пятница, 28 января 2011 г.

ასკილი
მომიყევი რამე, სასაცილო პასკვილი. ...
მომახურე მხრებზე შენი დიდი მხრები.
თითზე დამაფარე შენი თათმანები.

понедельник, 20 декабря 2010 г.

ბასასოს

შენს გამო ცალი ხელით ვშლი საწოლს.
შენს გამო ცალი ხელით ვხეხავ სტაფილოს, ვაშლს, კომბოსტოს,
მეორე ხელში შენ ფართხალებ და ჰაერში ფეხებს ასხმარტალებ.
შენს გამო ღამის ოთხ საათზეც მუსიკას ვუსმენთ და თმებს საერთოდ ვეღარ ვივარცხნი.
შენს გამო გულაღმა წოლას მივეჩვიე, რადგან მხოლოდ მუცელზე ყუჩდები. მკერდზე თავს მადებ და იძინებ.
შენს გამო გაზზე მუდამ გადმომდის საჭმელი, მერე ორივე ერთად ვწმინდავთ, შენ ჩემს თეძოზე მოკალათებული პირღია და მე ლაქასთან მებრძოლი.

შენს გამო ერთია უკვე დღეც და ღამეც, ხან როდის იძინებ ხან როდის.
შენს გამო აღარ მაქვს მობილური, იმდენჯერ დააგდე, გაფუჭდა.
შენს გამო მაცვია წითელი საღამური, გიჟდები ამ ფერზე. თვალებს აფაფხულებ და ჭყლოპინებ მთელი წუთი.
შენს გამო ვისწავლე იდაყვით წყლის ტემპერატურის გასინჯვა, თერმომეტრის ერთი ჩამოქნევით 36 გრადუსზე დაყვანა.

შენს გამო დიდი, გრძელი ნაკერი მაქვს მუცელზე,
მერე მოგიყვები, როცა გაიზრდები ამას.
შენს გამო სტრიები გამიჩნდა თეძოზე, ძუძუზე.
შენს გამო ვერ ვიკრავ პიჯაკებს, ვერ ვიცმევ ,,მაიკებს”.
შენს გამო დღეში ორ ლიტრამდე რძიანი ჩაის დალევა მიწევს.

ჯერ შვიდი თვის ხარ, წინ კიდევ ბევრი ,,შენს გამო” გველოდება მე და შენ.

ოღონდ ახლა დამაძინე რაა.

четверг, 11 ноября 2010 г.

აბლაალბა

ვიგრძენი,
ჭიპს დაბლა ჩვენი ბლანტი სითხის ნაყოფი მწიფდებოდა.
ფეხებგაშლილი ვწევარ. ერთ-ერთი ფეხებისგაშლის დროს მიღებულ სიამოვნებას საშოდან მგლეჯენ.
არ ვიცი ვინ არის, გოგოა? ან იქნებ შენსავით შუბლზე თმა ალოკილი ბიჭი.
არ ვფიქრობ ამაზე.
რკინა გაწკრიალდა ალუმინის ჭურჭელზე. დამთავრდა.
ფეხები გამეყინა, კალგოტკა გამხადეს შემოსვლისას და ნასკები არ გაქვს, ვერ წამოიღეო დამტუქსა ექთანმა.
ბებოს, სიკვდილის ბოლო დღეებში ჩემი შალის წინდები ხელიდან არ გაუშვია, სამშობიაროში შენს დაბადებას ორი დღე ველოდით და მაშინ მოვქსოვე ნერვიულობისასო, გნახე თუ არა ჩაგაცვიო, მითხრა მერე.
ახლა წელს ქვემოთ შიშველი ვწვარ. 15 წუთი არ ადგეო მითხრა ექიმმა. ფეხები რაღაც გაყინულ რკინაზე მიდევს და სილურჯეში წასულ ჩემს ფეხის თითებს ვუყურებ.
გაგიტკბა რაღაც, ადექი! მესმის ექთნის ხმა და ვდგები. აწი იცოდე, რომ ,,ნასკები"  უნდას წამოიღო დამაწია უკნიდან.

среда, 27 октября 2010 г.

კვერცხობანა

,,კვერცხია რაა" – ჩაიბუტბუტა, როგორც იცის ხოლმე, ბამბის მაისური მუცლისკენ ჩაიქაჩა, ბალიში ძირს გადმოაგდო, გულაღმა დაწვა და თვალები დახუჭა.

მინდა, მუცელზე დავადო თავი და ისე დავიძინო.

მიყვარს, როცა ჩემი თავი მისი მუცლის შეკუმშვის რიტმზე ადი –ჩადის.

მიყვარს, როცა მარჯვენა ყურთან, მისი მუცლის შიგნითა ხმაური მიფხაჭუნებს. მარჯვენა ყურზე კი მას უდევს ხელი, რადგან ყურებზე თუ არაფერი მახურავს ვერ ვიძინებ.

ახლა კი მისგან შორს ვარ. ეს უბრალოდ წარმოვიდგინე თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები მის შემდეგ, როცა ტელეფონზე დაურეკე, აბდაუბდა ველაპარაკე და ბოლოს უეცრად გაუთიშე. ან, დაიწყეთ კითხვა ამ ბოლო აბზაციდან შემდეგ გადადით პირველ წინადადებაზე. ,,კვერცხი " მე ვარ ანუ:)))