ზღვაზე მივდივარ, შავი ,,კუპალნიკი" უნდა ვიყიდო, ოქროსფერიც და მალინისფერიც.
მალინისფერს ჩავიცმევ თუ ოჯახებითა და ბავშვებით სავსე პლაჟზე მოვხვდები, ფერზე რომ აჭყლოპინდნენ პატარები:)
შავს ჩავიცმევ როცა პლაჟზე ვიღაც მომეწონება. გადაშლილ წიგნს მუცელთან გვერდზე დავიდებ, აი, ერთი ხელისგაწვდენაზე რომ მქნდეს და საჭირო დროს ავიღო ისე. და თვალებდახუჭული, მზეს მიფიცხებული დაველოდები მას როცა მკითხავს – რა წიგნს კითხულობთ, ან ამინდის პროგნოზი როგორი იქნება ხვალ? მე ვითომ ვერ დავინახავ მის მობილურის ეკრანს, სადაც მკვეთრად ჩანს დღევანდელი ტემპერატურა და საკუთარ მობილურში წითელ შილაკიან თითს ავაწკაპუნებ და დაყენებული ხმით ვამცნობ ამინდის პროგნოზს – ცვალებადი მოღრუბლულობით. და რადგან ხვალ წვიმა იქნება, დავგეგმავთ დღეს სად სჯობს წვიმიან ამინდში დროის გატარება. მე,თავიდან ბუნებრივია ვეტყვი რომ დაღლილი ვარ და ძილი მირჩევნია, რომ მძიმე სამუშაო გრაფიკი მაქვს და ეს შვებულება სულზე მისწრებაა და ნელა გავიზმორები ,,შეუმჩნევლად".
მერე ვითომ გაუაზრებლად გავისწორებ მკერდს ისედაც ღია ,,კუპალნიკში" .
მერე წვენს ერთად დავლევთ, საღამოს უკვე ვისკს.
ოქროსფერ ,,კუპალნიკს" ჩავიცმევ მაშინ როცა შევძლებ ყველა და ყველაფერი ფეხზე დავიკიდო.
მხოლოდ ოქროსფერი ,,კუპალნიკი" ვიყიდე.
Комментариев нет:
Отправить комментарий