понедельник, 20 ноября 2023 г.

მერე ყველაფერი მთავრდება ...

ზუსტად ექვსი წელი გავიდა რაც არ მინახავს. ერთ-ერთ კონფერენციაზე გადავეყარე შემთხვევით. მას ასაკი ეტყობოდა, მე ტრაკი და გვერდები. 

- დიდი ხანია გიყურებ, - მითხრა. 

- უჰ! - მხოლოდ ამ შორისდებულით შემოვიფარგლე მე.

მერე, როგორც იცოდა და არ დავიწყებია, მკლავზე მომკიდა ხელი და იდაყვთან თითებით მომეფერა. გავუღიმე. 

- მომენატრე, - თქვა მან.

მე ისევ უჰ ამოძახილს ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე.

- ექვსი წელი ამის მისახვედრად დაგჭირდა? - ვკითხე გაღიმებულმა.

- არ შეცვლილხარ, - მითხრა და ხელი გამიშვა. 

ექვსი წლის წინ ძალიან მაფორიაქებდა. ერთხელ ერთ–ერთ შეხვედრაზე მუხლზე მომეფერა მაგიდის ქვეშ ხელით და იმ შეხვედრიდან არაფერი არ მახსოვს. წითელი კაბა მეცვა და ის კაბა დღემდე გაურკვეველ განცდებს იწვევს ჩემში. ახლა ვეღარ ვიცმევ, ძალიან შემოსალტული მაქვს:) 

- წითელი კაბით მახსენდები ძირითადად, - მითხრა შესვენებისას, როცა წვენს ვწრუპავდი კედელზე მიყუდებული და ხალხს ვათვალიერებდი.

- აღარ მერგება ეგ კაბა, - გავიცინე მე.

- ჰოოო, თქვა და ამათვალიერა. აღარ მაფორიაქებდა. მიხვდა. ფანჯარაში გაიხედა. 

- ახლა ხუთი წლის შვილი გვეყოლებოდა, - თქვა უეცრად. კიდევ კარგი კედელს ვიყავი მიყუდებული, ისე შემაქანა შიგნიდან რაღაცამ. 

- შენ ხომ გყავს შვილები, - ამოვღერღე ძლივს შეკოწიწებული სიცივით. 

გამიღიმა. 

მერე, წვენს დავიმატებ მეთქი და წავედი.

მერე, პალტო ავიღე, ჩანთაც და კიბეებზე დავეშვი. უფრო სწორი იქნება დავწერო, რომ ჯერ ჩანთა ავიღე, საკიდის ნომერი მოვძებნე, პალტო დავიბრუნე და მოხვეულ კიბეებზე დავეშვი. 

четверг, 12 октября 2023 г.

ორი მეს გაბაასება

პირველი მე – გადარევა მინდა, გავიფიქრე როცა ერთ–ერთი პროექტის წერას მოვრჩი და დაღლისგან კუზი ამომივიდა მეგონა. 

მეორე მე –  უკვე ხარ გადარეული და  . . .

პირველი მე – კი, გადარეული ვარ, მაგრამ სხვანაირი გადარევაც მინდა. 

მეორე მე– როგორ სხვანაირი? იგონებ რაღაცას.

პირველი მე – არ ვიგონებ! აი, იცი როგორი გადარევა მინდა? მეც ვერ ვაყალიბებ როგორი, მაგრამ აიი, როგორ გითხრა მინდა გ ა დ ა რ ე ვ ა!!!!!

მეორე მე – სცადე ამიხსნა :) 

პირველი მე–უცხო ქალაქში მინდა წასვლა, სადაც ვერავინ მიცნობს, ვერც მე და ვერც მას, მერე იქ დავლევდით, მერე ბევრს ვიცეკვებდით, მერე ბევრს ვივლიდით, ქუჩაშიც თამამად ვაკოცებდი, ზურგზეც თამამად ავეკრობოდი, კისერშიც ვაკოცებდი, ყელშიც. 

მეორე მე– ეგაა გადარევა?

პირველი მე–კი, გადარევაა, რადგან არასდროს არ მოვქცეულვარ მე ასე. 

მეორე მე–მდაა! მაშინ გადაირიე :) 

პირველი მე– კარგი :) 


среда, 23 августа 2023 г.

როცა

მაისი იყო, ჩემი თვე. დაბადების დღემაც ჩაიარა. მამას ინტერნეტით ვუკავშირდებოდი, სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა, დამპალი წელი იდგა კოვიდრეგულაციების და ვერ მოდიოდა, თან ავად იყო.

14 მაისი გათენდა, სამსახურში მორიგეობით მივდიოდით. ამ დღეს მე მიწევდა. დილით, ბანაობისას გული რამდენჯერმე თითქოს სადღაც გამეპარა, ცხელ წყალს დავაბრალე და ორთქლს.

სამსახურში, სადღაც  პირველ საათზე როცა ზუმის ჩართვა მქონდა მობილური აწკრიალდა, დედა მირეკავდა, ოღონდ მეზობელი დამელაპარაკა – მითხრა რომ მამაჩემი გარდაიცვალა. ჰო, პირველივე წინანდადებაში დაასრულა მთელი ამხელა ამბავი.

მშვიდად ავდექი, ზუმი გამოვრთე, ლეპტოპიც. მერე კომპიუტერზე  დაწყვე ხელები, ვუყურე თითებს და როდის–როდის ჩემს ძმას დავურეკე.

19 წლით უფროსი იყო ჩემზე. ერთხელ მაღაზიაში როცა მამა დავუძახე ყველას გაუკვირდა–ეს ახალგაზრდა კაცი მამაშენიაა???!!!

უჰ, როგორ სიამოვნებდა ასეთი რამეები.

ორი დღის წინ მისი ქურთუკი მეცვა, თვითონ მაჩუქა–მთლად ქალს არ გავხარ ამხელა ზედაში, მაგრამ რახან მოგწონს გქონდეს, – მითხრა.

მამაჩემს სჯეროდა თუ მე მოვინდომებდი მთას გადავდგამდი–უბრალოდ არ ინდომებ, – მეტყოდა ხოლმე.

მანქანას ატარებდა საშინლად სწრაფად, რიკოთზე გადმოვიფრენდით ხოლმე. მე არასდროს მიგვრძვნია მის წაყვანილ მანქანაში შიში.

სიცოცხლე უყვარდა, ეშინოდა სიკვდილის, არასდროს არ უთქვამს, მაგრამ ვგრძნობდი, თუნდაც ის რომ სიგარეტს არ ეწეოდა, ჯანსაღად იკვებებოდა, ფეხით კილომეტრებს გადიოდა ყოველდღიურად, ექვს თვეში ერთხელ გამოკვლევებზე დადიოდა.

დავაბარებდი კოკა–კოლას, მოჰქონდა ხილი–გაწურე, დააბლენდერე და დალიე–მეტყოდა J

ადრე სტუდენტობისას–ქუჩაში მოვდიოდი და მამას მანქანაში უცხო ქალი დავინახე, უკან, კუთხეში, უცნაურად აკრული სკამს. სამი წუთიც არ იქნებოდა გასული, მამა დამეწია. მანქანა გააჩერა, არ დავჯექი. სახლშიც არაფერი მითქვამს. მის შემდეგ ამ თემაზე საერთოდ არ გვისაუბრია. ჩავკეტე თავში ,,დავივიწყე“. სამაგიეროდ, ჩემს თავგადასავლებზე, მოწონებებზე, სიყვარულზე სულ ვუყვებოდი.

შარშან როცა ჩემი აბურდულ–დაბურდული პირადი ამბები  გულში ვეღარ დავიტიე და საფლავზე ავედი მოსაყოლად ეს ამბავიც გავიხსენე, თან ვარდები, რომლებიც ავიტანე, რადგან განსაკუთრებით უყვარდა, ფურცელ–ფურცელ დავპუტე ნერვიულობისგან. ვიცი ჩემს ისტორიაზე ის იქ ინერვიულებდა, მაგრამ უნდა მეთქვა, ისედაც მგონია რომ მხედავს და . . .

ახალი წელი უყვარდა, ალბათ ამიტომაც მიყვარს მეც განსაკუთრებით.

ცხელი ლავაშების შემოტანას სახლში მამაჩემის სუნიც მოჰყვება. კიდევ შაქარს როცა ვყრი ჩაიში, მისი ხმა ჩამესმის–უშაქრო დალიე.

четверг, 8 июня 2023 г.

მუსიკის ფონზედ წასაკითხი, როცა მუცელში ნაწლავები პეპლებად გადაიქცა

ეს ტექსტი მანანა მენაბდეს ,,სტვენს ბულბული" თანმხლებით უნდა წაიკითხოთ!!!!!

იმდენი ვიბოდიალე ტყეში, სანამ არ მომბეზრდა, ტყე კი არასდროს არ მომწყინდება თქო მეგონა. 

ან მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ტყის ხის სახლში მელოდა. ონლაინ ჩართვა ჰქონდა და დავტოვე. შევთანხმდით მობილურებიც კი არ უნდა წამოგვეღო, მაგრამ საბოლოოდ ასე არ გამოდიოდა, მაშინ სულ ვერ წამოვიდოდით, ამიტომაც გადაწყდა მობილურების წამოღება და უკიდურესი გაჭირვებისა თუ უბედურების დროს გამოყენება. ჰოდა, ეს ონლაინ ჩართვა იყო ასეთი. მის გარეშე რომ  არ ჩაივლიდა და არდასწრება მთლად უბედურების თუ არა კარგის მომტანის არაფრის იყო, ჰოდა ზუმის შეტყობინების  ზარიც გაისმა და ხის კარიც უხეშად გამოვიჯახუნე. 

სამი საათიაა დავხეტიალობ.  

ვიცი, რომ დავბრუნდები უთვალავი კოცნები მელოდება. წინასწარ ვგრძნობ ამ განცდას და  ირგვლივ სასწაულად ლამაზი ტყე და მე კიდევ უფრო სასწაულად ლამაზი მეჩვენება. 

ასე მგონია ახლა დათვი, მგელი, ვეფხი, ლომი სპილო, ორანგუტანი, რავი ყველა მხეციც რომ შემხვდეს არაფერს მიზამს. უჰჰ, შეყვარებულია ეს გოგო გაიფიქრებენ და ნელ–ნელა გაიკრიფებიან. მიხვდებიან ანთებულ თვალებზე და ცხელ მუცელზე. (შეხების შემთხვევაში)   

მამაჩემი უმალ ხვდებოდა ჩემს მსგავს ,,გადარევებს" და როცა აბსოლიტურად სხვა ისტორიების მოყოლას დავიწყებდი რაც გულში მქონდა იმის დასაფარად, თავისებურად ჩაიცინებდა ხოლმე. ამ ჩაცინებით უკვე ვიცოდი რომ ყველაფერს მიხვდა, მეგონა ისიც კი იცოდა რა უნდა მეთქვა და რასაც არ ვამბობდი. მაგრამ ეს ტექსტი მამაზე არაა, მასზეა. 

მას, რომელიც ტყეში, ხის პატარა სახლში მიცდიდა კოცნების მეფე დავარქვი. 

ეს მოსახვევიც და  ქოხთან ვარ. 

ამასობაში მუსიკაც დასრულდა, ხო?  სახლის ზღუბლზე ჩემს ფეხთან ხმელმა ფიცარმაც გაიჭრიალა. აბა ჰე! 

среда, 26 апреля 2023 г.

დასასრულს კი ახლის დაწყება მოსდევს

ჩვენ სხვადასხვა სახლებში გვძინავს. 

მე ისიც კი არ ვიცი ხვრინავ თუ არა, არც შენ იცი ღამღამობით ფეხები რომ მეყინება. 

 მე არ ვიცი დილით ჩაის სვამ თუ ყავას,  არც შენ იცი დილით როგორ ვიზმორები და მთელი ტანით როგორ ვიჭიმები. 

საწოლში სიგანეზე წოლაზე და ბალიშის თავზე დაფარებაზე აღარაფერს ვამბობ.

 ჩვენ სხვადასხვა სახლებში გვძინავს.

დილა მშვიდობისა! პირისპირ არასდროს გვითქვამს ერთმანეთისთვის.

შენ არ იცი ჩემი ამოჩემება თეთრ პირსახოცებზე, არც მე ვიცი შენი საყვარელი ქაფის სუნი. 

მე ჩემს სურვილებს ვერ ვაწყობ შენთან ერთად.

ვიცი, შენი სურვილების აწყობაც ასევე ვერ ხერხდება ჩემთან. 

დასრულდა.

ჰო, რაც იწყება დასასრულიც აქვს. 

დასასრულს კი ახლის დაწყება მოსდევს.