четверг, 10 мая 2012 г.

მწვანე ფიქრები

მწვანე ვნახე, რაღაც მხრებში მოხრილი მომეჩვენა, უფრო დასუსტებული.
- ნაღველი მაწუხებსო - მითხრა და გაიცინა.
წუწუნს არც ველოდი მისგან, მეც გაუღიმე. მოფერება მომინდა, მივეკარი და რატომღაც ამეტირა. ზურგზე ხელი მომხვია და მიჩურჩულა - გგონია კვდები? - ეს მინდოდა კიდევ! უფრო ამეტირა, თვითონ კი ახარხარდა.
ოთხი წლის წინ დავშორდით. თვითონ დამშორდა თორემ მე სულ შიგნით მყავდა, ვერ ამოვიღე თავიდან, ორჯერ ვცადე სხვასთან ამეწყო, არ გამომივიდა. ბოლო წელიწადნახევარია მარტო ვარ. სახლი სამსახური, სამსახური სახლი. გოგოებთან საღამოობით ჭორაობა, გაუთავებელი დარდი მარტოობაზე. სახლში დაბრუნება და ფიქრი ისევ მწვანეზე.
იმ ღამეს ამოვიდა, პირველი იყო დაწყებული. სათვალთვალოდან რომ გავიხედე მუხლები მომეკეცა. გამეხარდა. რაღა ახლა ჩავიცვი ეს აჯაჯული პიჟამოები გავიფიქრე და კარებიც გავაღე. მოხრილი შემოვიდა და გამიცინა.
- აქ დავწვები, არ შეგაწუხებ - მითხრა და მდივანზე მიწვა.
- ჩაი გინდა? - ვკითხე არაო თავი გამიქნია.
მე მინდოდა, სამზარეულოში გავედი და მოვიდუღე. შემოვიდა ფანჯრის რაფას მიეყრდნო და მომაჩერდა.
- არა რა უცებ დამივიწყე, გოგოებმა მითხრეს ახლაც არ ახვიდე ის ყავს სახლშიო - თქვა და მგონი არ მომჩვენებია დარდობდა.
- მერე რატომ ამოდი?
- რავიი, არ დაუჯერე გოგოებს.
- ჯობდა დაგეჯერებინა..
- მართალა გყავს ვინმე ? - მითხრა და მგონი გაფითრდა. არ უპასუხე, უკან დამიდგა, უცნაურად სუნთქავდა. არ მოვხედე. უკვე მერამდენედაა, მოდის ვიღებ, მერე კი თვეობით იკარგება.
- დაჯექი ჩაი დალიე - უთხარი ისევ.
- ვინ არის ვიცნობ? - სახე ყურთან მომიტანა და ჩურჩულით მკითხა.
ჩაი გადამცდაა, ზურგზე ხელი მომისვა და მე გავიზნიქე.
- არ იცნობ -
- ვინაა? - ხმას სისინა ბგერებიც გამოაყოლა.
- წადი! - უთხარი რატომღაც.
ვიცოდი, რომ მაშინვე წავიდოდა , რაც არ მინდოდა, მაგრამ მაინც ვთქვი. კარები ფრთხილად გაიხურა. უკვე სამი საათი იყო დაწყებული.
მეორე დღით გოგოებმა კაფეში ჭორაობისას თქვეს, რომ მწვანე წუხელ ერთ - ერთ მათგანთან დარჩენილა.
- სამი საათია გარეთ ვდგავარ და ამოსვლას ვერ ვბედავდიო - ასე მითხრა, ტკრციალებდა ის გოგო, გრძელი იყო და რაღაცნაირი სასიამოვნო.
ყოველთვის მეგონა რომ მწვანეს ძუძუებიანი გოგოები მოწონდა, თურმე . . .
- მოვიდა, მოგაკითხა!!! - ახმაურდა უცებ ჩემი მაგიდა, გოგოები წამოიშალნებნ, მწვანე იყო. იმ გრძელს აკოცა და ჩემს პირდაპირ დაჯდა. ვისკი მოითხოვა, გული გადამიქანდა. მის ნაღველს კიდევ ვისკი უნდა. მოუტანეს.
- არ დალიო!!!! - !
- კი არ ვთქვი ვიყვირე. ყველამ შემომხედა. მწვანემ ჭიქა ხელში აიღო და მშვიდად მითხრა - არ ვსვამ -
კიდევ ცოტა ხანს ვიჯექი, მერე ყველას დავემშვიდობე და წამოვედი. მწვანე სასმელს არც გაკარებია.
არ შეუძლია ამ კაცს ერთგულება, არ შეუძლია ერთი ქალი ყავდეს და რას ვეტენები! თავს ვლანძღავდი მთელი გზა. დაელია ის ვისკი რა მაყვირებდა. 32 წლის ხარ და ჭკუა ვერ ისწავლე რაა, გვემა მქონდა საკუთარი თავის.
სტატია მქონდა დასამთავრებელი, გვიანობამდე ვწერე.შავი ჩაი ჩამომიტანა აზერბაიჯანელმა მეგობარმა, დავაყენე, მდივანზე მოვკალათდი და ქაფქაფა ჩაის ნეტარებით მოვსვი.
ბევრი არაფერი მჭირდება ბედნიერებისთვის. ცხელმა ჩაიმ კარგ გუნებაზე დამაყენა, პირველი სრულდებოდა, სადმე ხომ არ გავიდე? გავიფიქრე და კიბეებს ჩაუყევი. ცივი ღამე იყო. მწვანე გრძელთან არის გავიფიქრე და გული დამწყდა.
,,ჩემს“ კაფეს მივაკითხე. აქა-იქ იჯდნენ, უმეტესად წყვილები. ვისკი მოვითხოვე. მოწრუპე. ოთხი იყო დაწყებული კაფე რომ დავტოვე. ციოდა. მწვანეს დაურეკე. გამორთული ქონდა მობილური. გრძელთანაა გავიფიქრე და გული ამერია. სახლამდე ძლივს მივაღწიე. გვიან გამეღვიძა, თორმეტი იყო დაწყებული.
სამსახური, სტატიები, სახლამდე ამოვლასლასდი და დავიძინე. მეორე დღესაც სტატია მქონდა გასაკეთებელი. ტელეფონი გამოვრთე და მთელი დღე ვწერე, ღამით მოვრჩი.
დილით ტელეფონის მაღვიძარას ხმამ რომ არ გამომაღვიძა გამიკვირდა, ნახევრად მძინარემ ძლივს მოვძებნე მობილური და ჩავრთე. უამრავი ზარი იყო. მწვანესაც დაურეკავს, გადაურეკე იმ წამსვე. გამორთული ჰქონდა.
სამსახურში ჩვეული რიტმი არ დამხვდა. გოგოებმა რაღაც უცნაურად შემომხედეს როცა ოთახში შევედი, კომპიუტერებიდან თავი მოაბრუნეს და ოთხივემ ერთბაშად შეწყვიტა კლავიატურაზე წკაპა-წკუპი. ჩემს ადგილზე დავჯექი.
- რა მოხდა?! - ვეღარ მოვითმინე და გოგოებს მოვხედე. ტიროდნენ.
გალობდნენ მონაზვნები. კედელს მივეყუდე. გარედან შევხედე კუბოს. მწვანეს თავის საყვარელი პერანგი ეცვა თეთრი ღილებით.
მე უიმისოდ უნდა მეცხოვრა, თუმცა ისედაც უიმისოდ არ ვცხოვრობდი.

Комментариев нет: