четверг, 15 июня 2017 г.

დამეწერა#2

 მომწერა შემხვდიო. შევხვდი. დავჯექით. სახე ხელისგულებში მოვიქციე და მივაშტერდი.
 - აღარ გიყვარვარ ხო? - მკითხა და თან არ მკითხა ტონით.
 - მოგეჩვიე - ვუპასუხე.
 - მე ორივე - თქვა ისევ უცნაური ტონით.
 - მეც ორივე  - ვთქვი და გამეცინა. მასაც გაეცინა. სიგარეტის ღერი ხელში ნერვიულად დაატრიალა და ჩაახველა. ასე იცი ხოლმე როცა რაიმე მნიშვნელოვანის თქმას აპირებს. ზურგი ამეწვა.
 - შვილმა მითხრა გავიცანიო - საუბრის ასეთ გაგრძელებას არ ველოდი.
 - ხო, სახლში მესტუმრა.
 - რატომ არ მითხარი?
 - რატომ უნდა მეთქვა? - გავღიზიანდი მე.
  - უნდა გეთქვა.
  - რატომ? რატომ? ხმას ავუწიე.
  - უნდა მცოდნოდა - თქვა მშვიდად და თითებით სიგარეტი გადატეხა. თუთუნი ფეხებზე დაეყარა. გადავიწიე, მუხლზე ხელი გადაუსვი.
 - კარგი გოგო გყავს - ვუთხარი.
 - მამის გოგოა - ისე მითხრა მუცელი ამეწვა.
 - ალბათ, ხო - ვითომ უდარდელი გავხდი უცებ.
 -  პატარაააა - გაეცინა და ჩოლკაზე მომეფერა. თავი გავწიე.
ვიღაც ამ დროს სამსახურიდან გარბის შვილებისთვის ფუნთუშების დასაცხობად, ვიღაც სარეცხს აუთოებს, ვიღაც აივანზე ჩაის სვამს და ქმარის აქეთ-იქით მიმოფანტული ტანსაცმელი არ აღიზიანებს, ვიღაც საცობშია და აივანზე გადმოკიდებული შვილის კედებზე ფიქრობს ქარმა ხომ არ წაიღო, ვიღაც ქურას ხეხავს, ვიღაც თმას ისწორებს და თან სარკეში თავს ათვალიერებს. ვიღაც სამშობიაოდან გამოწერეს და ხელში ვეღარ იჭერს ყვავილებს, გულში ემოციას, ძუძუში რძეს. მე კი ვზივარ, სამი შვილის მამას და სხვის ქმარს ვეკეკლუცები. ამეტირა.
 - უნდა წავიდე - ვთქვი უცებ და წამოვდექი.
 - წავიდეთ - ადგა, იდაყვზე ხელი მომკიდა და გამაჩერა.
 - არ წამომყვე, ახლა არ გამომყვე - სწრაფად გავედი.
მოვიხედე, მინაზე მიყრდნობილი იდგა და მიყურებდა.

მუდამ ასეა, ვიწყებ ურთიერთობას და მერე მახსენდება ამას რა მოყვება, მერე რა იქნება - ამბები, ჭორები, ყველა ზარზე თანამშრომლების გამოხედვები, კომენტარები, ,,სადაქალოში“ საუბარი ერთგულებაზე, ღირსებაზე, თავის დაფასებაზე და უმთავრესი, დაგვირგვინება  დასასრულით -  ოჯახი მაინც მთავარია, ყველა კაცი ბოლოს ოჯახს უბრუნდება. ამ დროს მე ვზივარ  მუცელში პეპლები  დაფარფატებენ და ერთი სული მაქვს აქედან როდის გავაღწევ და ვნახავ. 

2 комментария:

Kiwi комментирует...

სად იყავი აქამდე?! დაწერეხოლმე რა..

matasi комментирует...

:) მეც მინდა, მაგრამ, დრო . . . განწყობა . . . ამინდი . . .