вторник, 20 октября 2020 г.

თქეში

მომენატრე. მერე ღამით ფოტოები ვათვალიერე, ფოტოები, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით.  ფოტოებს, რომლებსაც მხოლოდ ჩვენთვის ვიღებდით და  ზუსტად ვიცოდი რომ ერთ დღეს წავშლიდი ყველას.  

ფოტოების ,,პაპკას" თქეში ჰქვია და პაროლიც მაქვს დადებული. სახელზე მაშინ ბევრი ვიცინეთ. ეს ფოტოები რომ ვინმემ ნახოს თქეში და არამაგედონი მერე ნახე შენ,  – ამბობდი.

ერთ ფოტოში თმა მაქვს ბოლომდე გადაპარსული და  შენ მხრებამდე. სტამბულშია გადაღებული, მე რომ ვიღაც გოგოს გამო გეჩხუბე და შენ რომ ხარხარებდი ეგ დღეა.   

იმ ღამით ღამის ბარში წავედი, მძინარე დაგტოვე. დილით შენ ჩხუბობდი და მე ვხარხარებდი. ქოლგა გატეხე მაშინ ბრაზისგან. გატეხე რა, შემოგატყდა ხელში. 

მეორე დღეს წვიმდა, ბევრი ვიარეთ. ამ დღეს უამრავი ფოტო გადავიღეთ, ყველა აქაა. 

ღამის ფოტოებიააა –  პირღიას გძინავს ერთგან, ერთ ფოტოში ალბათ მცივა საბანი ძირს აგდია და მოკუნტული ვწევარ. არადა, მცივანა შენ ხარ :) 

ერთ ფოტოში სოფელში ვართ, მე  გიყურებ, შენ კარტოფილს თლი. 

ყველა მოგზაურობისას ყველაზე მეტი ბავშვებთან გვაქვს ფოტოები –  მე,  შენ და ირგვლივ 10–12  პატარა.  სულ, სულ, სულ მინდოდა შვილი მყოლოდა, შენ ისედაც გყავს. 

ღამის ოთხი საათია, ფოტოებმა შემიყოლა,  არ მეძინებოდა,  მერე  – Delete - გავაწკაპუნე და  ,,პაპკა" სახელად თქეში გაქრა.  

вторник, 13 октября 2020 г.

სექტემბერი იდგა

ფანჯარა გასაწმენდი იყო, ამიტომაც, ბოლომდე გამოვაღე და ის დღეები ცას ვუყურებდი. ცას რა, ცის რაღაც ნაგლეჯს, რომელიც ღია  ფანჯრიდან ჩანდა. 

ხანდახან ხელს დავხედავდი, კათეტერი მედგა და ვიღაცის სისხლს მისხამდნენ. ადრე ეწერა ვისიც იყოო, - თქვეს პალატაში, ახლა მხოლოდ ნომრებია მითითებული ვენაში შესაყვანი ხსნარის გამჭირვალე პარკზე. 

მერე კათეტერმა ხელი მატკინა, მოვახსნევინე ექთანს და შემდეგ ყველა გადასხმისას როცა ნევსი შეყავდათ  ვენაში ვკვნესოდი. 

 - როგორ გეტყობა რომ არ გიმშობიარებია, ასე უბრალო რამ რომ გტკივა, - მითხრა ახალგაზრდა ექთანმა, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა და ერთი სული ჰქონდა მორიგეობა ჩაემთავრებინა და მათთან გაქცეულიყო. 

მე ვიწექი საგორებელ საწოლზე, რომელსაც ზემოთ, თავის მხარეს ბორბლები როგორც ჩანს გაფუჭებული ჰქონდა და მივგორავდი ხოლმე დაბლა. იყო პალატაში ეს რაც მაცინებდა. ისე ტელეფონით გამყავდა დრო. მასთან მიმოწერით. მასთანაც ბევრს ვიცინოდი, მაშინ გავიაზრე რომ ასე სხვას არავის შეეძლო გავეცინებინე. ზოგჯერ ვხარხარებდი კიდეც.  ჩემნაირი იუმორი ჰქონდა, ჩემნაირი რაა, უფრო მაგრად ხუმრობდა, უბრალოდ ერთიდაიგივე რაღაცაზე გვეცინებოდა, აი, ისეთზე სხვას საერთოდ რომ არ გაეღიმებოდა.

საჭმელი ამომიგზავნეს, გამკაცრებული რეგულაციების გამო პალატაში არავის უშვებდნენ. ქაღალდის პარკს ჩემი სახელი და გვარი ეწერა და გასწვრივ  – ონკო. იმ ღამით არ დამეძინა. 

მეორე დღეს საჭმელი ვერ ვჭამე. ბროკოლის წვნიანს დიდხანს ვურიე კოვზი. 

 – უნდა ჭამო, აუცილებლად უნდა ჭამო! – მითხრა ექთანმა და რადგან კათეტერმა ხელი მატკინა მომხსნა. ყოველ გადასხმაზე შპრიცით მიკეთებდა ახალ–ახალ ადგილზე გადასხმას და მქონდა ორივე ხელი სულ დალურჯებული.

დახურული, ნაცრისფერი საღამური მეცვა, და ეს საღამური იყო ისე ჩვეულებრივი, რომ მაღიზიანებდა. ყველაფერი ღია ფერის იყო, პალატა, თეთრეული, მე. 

მეათე სართულზე  მანქანების ხმა ამოდიოდა. კვირა დღეს,  დილით,  ეკლესიის ზარების ხმასაც ვუსმინე, მერე თავს ძალა დავატანე და ავდექი, უფრო სწორად საწოლზე მუხლებით დავდექი და დაბლა გადავიხედე. აქედან რომ გავალ ბევრს ვივლი – გავიფიქრე.

მობილურზე ლოკაცია გამოვრთე, ისე სხვათაშორის. ტუალეტში სარკეს პირსახოცი ჩამოვაფარე.

მასთან მიმოწერა უკვე მსიამოვნებდა. ვწერდით თითო – ოროლა სიტყვას ერთმანეთს, მაგრამ მაინც  ვწერდით და ეს იყო რაც აქ მახალისებდა. ვირტუალურ კოცნებს ,,გავუგე გემო". ისე კოცნა კი არა წყლის დალევაც არ შემეძლო. 

ბოლო თვეში მდგომარეობის გამწვავების გამო  ორჯერ მომიწია საავადმყოფოში წოლა. 

და გაზმორებაც გემრიელი, გაჭიმვით, კრუტუნით აღარ მინდებოდა.  

მერე,  ჩემი ფერადი თეთრეული ვთხოვე მოეტანათ, ჩემი ატლასის პერანგები, სუნამოები და უკვე თამამად გავბედე ფიქრი, რომ აქედან როცა გავიდოდი ბევრ, ბევრს ვივლიდი და ვიხეტიალებდი  პატარა, მშვიდ ქალაქებში. მივეფიცხებოდი მზეს და ბევრ ნაყინს შევჭამდი, ბევრ ფოტოებს გადავიღებდი. 

სექტემბერი იდგა, ყველაზე ცუდი წლის სექტემბერი.