пятница, 23 июля 2021 г.

ფერადტრუსებიანი და იუმორის მქონე კაცები კარგები არიან

მწყუროდა,  ფეხზე ვერ ვდგებოდი, ყველაფერი ირყეოდა, თვალები არც გამიხელია ისე დავიძახე – დეე წყალი დამალევინე.  დედამ წყალი მომიტანა, ერთხელ, მეორედ, ალბათ მესამედაც არ მახსოვს. რატომ მწყუროდა უსაშველოდ არ ვიცი. როცა გავიღვიძე დილა იყო. საწოლის შუაში ვიწექი სიგანეზე. ბალიში მოვძებნე და თავზე დავიფარე. ჩემი ბალიში არ იყო, ტანზეც არაფერი მეცვა. უპს! სახლში არ ვიყავი, რამდენიმე დაცლილი ბაკურიანის წყლის ბოთლიც დავინახე  ნახევრად შეჭმულ პიცასთან ერთად. კიდევ კონიაკის განახევრებული ბოთლი დააა ბალიში უფრო დავიფარე თავზე. ჩამეძინა. როცა გამეღვიძა ყველაფერი მახსოვდა–როგორ ვსვამდი კონიაკს და ბოლოს როგორ ამაცალა მან ბოთლი, როგორ მერეოდა გული, როგორ ვერ ვდგებოდი ფეხზე, როგორ  დავრბოდი საწოლიდან ვანაში, ცივი წყლით ვიბანდი ხელებს, როგორ დამყვებოდა ის, წყალს როგორ მაძლევდა დედას დაძახებაზე, მისმენდა როცა მთელი ღამე გაუთავებლად ვლაპარაკობდი, ვლაპარაკობდი, ვლაპარაკობდი. 

კიდევ ბევრი რამ გამახსენდა, უჰჰ:( 

ვერაფერს შევცვლიდი, ამიტომ მხოლოდ გავიფიქრე – ვის არ მოსვლია. 

ის აივანზე იჯდა. ფარდიდან ჩანდა ზურგით,  რაღაცას უყურებდა. ჩემი ლურჯი კაბა გადავიცვი და გავედი. სასტუმროს ეზოზე დავიწყეთ ლაპარაკი, მოუვლელი იყო და მოუწესრიგებელი. 

მერე მინდოდა ეკოცნა. არ უკოცნია. 

კედები ძლივს ჩავიცვი, თავს დაბლა რომ ვწევდი ისევ ცუდად ვხდებოდი. 

ვიჯექი საწოლზე და ვუყურებდი როგორ აწყობდა თავის ნივთებს, ჩემგან განსხვავებით ზედმეტად  მოწესრიგებულია. მერე როცა საკიდიდან ჩამოხსნა თავის პერანგი და ჩემი ქურთუკი კი კარადის გვერდით იყო ჩაკუჭული, შემრცხვასავით:) 

წინა დღის გადაღებული ვიდეო მაჩვენა. მერე პირბადე გავიკეთე და ნომერი დავტოვე. ჩემს ქალაქში უნდა დავბრუნებულიყავი ათზე, სამსახურში, ისიც თავის ქალაქში სამსახურში, ოჯახში.

მანქანაში უკვე დამცინოდა ღამის ამბებზე. მუცელი მტკიოდაა, მაგრამ მაინც ისე კარგად ვიყავიი. უფ, რამდენი  შტერობები მომიყოლია. 

გაგრძელება იქნებაა . . . 

суббота, 17 июля 2021 г.

მერე გვიან ვიძინებ მშვიდი ძილით

ვანიდან გამოვედი და მესენჯერიც გაწკაპუნდა – დაბლა გელოდები. 

თმა სველი მქონდა, ტანი ნოტიო და ძლივს ამოვიცვი ამ ნოტიო ტანზე კომბინიზონი. რატომ ვეცი და მაინცდამაინც ეს ჩავიცვი არ ვიცი. ჩამეცვა შილიფა კაბა. ვინ ნორმალური იცმევს აბა დახურულ, ერთიან კომბინიზონს ივნისში, თან როცა კაცს უნდა შეხვდეს  ( და სავარაუდოდ როცა იცი ეს შეხვედრა როგორც დასრულდება)  და ერთი ქამრით შესაკრავ – მოსახვევ კაბას იქით დებს? 

ჰოდა, ასე სველი თმით და ნოტიო ტანზე დაკვარწნილი კომბინიზონით ჩავედი. ერთი სული მქონდა მენახა. 

ჩანთა მხარზე მქონდა გადაკიდებული, სახელურზე მეჭირა ცალი ხელი და მანქანაში როცა ჩავჯექი მხრიდან არ მომიხსნია, კალთაში ჩავიდე, თითები მეტკინა, მერე მივხვდი მაგრად ვუჭედი ჩანთას და გავუშვი.

უსაშველოდ ცხელოდა, თუ მხოლოდ მე მცხელოდა არ ვიცი.

წავედით. ჰო, მანქანით.

მერე გავჩერდით.

მერე მაკოცა. გამეცინა. 

 – რა გაცინებს? – მკითხა. არაფერი მითქვამს.

წლების შემდეგ ისევ აქ აღმოვჩნდი, სხვასთან ერთად. სტუდენტობისას, პირველ კურსზე,  დაახლოებით ამ მიდამოებში ვიყავი პირველად როცა მაკოცეს. მაშინ ფეხით ავედით, დაბნელებამდე დავრჩით. ვუყურებდით დაბლა განათებულ ქალაქს და ერთმანეთს ვკოცნიდით. იმ დროს სხვაგან წასასვლელი ადგილი არ გვქონდა, ახლა უბრალოდ ორი ზდასრული ადამიანი სხვებს ვემალებოდით. აქ ამოსვლის იდეა მისი იყო, არ ვიცი რატომ, არც მიკითხავს. ან მასაც სტუდენტობა გაახსენდა, ან ყველაზე მარტივი გზა მონახა ჩემთან მარტო დარჩენის. 

მერე, მერე თუ ისევ მომინდება ამ ამბის გაგრძელება დავწერ.

вторник, 6 июля 2021 г.

ყინულმა დაჰკრა და დაიბადა

ხის ღობეებზე შემოხვეულ ვენახზე დარჩენილი ყურძენი რომ შეჭკნა და ყინულმა დაჰკრა, მაშინ დაიბადა. 

წითელი იყო, წითელი და უთმო. დავხედე და შემეშინდა ისე ჰგავდა მამას. (მამაჩემს არა, თავის მამას) 

სუნი ჰქონდა, უცნაური სუნი და ჩხირივით წვრილი, ვარდისფერი თითები. 

საჭმელად რომ მომიყვანეს გულზე დავიწვინე, ძუძუ მოძებნა და აქამდე ნეტავ მიყვარდა ვინმე? აქამდე არსებობდა რამე? აქამდე რატომ ვმოძრაობდი? ან ვსუნთქავდი? 

მესამე დღეს გამოგვწერეს. სახლში სითბო მქონდა - შეშის ღუმელი და ბებიის დროინდელი ქათქათა ნაქარგებიანი თეთრეული. მე,  მუცელზე დიდი ,,ზმეიკის" მსგავსი ნაკერი და ჭარხალა ბიჭი. 

სოფელმა ჩუმად მიგვიღო. მეზობლებმა თითქოს პირი შეკრეს არავინ შემოსულა. 

ყველაზე მეტად ღუმელის დანთება მიჭირდა. მთელი ღამე ვუმატებდი შეშას,  მაგრამ სადღაც ხუთისთვის უკვე მეძინებოდა  და დილით ძუძუზე ცივი ტუჩების ცმაცუნი მაღვიძებდა. 

მერე დიდიხანს ვაწვრილებდი შეშას, ჯვარედინად ვაწყობდი ერთმანეთზე, მეზობლის მოტანილ მხრჩოლავ მკვარს ვუკიდებდი და ცეცხლიც აბრიალდებოდა ხოლმე. 

ს ი ზ მ ა რ ი !