вторник, 20 октября 2020 г.

თქეში

მომენატრე. მერე ღამით ფოტოები ვათვალიერე, ფოტოები, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით.  ფოტოებს, რომლებსაც მხოლოდ ჩვენთვის ვიღებდით და  ზუსტად ვიცოდი რომ ერთ დღეს წავშლიდი ყველას.  

ფოტოების ,,პაპკას" თქეში ჰქვია და პაროლიც მაქვს დადებული. სახელზე მაშინ ბევრი ვიცინეთ. ეს ფოტოები რომ ვინმემ ნახოს თქეში და არამაგედონი მერე ნახე შენ,  – ამბობდი.

ერთ ფოტოში თმა მაქვს ბოლომდე გადაპარსული და  შენ მხრებამდე. სტამბულშია გადაღებული, მე რომ ვიღაც გოგოს გამო გეჩხუბე და შენ რომ ხარხარებდი ეგ დღეა.   

იმ ღამით ღამის ბარში წავედი, მძინარე დაგტოვე. დილით შენ ჩხუბობდი და მე ვხარხარებდი. ქოლგა გატეხე მაშინ ბრაზისგან. გატეხე რა, შემოგატყდა ხელში. 

მეორე დღეს წვიმდა, ბევრი ვიარეთ. ამ დღეს უამრავი ფოტო გადავიღეთ, ყველა აქაა. 

ღამის ფოტოებიააა –  პირღიას გძინავს ერთგან, ერთ ფოტოში ალბათ მცივა საბანი ძირს აგდია და მოკუნტული ვწევარ. არადა, მცივანა შენ ხარ :) 

ერთ ფოტოში სოფელში ვართ, მე  გიყურებ, შენ კარტოფილს თლი. 

ყველა მოგზაურობისას ყველაზე მეტი ბავშვებთან გვაქვს ფოტოები –  მე,  შენ და ირგვლივ 10–12  პატარა.  სულ, სულ, სულ მინდოდა შვილი მყოლოდა, შენ ისედაც გყავს. 

ღამის ოთხი საათია, ფოტოებმა შემიყოლა,  არ მეძინებოდა,  მერე  – Delete - გავაწკაპუნე და  ,,პაპკა" სახელად თქეში გაქრა.  

Комментариев нет: