четверг, 26 апреля 2012 г.

ჩემი ზღაპარი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი და იყო ერთი გოგო.
ბიჭს ჰყავდა ლოთი მამა და დედა. დედას, როცა მამა იძინებდა მოკუნტული და ტუჩებში ვერგადაყლაპული არაყით მაგ დროს სახლში სხვა კაცები მოჰყავდა. მატყლის საბანს წამოავლებდა ხოლმე ამ დროს ბიჭი ხელს და ოთახიდან გამოდიოდა. გაეხვეოდა საბანში და მიწვებოდა ხოლმე სადმე. საბანი იყო მისი სახლი. ბიჭი გაიზარდა, საბანი ჯერ კოჭებზე წვდებოდა, მერე მუხლებზე. მერე უკვე დედასაც აღარ მოჰყავდა სახლში აღარავინ, ანდა არავინ აღარ მოყვებოდა, როგორც მეზობლები ამბობდნენ დამჭკნარ ბოზს უკვე. მამა მოკვდა. ბიჭს უნდოდა საფლავზე ჯვრის ნაცვლად ქვის ბოთლი დაედგათ, მაგრამ დედამ არ ქნა -არამართადიდებლურიაო.
ამ დროს მოპირდაპირე ქუჩაზე გოგო იზრდებოდა. გოგოს ბებია ზრდიდა, ფაფებით და საბან-ბუმბულში. დალივლივებული ნაწნავით და მუხლებამდე კაბით როცა გოგო ქუჩაში გამოდიოდა ბიჭი აღარ სუნთქავდა. მოსახვევთან დგებოდა და უყურებდა სანამ გოგო თვალს მიეფარებოდა.
ერთ მზიან დღეს ბიჭს დედაც მოუკვდა. იმ ღამით ბიჭი თვალებგახელილი იწვა და ალაგ-ალაგ წვიმისგან გაყვითლებულ ჭერს უყურებდა. მერე შიშველი წარმოიდგინა ნაწნავიანი გოგო. ალაგ-ალაგ მატყლ-ამოშვერილი საბანი ფეხებზე დაიფარა და ატირდა. პირველად ატირდა.
დედა როცა დაასაფლავა მამის გვერდით, ცარიელ სახლში დაბრუნდა, საბანი ოთკუთხედად დაკეცა და სწრაფი ნაბიჯით ქუჩა გადაჭრა, სახლის წინ გაჩერდა სადაც გოგო ცხოვრობდა. გოგო გაოცებული დაეშვა კიბეებზე, ხმა არ ამოუღია ჭიშკარს მიეყრდნო და ბიჭს მიაჩერდა, ბიჭი მიუახლოვდა აკოცა და ბავშვობის საბანი ხელში მიაჩეჩა - გჩუქნი, შენ გქონდეს-უთხრა და გამობრუნდა.

среда, 18 апреля 2012 г.

შემოხეტიალდი

შემო - დაანებე ამ ხეტიალს თავი.
შემო - ხეტი - ალდი.
ვერ ხედავ მარტო ყოფნით
სულ რომ გატიალდი.

ხის ქოხის კარები ღიაა, ურდული არ ადევს, არც დაკაკუნება უნდა.
შემო და ეს ფარაღალა ხის კარები დაამაგრე, ყველა გამვლელ-გამომვლელმა რომ ვერ შეძლოს შემოხეტება. ცეცხლიც აანთე და ფიჩხიც მოზიდე, ნაკვერჩხლის გაღვივებისას რომ დაყარო.

შემო, წელიწადზე მეტია ძარღვებზე მკიდია მონატრება.