ხის ღობეებზე შემოხვეულ ვენახზე დარჩენილი ყურძენი რომ შეჭკნა და ყინულმა დაჰკრა, მაშინ დაიბადა.
წითელი იყო, წითელი და უთმო. დავხედე და შემეშინდა ისე ჰგავდა მამას. (მამაჩემს არა, თავის მამას)
სუნი ჰქონდა, უცნაური სუნი და ჩხირივით წვრილი, ვარდისფერი თითები.
საჭმელად რომ მომიყვანეს გულზე დავიწვინე, ძუძუ მოძებნა და აქამდე ნეტავ მიყვარდა ვინმე? აქამდე არსებობდა რამე? აქამდე რატომ ვმოძრაობდი? ან ვსუნთქავდი?
მესამე დღეს გამოგვწერეს. სახლში სითბო მქონდა - შეშის ღუმელი და ბებიის დროინდელი ქათქათა ნაქარგებიანი თეთრეული. მე, მუცელზე დიდი ,,ზმეიკის" მსგავსი ნაკერი და ჭარხალა ბიჭი.
სოფელმა ჩუმად მიგვიღო. მეზობლებმა თითქოს პირი შეკრეს არავინ შემოსულა.
ყველაზე მეტად ღუმელის დანთება მიჭირდა. მთელი ღამე ვუმატებდი შეშას, მაგრამ სადღაც ხუთისთვის უკვე მეძინებოდა და დილით ძუძუზე ცივი ტუჩების ცმაცუნი მაღვიძებდა.
მერე დიდიხანს ვაწვრილებდი შეშას, ჯვარედინად ვაწყობდი ერთმანეთზე, მეზობლის მოტანილ მხრჩოლავ მკვარს ვუკიდებდი და ცეცხლიც აბრიალდებოდა ხოლმე.
ს ი ზ მ ა რ ი !
Комментариев нет:
Отправить комментарий