოქა მანქანა და წავიდა.
მომინდა ცოდნოდა რომ  აქ რა კარგად ვიყავი, კარგად და გადასარევად!