четверг, 15 июня 2017 г.

დამეწერა#2

 მომწერა შემხვდიო. შევხვდი. დავჯექით. სახე ხელისგულებში მოვიქციე და მივაშტერდი.
 - აღარ გიყვარვარ ხო? - მკითხა და თან არ მკითხა ტონით.
 - მოგეჩვიე - ვუპასუხე.
 - მე ორივე - თქვა ისევ უცნაური ტონით.
 - მეც ორივე  - ვთქვი და გამეცინა. მასაც გაეცინა. სიგარეტის ღერი ხელში ნერვიულად დაატრიალა და ჩაახველა. ასე იცი ხოლმე როცა რაიმე მნიშვნელოვანის თქმას აპირებს. ზურგი ამეწვა.
 - შვილმა მითხრა გავიცანიო - საუბრის ასეთ გაგრძელებას არ ველოდი.
 - ხო, სახლში მესტუმრა.
 - რატომ არ მითხარი?
 - რატომ უნდა მეთქვა? - გავღიზიანდი მე.
  - უნდა გეთქვა.
  - რატომ? რატომ? ხმას ავუწიე.
  - უნდა მცოდნოდა - თქვა მშვიდად და თითებით სიგარეტი გადატეხა. თუთუნი ფეხებზე დაეყარა. გადავიწიე, მუხლზე ხელი გადაუსვი.
 - კარგი გოგო გყავს - ვუთხარი.
 - მამის გოგოა - ისე მითხრა მუცელი ამეწვა.
 - ალბათ, ხო - ვითომ უდარდელი გავხდი უცებ.
 -  პატარაააა - გაეცინა და ჩოლკაზე მომეფერა. თავი გავწიე.
ვიღაც ამ დროს სამსახურიდან გარბის შვილებისთვის ფუნთუშების დასაცხობად, ვიღაც სარეცხს აუთოებს, ვიღაც აივანზე ჩაის სვამს და ქმარის აქეთ-იქით მიმოფანტული ტანსაცმელი არ აღიზიანებს, ვიღაც საცობშია და აივანზე გადმოკიდებული შვილის კედებზე ფიქრობს ქარმა ხომ არ წაიღო, ვიღაც ქურას ხეხავს, ვიღაც თმას ისწორებს და თან სარკეში თავს ათვალიერებს. ვიღაც სამშობიაოდან გამოწერეს და ხელში ვეღარ იჭერს ყვავილებს, გულში ემოციას, ძუძუში რძეს. მე კი ვზივარ, სამი შვილის მამას და სხვის ქმარს ვეკეკლუცები. ამეტირა.
 - უნდა წავიდე - ვთქვი უცებ და წამოვდექი.
 - წავიდეთ - ადგა, იდაყვზე ხელი მომკიდა და გამაჩერა.
 - არ წამომყვე, ახლა არ გამომყვე - სწრაფად გავედი.
მოვიხედე, მინაზე მიყრდნობილი იდგა და მიყურებდა.

მუდამ ასეა, ვიწყებ ურთიერთობას და მერე მახსენდება ამას რა მოყვება, მერე რა იქნება - ამბები, ჭორები, ყველა ზარზე თანამშრომლების გამოხედვები, კომენტარები, ,,სადაქალოში“ საუბარი ერთგულებაზე, ღირსებაზე, თავის დაფასებაზე და უმთავრესი, დაგვირგვინება  დასასრულით -  ოჯახი მაინც მთავარია, ყველა კაცი ბოლოს ოჯახს უბრუნდება. ამ დროს მე ვზივარ  მუცელში პეპლები  დაფარფატებენ და ერთი სული მაქვს აქედან როდის გავაღწევ და ვნახავ. 

вторник, 7 февраля 2017 г.

მე, სოფელი, მეზობელი და ფიქრები შვილზე # 6 არჩევანი

სამურაბე ვარდს ვარჩევდი აივანზე როცა ჭიშკარი გაჭრიალდა და ეზოში შემოვიდა. ველოდი, უკვე მეშვიდე დღეა ველოდი როდის მოვიდოდა.
 -  გადაწყვიტე რა გინდა, ვინ გინდა და სად გინდა ყოფნაო, - მითხრა მაშინ და წავიდა.
ხოდა, ეს შვიდი დღეა ყველაფერს ვაკეთებ, ღობე-ყორეს ვედები და არ ვფიქრობ, არ ვფიქრობ!
     გუშინ დათუ ამოვიდა. მთიდან ჩამოტანილი შავი ჩაი მომიტანა. საეჭვოდ ჩუმად იყო, ფარდას ვასწორებდი რომ მომიახლოვდა, უკან კისერთან ხშირი სუნთქვა ვიგრძენი, ვერ შემოვბრუნდი. ხელები მომხვია უკნიდან ჯვარედინად, ასე ხუთი წამი ვიდექით.
 - მიყვარხარ, - ვუთხარი მე და ამოვისუნთქე.
 - მეც, - მითხრა და ხელი გამიშვა.

