пятница, 26 марта 2010 г.

ვიპოვე

სამოთხიდან გამომაძევეს.

ნაწნავი მოვიჭერი და თმა ნულზე გადავიპარსე.
კონიაკის წრუპვას მივყე ხელი და სიგარეტიც მოვქაჩე.
ერთი ეგაა კაბა არ დამიმოკლებია.
აქამდე თუ მარტო თვალით დაცემა მჭირდა და გონებით ვცოდავდი, სხეულიც გავეცი.
ნებით და სურვილით, ვნებით და გაგიჟებით მივეცი სიყვარულს.

მე ღმერთი ვიპოვე.

იყოოო

სახლი ყორედ ქცეულა.
ქალი გადედაკაცებულა.
კაცები გადაშენებულა.
მორიელები მომრავლებულა და კუთხე-კუნჭული აბლაბუდას დაუფარავს.
ნისლია.
ბანზე ვიღაცას მატყლი დარჩენია გასაწეწი. ან კი საბანი რაღად უნდა, ანდა ლეიბი. წამოიხურებს ცოდვებს და მიიძინებს. მე შენ გეტყვი და სიცივე შეაწუხებს ანდა სიზმრები.
კვერცხი გალაყებულა.
მდინარე აღმა მიდის.
ჩვილებს რძის სუნი დაჰკარგვიათ.
ბინდია.
ტანაბრუზგნული ხეები წვიმას ელოდებიან.
დაგვალულ მიწაში უკუნი ჩანს.
აჩონჩხილი სასაფლაო ღამ-ღამობით გოდებს.
სამოთხედან გამომაძევეს.

вторник, 16 марта 2010 г.

შემოძვრა სხივი უკუნი ოთახში.
ჯერ პარვით, მერე გათამამდა და საწოლზეც ამოძვრა.
კედლებსაც გაჰყვა და წინაპრების შავ-თეთრ ფოტოებს სულ ლაპლაპი გაადენინა.
მძინარე გოგო საღამურიდან გამოაძვრინა და ქუჩაში გამოაგდო თმადაუვარცხნელი.
იქით სხვებიც გადაურევია.
გათენდა! ! !

понедельник, 15 марта 2010 г.



ბათურა ერთი თვის იყო, როცა ეს ფოტო გადაუღეთ. ახლა რვა თვისაა, ახლაც უყვარს მუცელზე მოფერება, გაწვება, წკმუტუნებს და ქუდს აქიცინებს.

пятница, 12 марта 2010 г.

 

ან კი ან არა.

ან ხო ან არა.

ანა  ბანა და

გამექცა ნოტები.

გამიტყდა ფირფიტა შავი პრიალა და

წამოწვიმა კიდეც.

კაბის ბოლოებით მოვწმინდე ასფალტი.

ბოშა ქალივით მოვიქნევ თეძოებს.

საყურეს კაკ-კუკი, ბრასლენტებს გააქვს ჟღრიალი.

წვიმას წკა-წკუპით მოვყვები.

ხის ტოტზე დავკიდე ჭრელი ქოლგა და წვეთები მოუშვი ჩემამდე.

ოო რა თავხედები ყოფილან წვეთები, მრუშები, ჩაცურდნენ მკერდამდე.

ანა ბანა და 

მიტევენ ავხორცი წვეთები.

ანა ბანა და

დამძიმდა კაბა.

სველ კვალს ვტოვებ მშრალ იატაკზე.

მოვედი!

вторник, 9 марта 2010 г.

გაზაფხულია მაშინ, როცა გაიხდის კაბას
ტუჩალეწილი ალუბალი
და მიხვდი აბა -
ცაცხვის ყვავილთან
რატომ ცეკვავს მთვრალი ფუტკარი
აბა მიდი და - გიჟი ხარო, აბა უთხარი.
გაზაფხულია,
თუ გიყვავის ხმაში იები
გზას არ გითმობენ ნაგიჟარი აკაციები.
გაზაფხულია, თუკი მკერდზე გასკდება კაბა
თუ შენს ტუჩებზე ნექტრად ჟონავს ველური ხსენი.
გაზაფხულია, აპრილია, რა არი აბა,
ალუბალივით ბოლო ღილი თუ შეიხსენი

ეს ლექსი აქ ვიპოვე

ქუჩაში, ფურცლებიდან

ბნელა. მუსიკა გულისგამაწვრილებელი. ყავა უგემური, მოვსვი და დავდე. ჩაი არ აქვთ. წამოსვლა მინდა. რაღაც თეთრი ყვავივით ვარ. არც ვცეკვავ, არც ვსვამ. არც მუსიკაა არ ვარგა არაფრად და ყავა ხომ საერთოდ. ღამის სამი საათია. რატომ ვზივარ აქ და სახლში არ მივდივარ არ ვიცი. სკამზე ვარ მიკრული. იცეკვე რა, ყურზე ტუჩს მადებს ვიღაც და ხმამაღლა ჩამყვირის. მიდი და ეცეკვე ახლა ასეთს. ავიმრიზე, თუმცა მაინც ავდექი. ვცეკვავთ. მუსიკა დამთავრდა, მეორე დაიწყო, მესამეც, ისევ ვცეკვავთ. მიყვარს ცეკვა და რა ვქნა! პარტნიორი მოქნილია, ფეხებსაც კარგად ამოძრავებს და ხელებსაც ჩემს უკანალზე, არ უშლი. უფრო თამამობს. მაღალია, სახეს ვერ ვხედავ, გვარიანად ბნელა. არც მინდა სინათლე. რაღაცას მეუბნება და სახეს ისე ახლოს მოაქვს თავს გვერდზე ვაბრუნებ. ვჯდებით, ალაგ-ალაგ ნათურა აინთო. კონიაკს ვსვამთ, რაღაც კარგია, თან კარგად მიდის. ვიცეკვოთ, მესმის ისევ. ესეც ცეკვის გიჟი, ვფიქრობ და ვდგები, გზა და გზა ისევ კონიაკს ვწრუპავ, ვიღაცის მაგიდაზე ცარიელ ჭიქას ვტოვებ და ვცეკვავთ. გათამამებული კი არა უკვე ჩემს სხეულს მოშინაურებული პარტნიორი მთლიანად მეკვვრის. რაც მართალი, მართალი კარგად ცეკვავს. ვსვამთ და ვცეკვავთ. ვცეკვავთ და ვსვამთ. შემდეგ მახსოვს ჩურჩული –წავიდეთ. გარეთ გამოსვლა, გაუთავებელი კიბის საფეხურები. დედამიწის გამალებული ტრიალი. ჩემს ირგვლის უსწრაფესად მოძრავი საგნები და საწოლი, რომელსაც რამდენჯერად მიუახლოვდი, იმდენჯერ გამექცა. მოცეკვავე დამეხმარა, მახსოვს ჩექმის გახდა და მეტი არაფერი. დილაა – განძრევის მეშინია. თვალების გახელისაც. უკანა მხრიდან ფშვინვა მესმის და სულო ცოდვილო პირველი რასაც ვფიქრობ ესაა ნეტავ სიმპატიურია? თანაბრად ხვრინავს, ნელა ვდგები, ტანზე ვიცმევ, ბევრს არაფერს ჩექმა, კაბა (დანარჩენი ყველაფერი დაუტოვე სამახსოვროდ:) ) და გამოვდივარ. სახეზე არ შევხედე. ვაითუ საზიზღარი ვინმე იყო და თავი არ ავიტკიე.

четверг, 4 марта 2010 г.

ორნახადი ჭაჭის არაყის ისტორია

კაპ -კაპ -კაპ წვეთავს მინის ბოცაში არაყი და ირგვლივ რაღაცნაირი სუნი დგას, მოხარშული ჭაჭის. ბაბუამ ადიელა გამომიტანა მსხლის ძირში გამიფინა და ვზივარ. არაყს ყოველთვის აქ ხდის, სახლის წინა მხარეს, ამიტომაც ყველა გამვლელ-გამომვლელი შემოდის და თბილ არაყს სვამს. ,,ოჯახს სიტკბო”, -იტყვიან და გადაკრავენ.,,მაგარ არაყს ხდი შოთა” -აქებენ ბაბუას და მხრებზე ხელებს უბარტყუნებენ. არაყს მეც ვსვამ. ბებიას და დედას ჩუმად. ,,წამალია ეს ბაბუ” - მითხრა ბაბუამ და მეც გადავკარი. ცეცხლი მომეკიდა მუცელში, ,,გაგივლის” - დამამშვიდა მაშინ ბაბუამ.

არყის სახდელ ჭურჭელს ახლა სარდაფში ვეღარ ვპოულობ,ვეძებ, რად მინდა , მაგრამ მაინც.
დიდმუცელა თავსახური, რომელშიც ორთქლი ტრიალებს და რაც უწყობს ხელს არაყის გამოხდას სპილენძის იყო. ,,გააყოლა ხელს ეტყობა ვინმემ”, - მითხრა მეზობელმა. ბაბუა ამაზე არაფერს იტყოდა, ხოდა მეც არაფერს ვამბობ. ახლა მისი შვილიშვილი კონიაკს ეტანება:)
თუმცა ბაბუას მიერ მსხლის ძირში, მიწაში ჩაფლული არაყის ბოცა მისივე გაკეთებული წარწერით - ,,გაიხსნას მართას ქორწილზე” ისევ იქაა.

მენატრება; ბაბუ, ეზოში დატრიალებული მოხარშული ჭაჭის სუნი, თბილი არაყი,ხმელი ტოტების ტკაცა-ტკუცი, იქაურობა მენატრებაააააა!

среда, 3 марта 2010 г.

სულისწასვლამდე მენატრები.

ჭაჭის არაყს უკვე კაკლის გულებისგან ფერი შეეცვალა, კონიაკისფერი გახდა.

შენს ჯემპრს მე რომ მოგიქსოვე გულის მხარეს თვალი წასვლია და ირღვევა.

ეზოში მუხლებამდე ფოთოლი ყრია და ბათურა დანავარდობს გულიანად.

აივნის რიკულებს საღებავი აცლია და მერცხლის ბუდეც ჩამოშლილა ნახევრად.

მეზობლებს საჭორაო საბაბი მიცემიათ და ქირქილს მადევნებენ გავლისას.

მიწასთან მასწორებენ ვინ იცის და რისთვის ვნებისთვის?

სულისწასვლამდე მენატრები.

ვგჟ

ეს ღამე ჩვენია კალენდარს წავართვი,
ვიგიჟოთ!
თვალი არ მოვხუჭოთ წამითაც,
ვიყვიროთ!
ამიტომ მინდა, რომ ვცხოვრობდეთ კუნძულზე
მუდმივად!
ვიძინოთ სილაზე, ქვიშაზე, ბალახზე.
გუბეში მოსხმარტალე თევზს ხელით იჭერდე.
არ გვინდა სამოსი. შიშველი მიზიდავ! ჩაცმულიც:) ეს ისე ვთქვი, სტროფს მოუხდა და:))
ააუუუ გადავარდი!
კუნძული არა გვაქვს. ღამე კი ჩვენია კალენდარს წავართვი.

вторник, 2 марта 2010 г.

მდა ...

დღეს არაფრის დაწერას აღარ ვფიქრობდი.
მაინც ვწერ. ჩემი ნაცნობი გოგო ლესბოსელია. დღეს ვნახე. მასთან ღიმილიანი შეხვედრის შემდეგ გავიგე რომ ოჯახიდან წამოსულა და ნაქირავებ ბინაში მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობს. ის მეორეც ჩემი ახლო ნაცნობია. სულ ამაზე მეფიქრება უკვე სამი საათია, ჩაის ვსვამდი მათზე ვფიქრობდი.ახლა მათზე ვწერ და ბუნებრივია მათზე ვფიქრობ -  ,,მათ საზოგადოება არ ღებულობს”, ,,ისინი უფლებაშელახულები არიან ” - წერენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე. ამ შემთხვევაში კი მდგომარეობა კარგადაა, ორივე დასაქმებულია, თან კარგ თანამდებობებზე. საზოგადოებიდანაც არავითარი შეურაცხყოფა და მაგისთანები. მიხარია:) 

! ! !

ერთი სული მაქვს გაზზე გადმოსული რძის ქაფი ავწმინდო, გავაქრო, შენსავით!

ამო -გამო -მაჯობე!

თუკი ჩემამდე მანძილი გედიდება
ამოთქვი!
ვგრძნობ უკვე, რომ მეტს ვეღარ გაუძლებ
გამოჩნდი!
მაჯობე!

თოვს:)

თოვს.
მურაბას ჩაის ვამატებ და ფანტელებს უყურებ.
ედება სითეთრე მთა-გორებს.
კოხტა გორიდან დაშვება ძნელდება,
სველი ფიფქები აფუჭებს ყველაფერს.
სითეთრე თვალებს ჭრის.
ღამეა.
ცა აქვეა ხელის გაწვდენაზე.
სიცივეს ვეღარ ვგრძნობ.
დაბლა სიბნელეა, მკრთალი ნათურებით.
ვეშვებით.
ქუდს ვკარგავ, სადღაც უკუნეთში.
სუსხი ყელიდან მუცლისკენ მიძვრება.
ვაკეზე ვჩერდებით.
დილაა თოვს ისევ,
დაშვებისას გადაყვლეფილ მუხლზე არაყიან ბამბას გადებ.
თოვს.
მურაბას ჩაის ვამატებ და ფანტელებს უყურებ.
ეს ძველი კადრებიც ფილმივით თვალწინ მიტივტივებს.
თოვს.

მართა - მაშკო -მატასი

ბნელ კუთხეში ალბათ თაგვია, წრიპინი ისმის.
აბლაბუდას ისეთი ქსელი გაუბია, რომ ძნელია დაშალო.
ბავშვობის ეტლი მტვრითაა დაფარული.
დაჩუტული ბურთი ისევ საწოლქვეშაა შეგორებული.
ჭადრაკის ფიგურები ცალთვალა თოჯინებთან, ჟირაფთან და დათვთან, რომელსაც გამჭირვალე პლასტმასის თვალები აქვს შავი გუგებით, კალათშია ჩაყრილი.
ძირგაცრეცილი, დაღლილი, თეთრი პუანტები რატომღაც წიგნების თაროზე დევს სულ მაღლა. სულ მიმალავდნენ და სულ მაღლა დებდნენ, რომ არ ჩამეცვა, რადგან ,,რეიტუზსაც” ვიხდიდი როცა პუანტებს ვიცმევდი და ადვილად ვცივდებოდი.
შემდეგ ცხელი რძე უნდა დამელია, მე და რძე? ვკვდებოდი და ვერ ვსვამდი. მერე და მერე აღარც მაძალებდნენ.
ჩემი ძმები რძის ქაფს, რომ ხვრეპდნენ მაჟრჟოლებდა.
ტყემლის ხე ნახევრად გამხმარია, ბაბუას მსხლის ხეზე დაუმყნია სამი წლის როცა ვიყავი, ხოდა დაბერებულა ახლა ხე.
კიბეებთან ბალახი ამოსულა. დავგლიჯე გამალებით.
ძაღლის ბუნაგის წინ ისევ აგდია რკინის პატარა ჯამი.
საქანელა უძრავადაა თათრულა მსხლის ტოტზე.
იასამანს იმდენი პატარა ყლორტები ამოუყრია, თუ არ გაისხიპა გადაუვლის ეზოს. მიყვარს იასამანი. ხელს არ ვახლებ, გამრავლდეს.
ბოსტანი სად იყო ვეღარ მიხვდები.
ბებიას ალბომი გამომაქვს კიბეებზე ვჯდები და ვათვალიერებ. ბებია დიდი ქალია, მაღალი, შევსებული, შუაზე გაყოფილი გრძელი თმებით, ბაბუა სუსტი ბიჭია, მოხეტიალე მონადირე. შავ-თეთრი ფოტოები ყველაფერს მავიწყებს.
გალიფე, ჩექმაში ჩატანიებული შარვლები, მკაცრი ყელამდე შეკრული კაბები და ჩეკისტის მსგავსი ,,პლაშები”. ფოტოები უნიკალურია.
ზემოდან ზარების ხმა მესმის, ბავშვები ავიდნენ ეტყობა. მეც სულ ასე ვაკეთებდი, ავიდოდი გორაზე და სოფლის სამრეკლოდან ზარების რეკვას ვიწყებდი. ზარის ქვეშ, რომ დგახარ მაშინ ზარს სულ სხვა ხმა აქვს.
მართაააააა მესმის დაბლიდან, ვარდიკო ბებიაა. ეტყობა კარები დაინახა ღია და იძახის. უნდა ჩავიდე, აქედან ვერ გავაგონებ, ყურს დააკლდა.
დაბლიდან მივდივარ, მარაკანას სტადიონიდან. ბაბუამ გამოგვიყო ყანის ეს ნაწილი ფეხბურთის სათამაშოდ. მამა კარებები გააკეთა, ბადეც დაკიდა, ნახერხით დახაზა და ჩვენ მარაკანას სტადიონი დავარქვით.
ოოო რამდენი მაისური დაფხრეწილა თამაშის დროს.
ჩვენი ,,მანეჟიც” აქ დევს, ბებიამ მერე ხორცისფერი ტომარა გადააფრა და წიწილები დააბუდა შიგ, კაჭკაჭი ვეღარ წამართევსო.
თომას ქოხის ნაწილებიცაა შემორჩენილი. ჩვენი შეჭედილი ხის სკამებითა და კაპრონის ბაწრისგან წვალებით გაკეთებული ხელბორკილებით. ამ ქოხში ხომ ბატონს გამოქცეული, მეამბოხე მონები ვცხოვრობდით.
ხის თოფების კოლექცია გვქონდა, ბაბუა კარგად თლიდა ხისგან ორლულიან თოფებს.
ამ დროს ,,კუკლები’’ ნაკლებად მაინტერესებდა.
მაშკოოოოოოოო მესმის დაბლიდან. ეს მამიდაჩემია. ადრე მაშიკოს მეძახდა, გრძელ ფართხუნა კაბებს ვიცმევდი მუდამ და ნამდვილი მაშიკო ხარო მეუბნებოდა, მერე და მერე მაშიკო მაშკოდ გადააკეთა. ახლაც ასე მეძახის.

ვგრძნობ, რომ აქედან ვეღარსად წავალ, არც მინდა წასვლა.