понедельник, 20 ноября 2023 г.

მერე ყველაფერი მთავრდება ...

ზუსტად ექვსი წელი გავიდა რაც არ მინახავს. ერთ-ერთ კონფერენციაზე გადავეყარე შემთხვევით. მას ასაკი ეტყობოდა, მე ტრაკი და გვერდები. 

- დიდი ხანია გიყურებ, - მითხრა. 

- უჰ! - მხოლოდ ამ შორისდებულით შემოვიფარგლე მე.

მერე, როგორც იცოდა და არ დავიწყებია, მკლავზე მომკიდა ხელი და იდაყვთან თითებით მომეფერა. გავუღიმე. 

- მომენატრე, - თქვა მან.

მე ისევ უჰ ამოძახილს ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე.

- ექვსი წელი ამის მისახვედრად დაგჭირდა? - ვკითხე გაღიმებულმა.

- არ შეცვლილხარ, - მითხრა და ხელი გამიშვა. 

ექვსი წლის წინ ძალიან მაფორიაქებდა. ერთხელ ერთ–ერთ შეხვედრაზე მუხლზე მომეფერა მაგიდის ქვეშ ხელით და იმ შეხვედრიდან არაფერი არ მახსოვს. წითელი კაბა მეცვა და ის კაბა დღემდე გაურკვეველ განცდებს იწვევს ჩემში. ახლა ვეღარ ვიცმევ, ძალიან შემოსალტული მაქვს:) 

- წითელი კაბით მახსენდები ძირითადად, - მითხრა შესვენებისას, როცა წვენს ვწრუპავდი კედელზე მიყუდებული და ხალხს ვათვალიერებდი.

- აღარ მერგება ეგ კაბა, - გავიცინე მე.

- ჰოოო, თქვა და ამათვალიერა. აღარ მაფორიაქებდა. მიხვდა. ფანჯარაში გაიხედა. 

- ახლა ხუთი წლის შვილი გვეყოლებოდა, - თქვა უეცრად. კიდევ კარგი კედელს ვიყავი მიყუდებული, ისე შემაქანა შიგნიდან რაღაცამ. 

- შენ ხომ გყავს შვილები, - ამოვღერღე ძლივს შეკოწიწებული სიცივით. 

გამიღიმა. 

მერე, წვენს დავიმატებ მეთქი და წავედი.

მერე, პალტო ავიღე, ჩანთაც და კიბეებზე დავეშვი. უფრო სწორი იქნება დავწერო, რომ ჯერ ჩანთა ავიღე, საკიდის ნომერი მოვძებნე, პალტო დავიბრუნე და მოხვეულ კიბეებზე დავეშვი. 

Комментариев нет: