вторник, 2 марта 2010 г.

მართა - მაშკო -მატასი

ბნელ კუთხეში ალბათ თაგვია, წრიპინი ისმის.
აბლაბუდას ისეთი ქსელი გაუბია, რომ ძნელია დაშალო.
ბავშვობის ეტლი მტვრითაა დაფარული.
დაჩუტული ბურთი ისევ საწოლქვეშაა შეგორებული.
ჭადრაკის ფიგურები ცალთვალა თოჯინებთან, ჟირაფთან და დათვთან, რომელსაც გამჭირვალე პლასტმასის თვალები აქვს შავი გუგებით, კალათშია ჩაყრილი.
ძირგაცრეცილი, დაღლილი, თეთრი პუანტები რატომღაც წიგნების თაროზე დევს სულ მაღლა. სულ მიმალავდნენ და სულ მაღლა დებდნენ, რომ არ ჩამეცვა, რადგან ,,რეიტუზსაც” ვიხდიდი როცა პუანტებს ვიცმევდი და ადვილად ვცივდებოდი.
შემდეგ ცხელი რძე უნდა დამელია, მე და რძე? ვკვდებოდი და ვერ ვსვამდი. მერე და მერე აღარც მაძალებდნენ.
ჩემი ძმები რძის ქაფს, რომ ხვრეპდნენ მაჟრჟოლებდა.
ტყემლის ხე ნახევრად გამხმარია, ბაბუას მსხლის ხეზე დაუმყნია სამი წლის როცა ვიყავი, ხოდა დაბერებულა ახლა ხე.
კიბეებთან ბალახი ამოსულა. დავგლიჯე გამალებით.
ძაღლის ბუნაგის წინ ისევ აგდია რკინის პატარა ჯამი.
საქანელა უძრავადაა თათრულა მსხლის ტოტზე.
იასამანს იმდენი პატარა ყლორტები ამოუყრია, თუ არ გაისხიპა გადაუვლის ეზოს. მიყვარს იასამანი. ხელს არ ვახლებ, გამრავლდეს.
ბოსტანი სად იყო ვეღარ მიხვდები.
ბებიას ალბომი გამომაქვს კიბეებზე ვჯდები და ვათვალიერებ. ბებია დიდი ქალია, მაღალი, შევსებული, შუაზე გაყოფილი გრძელი თმებით, ბაბუა სუსტი ბიჭია, მოხეტიალე მონადირე. შავ-თეთრი ფოტოები ყველაფერს მავიწყებს.
გალიფე, ჩექმაში ჩატანიებული შარვლები, მკაცრი ყელამდე შეკრული კაბები და ჩეკისტის მსგავსი ,,პლაშები”. ფოტოები უნიკალურია.
ზემოდან ზარების ხმა მესმის, ბავშვები ავიდნენ ეტყობა. მეც სულ ასე ვაკეთებდი, ავიდოდი გორაზე და სოფლის სამრეკლოდან ზარების რეკვას ვიწყებდი. ზარის ქვეშ, რომ დგახარ მაშინ ზარს სულ სხვა ხმა აქვს.
მართაააააა მესმის დაბლიდან, ვარდიკო ბებიაა. ეტყობა კარები დაინახა ღია და იძახის. უნდა ჩავიდე, აქედან ვერ გავაგონებ, ყურს დააკლდა.
დაბლიდან მივდივარ, მარაკანას სტადიონიდან. ბაბუამ გამოგვიყო ყანის ეს ნაწილი ფეხბურთის სათამაშოდ. მამა კარებები გააკეთა, ბადეც დაკიდა, ნახერხით დახაზა და ჩვენ მარაკანას სტადიონი დავარქვით.
ოოო რამდენი მაისური დაფხრეწილა თამაშის დროს.
ჩვენი ,,მანეჟიც” აქ დევს, ბებიამ მერე ხორცისფერი ტომარა გადააფრა და წიწილები დააბუდა შიგ, კაჭკაჭი ვეღარ წამართევსო.
თომას ქოხის ნაწილებიცაა შემორჩენილი. ჩვენი შეჭედილი ხის სკამებითა და კაპრონის ბაწრისგან წვალებით გაკეთებული ხელბორკილებით. ამ ქოხში ხომ ბატონს გამოქცეული, მეამბოხე მონები ვცხოვრობდით.
ხის თოფების კოლექცია გვქონდა, ბაბუა კარგად თლიდა ხისგან ორლულიან თოფებს.
ამ დროს ,,კუკლები’’ ნაკლებად მაინტერესებდა.
მაშკოოოოოოოო მესმის დაბლიდან. ეს მამიდაჩემია. ადრე მაშიკოს მეძახდა, გრძელ ფართხუნა კაბებს ვიცმევდი მუდამ და ნამდვილი მაშიკო ხარო მეუბნებოდა, მერე და მერე მაშიკო მაშკოდ გადააკეთა. ახლაც ასე მეძახის.

ვგრძნობ, რომ აქედან ვეღარსად წავალ, არც მინდა წასვლა.

2 комментария:

Анонимный комментирует...

მართა -მაშკო - მატასი.
და რა გქვია?

matasi комментирует...

აქედან არცეთი:)