вторник, 15 октября 2013 г.

დაუჯერე იაგოს


ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა დამეწერა, ზღვაზე გატარებულ დღეებზე და ღამეებზე. ვიღვიძებდი ზღვაზე გავრბოდი. შუადღით ,,სანტისიმოს”  ვწრუპავდი, სანამ პლასტმასის ბოთლი ბუყბუყა ხმით არ ამომძახებდა გავთავდიო, მერე ვიძინებდი, მერე ისევ ზღვაზე გავრბოდი, ვცურავდი და პლაჟზე ვიძინებდი. სხვები, რომ მზის ჩასვლას მეათასედ უყურებდნენ მე ქვიშაზე გაშოტილს მეძინა და  პატარა ქვებით  აჭრელებული ტანით ვტოვებდი სანაპიროს. ღამით,  ,,ჩემს ” აივანზე  ატმის წვენში გარეულ არაყს ვსვამდი და ასე ოთხისთვის ორსაწოლიან საწოლში მარტო ვიძინებდი. გარედან კარგა ხანს მესმოდა ხმაური და გოგო-ბიჭების წიოკობა. აივნიდან ვუყურებდი როგორ ეფარებოდნენ ბნელს და უხვევდენ ფიჭვნარში წყვილები - მაშინ ვინატრე ახლა რამდენი ადამიანიც ზასაობს ქობულეთში იმდენი ლარიანი, რომ მომცა ბარსელონაში მოვარტყამდი ერთთვიან  დასვენებას თქო. თუმცა ამჯერადაც ქობულეთს დავჯერდი. ზღვა ხომ იყო, თუნდაც სიმინდის ნაქურჩელებიანი ,  ფსელითა და მზით გამთბარი.


ეს ყველაზე მშვიდი დასვენება იყო სხვა წლებისგან განსხვავებით.  ვცურავდი, ვიძინებდი. შუადღით ხალხს ვაკვირდებოდი და ფოტოებს ვუღებდი,  ბევრ შოკოლადს და ,,მაროჟნს” ვჭამდი და წონაშიც მოვიმატე. ხოო, აჭარულსაც ვჭამდი - ვაღიარებ.

გვერდით ნომერში ოჯახი დაბანაკდა. ხო, დაბანაკდა, ტაფიდან დაწყებული კარტით დამთავრებული ყველაფერი ქონდათ წამოღებული. ბარგმა ჯერ ნახევარი დერეფანი აითვისა. მერე ადმინისტრატორმა თხოვა მათ ბარგი ოთახში შეეტანათ.  მეორე დილით ზღვიდან მობრუნებულს ,,ბანაკის” დიასახლისი კარებთან დამხვდა, მომესალმა, კარგად გარუჯულხართ მითხრა და მე ცუდის მოლოდინში ტანზე დამბურძგლა. რა უნდა მთხოვოს -ვერაფრით ვერ მივხვდი. გავიგე ნომერში მარტო ყოფილხართ - მიღიმის უკიდეგანოდ. ახლა რომ მთხოვოს ჩემი ერთი შვილი თქვენთან დაწვებაო გავიფიქრე და გამეცინა. ქალი დაიბნა, რა გნებავთ -  ვკითხე სიცილით. ბარგი ვერ დავატიეთ ოთახში და თქვენთან შემოვიტანთ. რატომღაც დავთანხმდი. კარადა მთლიანად აითვისეს, ჩემი ბარგი სავარძელზეც დაეტია. კაბები იყოოო, ძაან ლამაზები და ბევრი თავის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით. ყველა ცალ-ცალკე საკიდზე საყვარლად კონწიალებდა. იმ ღამეს ვფიქრობდი რატომ არ მქონდა მე ამდენი კაბა და ფეხსაცმელი. ჩემი ჯინსის ქვედაბოლო ისე საცოდავად იყო მიკიდებული სავარძელზე ამ კაბების ფონზე, რომ გუნება საკმაოდ მომეშხამა. თან ამ კაბების პატრონი სამი შვილის დედა იყო და ალბათ ჩემი ასაკის.

ერთხელ ბაკურიანში, სასტუმროში უთბილესად ჩაცმული მე და ჩემი მეგობარი შურით ვუყურებდით დერეფანში მოსიარულე მაღალქუსლიან ფეხსაცმელებსა  და კაბებში გამოწყობილ გოგონებს. მე კიდევ შარვლის შიგნით ,,რეიტუზი" მეცვა, სქელი წინდები და უთბილესი უგები,  გრძელმკლავიანი მაისური, როლინგი და ჯემპრი. გოგოები კი შიფონის კაბებით შარი-შურობდნენ. და ბიჭი, რომელიც იმ დღეს ძალიან მომეწონა ერთ-ერთ შიფონის კაბიანს საყვარლად აბავდა. მაშინ პირველად შემშურდა, მეორედ ახლა. იმ ღამით მეტი არაყგარეული წვენი დავლიე და დავიძინე.

,,ქალები რომლებიც მარტო წვანან შუაღამისას
მღერიან ღმერთო დაიფარე ჩემი სატრფო
და შემდეგ ასლოკინებენ”.

იაგო, დაგიჯერე და დავწერე :)

2 комментария:

იაგო ხვიჩია комментирует...

:))) კარგია ... და სევდიანიც :)

matasi комментирует...

მთავარია დაგიჯერე:)