    საღამოს დათუს დედამ მაწონი მოიტანა, მივხვდი მარტო მაწონისთვის არ იყო მოსული, ხან სუფრის კუთხე გაასწორა, ხან ბავშვს დასწვდა და მოეფერა. აფორიაქება ემჩნეოდა. მერე წინ დამიდგა და უცებ მკითხა - გიყვარს ჩემი შვილი?
ქალი, რომელიც მთელი ორსულობა მივლიდა და მპატრონობდა ახლა იდგა ჩემს წინ და  პასუხს ელოდა.
   - ხვალ სოფლიდან წავალ, - ამოვილუღლუღე რატომღაც.
    - კარგი, -  თქვა ქალმა და მივხვდი გაუხარდა.

დაბნელდა, სინათლე არც ამინთია. ბნელში ვიჯექი და დათუს დედაზე ვფიქრობდი. არ უნდა შვილიანი ქალი და მორჩა!
  ჭიშკარი გაჭრიალდა, მოვიკუნტე საწოლზე. დათუ იყო, ფანჯრიდან შემოიხედა, აივანზე სინათლე აანთო. დამიძახა, ზლაზვნით გავედი. იმ ღამით ჩემთან დარჩა, დილით ვუთხარი, რომ სოფლიდან მივდიოდი. უხმოდ ადგა, ჩაიცვა და გავიდა. ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ ვერ დავტოვებდი, ვერაფრით წავიდოდი.

 ხო, სამურაბე ვარდს ვარჩევდი როცა ის მოვიდა. აივანზე ამოსვლა არც ვაცალე.
 - აქ ვრჩები, ბავშვის სანახავად როცა გინდა ამოდი.
  - აქ რჩები? გაგიჟდი?
 - კი, ვრჩები!
 - ის შეგიყვარდა? ის მთის კაცი, - თქვა და ნერვიულად გადაიხარხარა.
 - ხო, შემიყვარდა.
 - არ იცი კაცების არჩევა, - ისევ გაიცინა.
 - არ ვიცოდი, უკვე ვისწავლე, - ვუთხარი და მომინდა წასულიყო, გამქრალიყო.
  - ბავშვს მაინც წავიყვან.
 - სხვა დროს გაგატან,
 - წამოდი, წამოდი, აქ ვერ გაჩერდები შენ და იბ ბიჭსაც ნუ აურევ ცხოვრებას. არ ხართ თქვენ ერთნაირები, ან როგორ უგებ, - საზიზღარი უდარდელობა ისევ გაჭღარუნდა ხმაში.
 - წადი!წადი - ხმას ავუწიე უცებ. წადი აქედან!

ბავშვს ძინავს. დაბნელდა.  აივანზე სინათლე ავანთე - ნიშანი არწასვლის.

вторник, 10 января 2017 г.

მე, სოფელი, მეზობელი და ფიქრები შვილზე # 5 - ვინ?

დილით ჩაი დავლიე. დათუ ვაბანავე, აივანზე ეტლში ვაწვენდი რომ მოვიდა.
ამოირბინა კიბეები და ამათვალიერა.
 -  ,,ჩემი კაბა" ჩაგიცვამს, - მითხრა და გაიცინა. უყვარდა ეს მწვანე კაბა, სასწაულად უყვარდა და რაღა დღეს ვეცი და ჩავიცვი, გავბრაზდი საკუთარ თავზე, თითქოს საგანგებოდ მისთვის გამოვეწყვე.
ბავშვს დახედა და გამოცრა.
 - მე მგავს!
 - ხო, გგავს,  - დავეთანხმე. იჭვნეულად გამომხედა.
  - მორჩილი გამხდარხარ, თვინიერი - ისევ ირონიულობა იგრძნობოდა ხმაში, თუმცა მე ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ უკვე ვიცოდი როცა ძალიან ნერვიულობდა მაშინ ხდებოდა ცინიკოსი.
ბავშვი აიყვანა.
 - რა დაარქვი?
 - დათუ.
 - მამაჩემის სახელი? - გაუხარდა.
 - ხო.
 - რატომ?
 - ისე.
ჭიშკარი გაჟღრიალდა.
 - ვინ უნდა იყოს? მკითხა და გაიხედა. აივანზე დათუ გამოჩნდა.
 - დათუ, არ წახვედი მთაში? - ვკითხე გაოცებულმა.
 - მამაჩემი წავიდა. წელს მე აღარ წავალ. აქ მაქვს საქმეები, მიგვიახლოვდა და მოგვესალმა. მერე მე გამომხედა გამიცინა და მითხრა - ეს კაბა გიხდება, აქამდე რატომ არ იცმევდი?  უფფ, რა ალალი იყო ამ დროს. მოფერება მომინდა.
მერე სამივე გავჩუმდით და ასე ოცი წამი უხერხულად ვიდექით.
 - ჩაის დაგალევინებთ, - ვთქვი და ოთახში შევედი.
ჩაიდანი გაზქურაზე დავადგი, მურაბა,ჭიქები ავიღე და გამოვედი. დათუ არ დამხვდა.
 - დათუ სად არის?
 - ჩავაწვინე, - ისე მიპასუხა თითქოს ვერ მიხვდა ვინ ვიგულისხმე.
 - დიდი დათუ, - გავუმეორე ისევ.
 -აა, ის? არ ვიცი წავიდა, - თქვა და გაეცინა.
ჩაი მოსვა, მანამდე დიდხან აწკარუნა კოვზი ჭიქაში. ზუსტად იცოდა, რომ ეს ხმა მაცოფებდა. მე სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. სკამი გამოვწიე, წინ დავუჯექი და ჩაი მოვსვი.  - ხვალ ბავშვს წავიყვან დედაჩემთან, - მითხრა და ვიგრძენი მუხლები ამიკანკალდა.
 - არა, - წარმოვთქვი მშვიდად და მუხლებზე ხელები დავაჭირე კანკალი რომ არ შემჩნეოდა.
გადმოიხარა, მუხლებზე და ხელებზე თავი დამადო. არ გავნძრეულვარ.
 - უფ, რა ცუდად მოვიქეცი, დამპლურად არა? -მკითხა ისე, რომ თავი არ აუწევია. ზემოდან ვუყურებდი მის მხრებს, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაფორიაქებდა და სულ რომ გაყინული ქონდა. კეფიდან ხელის ჩავაყოლება მომინდა და რატომღაც  ვთქვი
 -  ადექი ფეხები მეტკინა. შეცბა და წამოდგა.
მეზობლის ეზოდან ძაღლის გაბმული ყეფა ისმოდა, ორღობეში ვიღაც წიოკობდა.
 - აქ დიდხანს ვერ გაჩერდები, - თქვა და მესმოდა როგორ ჩაირბინა კიბეები, გააღო ჭიშკარი ხათქა-ხუთქით, დაქოქა მანქანა და წავიდა.
მომინდა ცოდნოდა რომ  აქ რა კარგად ვიყავი, კარგად და გადასარევად! 

воскресенье, 4 декабря 2016 г.

მე, სოფელი, მეზობელი და ფიქრები შვილზე # 4 - მამა

დილიდან წვიმდა. ბაბუას შიფერით გადახურულ სახურავზე ყოველი წვეთის დაცემა დათუს ხარხარს იწვევდა.ფეხებს ასხმარტალებდა და იცინოდა. მერე რძე გადმომივიდა გაზქურიდან, სუნმა შემაღონა, ფანჯარა გავაღე, კარები და  . . . კიბეებთან იდგა, სულ სველი, ამომხედა. ოთახში შევბრუნდი, ბავშვის ეტლს გადავეფარე რატომღაც.
  - რაღაცნაირად დაქალებულხარ, - მითხრა ჩვეული შეპარული ირონიით და ოთახში შემოვიდა, ამათვალიერა. მე მკერდზე ავიფარე ხელი უნებურად, მართლა უსაშველოდ გამეზარდა მკერდი ყველა ღილიანი კაბა თუ ზედატანი მასკდებოდა.
 - სიმშვიდემ იცის, - ვუპასუხე მეც ირონიით.
 - უფრო დედობამ, - თქვა და მომიახლოვდა.
 - კი, დედობამაც, - დავეთანხმე. ცხვირზე ჩამომისვა ხელისგული როგორც იცოდა ხოლმე და დათუსკენ დაიხარა. რამდენიმე წამი უყურა, მერე მე ამომხედა, თვალებში წყალი ედგა და გამოცრა - ცუდად მომექეცი!
  - წადი, - ვუთხარი ისეთი სიმშვიდით, რომ მეც გამიკვირდა.
   - ხვალ ამოვალ, აწი სულ ვივლი, ბავშვთან ვივლი, შეეგუე, - სიბრაზეს იკავებდა.
   - იარე, - ვუთხარი და გამეცინა და შიში მოლოდინისა როდის მოვიდოდა, როდის მომაგნებდა გაქრა. აქ იდგა ჩემს წინ, უკვე უდარდელად ავხარხარდი.
 კიბეებზე ვიღაც ამოიჭრა, ორივემ კარისკენ გავიხედეთ მეზობელი იყო. ყვითელი, ქუდიანი საწვიმარი ეცვა, ოთახში შემოვარდა.
 - ხო მშვიდობა, მანქანა დავინახე ჭიშკართან და, - უხერხულად დადგა ჩვენს წინ.
 - დაცვა გყოლია, - ირონიულად თქვა მან და გამომხედა.
 - ეს გკითხულობდა იმ დღეს, - მეზობელი ისეთი ალალი და  საყვარელი იყო.
 - წავედი, ხვალ მოვალ ისევ, - დამიბარა და იატაკზე სველი კვალი დატოვა.
 - დათუს მამაა?, - როცა ოთახში მარტოები დავრჩით მკითხა მეზობელმა და მომიახლოვდა.
  - კი, მამაა, მამა, - ვუთხარი. მაღალი იყო, ზუსტად გულამდე ვწვდებოდი.
  - გიყვარს? , - ისე მკითხა გამიკვირდა, ავხედე.
  - გინდა ჩაის დაგალევინებ, - ვუთხარი და გავიცინე.
  - მინდა დამალევინე, თან კითხვაზე მიპასუხე, - თქვა, საწვიმარი მოიხსნა, გვერდზე გადადო, დათუ ეტლიდან ამოიყვანა და მომაჩერდა.
 - არა, აღარ მიყვარს, - ვიცოდი ამ პასუხს ელოდა და ვუთხარი.
 - ცრუპანტელა, - მითხრა და გაიცინა. ეს შავი წვერი და გაცინება ძალიან უხდებოდა, თან ისეთი ალალი და გულწრფელი იყო.
 - ხვალ ცხვარი უნდა წავიყვანოთ მთაში ერთი თვე არ ვიქნები.
 - წამოგყვები, თან ბავშვი ჰაერს გამოიცვლის,  - გამიხარდა მე.
 - მთაში ცოლები მიჰყავთ, შენ აბა როგორ?, - ისეთი გულწრფელი იყო მომინდა მივფერებოდი.
 - სინათლე იქ არ გვაქვს, ვერ გაძლებ, ბავშვიც გაწვალდება, თორემ მე კი წაგიყვანდი, ადგა. მომიახლოვდა. რაღაცნაირი სუნი ქონდა, წვიმის, სოფლის, შრომის,შამპუნის, კენკრის. დათუ ცალ ხელში ეჭირა და ზემოდან დამცქეროდა. მე გულთან ვაკოცე, ჯემპრზე.
 - გული გამითბა, - თქვა და გამცილდა. დათუ ეტლში ჩააწვინა. ჩაი მოსვა.
 - აი, ჩაის გაკეთება კი ნამდვილად იცი, სასწაულ ჩაის აყენებ, - გაცინება სასწაულად უხდებოდა.

воскресенье, 13 ноября 2016 г.

მე, სოფელი, მეზობელი და ფიქრები შვილზე #3 - უცხო

მეზობელმა ჩიტის  ბუდე მომიტანა ხის, ყვითლად შეღებილი.
 -   მე გავაკეთეო, შენს სახლს მოუხდებაო და აივანზე დამიმაგრა. ჩაი შევთავაზე
 - ამ სიცხეში ჩაი რად მინდაო,  - გადაიხარხარა.
 - ცივი წყაალი დამალევინე მაცივარში არ გაქვსო მითხრა და ისევ გაიცინა. მერე დათუ აიტაცა ხელში. წყალი მივუტანე, დალია, რომ სვამდა ვუყურებდი, ხშირ, მუქ, წვერზე დაეკიდა წყლის წვეთები. სახეზე  შავი იყო, წყალი რომ მოიყუდა თავი ასწია, ყელი თეთრი ქონდა. ზემოდან დამხედა და მითხრა
   -  დღეს სოფელში ვიღაც უცხოებმა გიკითხეს.
 -  ვინ იყო?-  ამოვილუღლუღე ძლივს.
 - ორი ბიჭი იყო, ერთი კიკინიანი,  შენ გეძებდნენ. მე ვუთხარი სოფელში ეგენი წლებია არ ამოსულან თქო, სწორად მოვიქეცი? მკითხა და მომაჩერდი.
 -  ხო, ხოო - გავუღიმე მე.
 - უფფ, ვნერვიულობდიო.ჭიშკარში როგორ გავიდა არ გამიგია. კიკინიანი, კიკინიანიი, კიკინიანი.

კიბეზე ჩამოვჯექი.  დღეს არა ხვალ მოვიდოდა. თავს მარტო კარგად ვგრძნობდი, დათუ მთლიანად მავსებდა, როცა ხვდები რომ არავინ გინდა უნდა იყო მარტო, უნდა გქონდეს მარტოობის უფლება. როცა მარტოობა შეგაწუხებს მერე უნდა გახსნა ჩაჟანგული ჭიშკარი და სტუმარი მიიღო, ჯერ კარგად ვიყავით მე, დათუ და მარტოობა, არავინ მინდოდა, არავინ! ვგრძნობდი რომ აიმღვრა, მარტოობა ამემღვრა.