საღამოს, ვანაში, წყლის ძლიერი ჭავლის ქვეშ მდგომმა ყველაფერი გავაანალიზე.
მე ცოლი არ ვყოფილვარ, ამიტომაც არ მესმის ცოლების.
მარტო დავრჩენილვარ ცოლის გამო, მარტოდარჩენილების მესმის.
მასზე უნდა მეძია შური, ტყუილის, გაბრაზების, მარტო დარჩენის, ტირილის, ლოდინის, ტელეფონის ხმის გამო ყურების დაგრძელების, მუცლის აფარფატების, ყველა ქალში ცოლის დანახვის უცნაური გრძნობის გამო.
ჯერ პომადა ვიყიდე, კვასკვასა, მგონი მთლად ქიმიაა! აი, ისეთი იატაკიც რომ შეღებო, წმინდო, წმინდო და ჰაი– ჰაი გაუვიდეს ფერი. მეთქი არ მომწამლოს – გავიფიქრე. მაინც წავისვი. გიხდებაო მითხრა, ჰოდა, ,,აღფრთოვანებულმა" ამიტომაც სხეულზე არ დამიტოვებია ადგილი რომ არ მეკოცნა. გინახავთ წითელა ბატონებიანი ადამიანი? ყელს ზემოთ არ მიკოცნია.
სიბნელეში ვიწექით, მუცელზე თითებით მეფერებოდა. მომწონდა, ძალიან, ძალიან, მაგრამ . . .
მერე წამოდგა, როგორც ყოველთვის, ალბათ ახლაც თერთმეტი საათი ხდებოდა. სინათლე არ აანთო, მეძინება, ვუთხარი. ვუყურებდი როგორ ჩაიცვა. მერე ტანსაცმლიანი შემომიწვა და ჩამეხუტა. იმ წამებში ვიფიქრე მეთქვა და ვანაში ჩემი ხელით მომეშორებინა ტანიდან პომადის კვალი. წამის მეასედში მინდოდა მეთქვა. მერე გამახსენდა ის დღე, როცა სხვისგან გავიგე, რომ ცოლი ჰყავდა.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – – – ––
ის დღე – სამსახურიდან გოგოებს გამოვყევი. მათთვის ჩემი ახალი გადარევის შესახებ უნდა მომეყოლა, რომელიღაც კაფეში შევცვივდით. კაფეს დიდი მინები ჰქონდა. დაიწყე! დაიწყე! მეცნენ როცა ოთხივე შევგროვდით. მობილური ამოვიღე და ფოტო ვაჩვენე. უი! გავიგონე როგორ წამოძახა ნანიკომ და ყველა მივაჩერდით.
– რა იყო?! – ვკითხე მე.
– არაფერი!, – მიპასუხა.
მუცელი ამეწვა, როგორც ბავშვობაში როცა ერთხელ, გზაზე გადასვლისას თეთრები დამებნა, ასაკრეფად დავიხარე და დავინახე დიდი მანქანა როგორ მოდიოდა ჩემსკენ. მაშინ მეზობლის ქალმა გადამარჩინა – ვარდო ბებომ. მერე, სულ მეუბნებოდა – როცა გაიზრდები საკაბე უნდა მიყიდო ვარდისფერ ყვავილებიანიო. პატარა ვიყავი როცა მოკვდა. ვერ ვუყიდე.
ჰოო, ზუსტად ისე ამეწვა მუცელი. არც ნანიკო იჯდა მშვიდად.
– ჰააა, ამოთქვი! რა ხდება! – ვკითხე ისევ.
– სიმპათიურია, – თქვა ნანიკომ.
– თქვი! მგონი ვიწივლე. დიდ მინაში არეკლილ ჩემ სახეს შევხედე., თვალები მქონდა უშველებელი.
სამივე ნანიკოს ვუყურებდით – ნათლიაჩემის დეიდაშვილის ქმარია – თქვა ნანიკომ.
ჯერ სამივეს გაგვეცინა ამ პასუხზე. მერე მოვიდა ისევ მუცლის წვა, თითების ტკივილი.
– დარწმუნებული ხარ?!! ეცნენ ნანიკოს.
ნანიკომ სახელი და გვარიც თქვა, შვილიც ყავს, – დაამატა.
– არ გითხრა? – მკითხეს გოგოებმა, თუმცა უკვე ისედაც იცოდნენ პასუხი.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – –
გავიდა. ვეღარ დავიძინე. პიტნის ნაყენი დავლიე და აივანზე დავჯექი. მუცელი ისევ ამეწვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий