среда, 26 апреля 2023 г.

დასასრულს კი ახლის დაწყება მოსდევს

ჩვენ სხვადასხვა სახლებში გვძინავს. 

მე ისიც კი არ ვიცი ხვრინავ თუ არა, არც შენ იცი ღამღამობით ფეხები რომ მეყინება. 

 მე არ ვიცი დილით ჩაის სვამ თუ ყავას,  არც შენ იცი დილით როგორ ვიზმორები და მთელი ტანით როგორ ვიჭიმები. 

საწოლში სიგანეზე წოლაზე და ბალიშის თავზე დაფარებაზე აღარაფერს ვამბობ.

 ჩვენ სხვადასხვა სახლებში გვძინავს.

დილა მშვიდობისა! პირისპირ არასდროს გვითქვამს ერთმანეთისთვის.

შენ არ იცი ჩემი ამოჩემება თეთრ პირსახოცებზე, არც მე ვიცი შენი საყვარელი ქაფის სუნი. 

მე ჩემს სურვილებს ვერ ვაწყობ შენთან ერთად.

ვიცი, შენი სურვილების აწყობაც ასევე ვერ ხერხდება ჩემთან. 

დასრულდა.

ჰო, რაც იწყება დასასრულიც აქვს. 

დასასრულს კი ახლის დაწყება მოსდევს. 

понедельник, 23 января 2023 г.

გაიღიმეეეეე! ცხოვრება მიდისს

დავწერე ბევრი ანგარში.

შევძელი მარტო გავძღოლოდი ბევრ საქმეს.

ვისწავლე  – საკუთარი თავი უპირველეს!

ვისწავლე უარის თქმა. 

გავიკეთე უამრავჯერ შილაკი, ხელზეც, ფეხზეც. 

დავამატე ჩაიდნების კოლექციას დაახლოებით ათამდე ჩაიდანი.  

შევძელი კარგი ტარტის გაკეთება. 

შევამოკლე დუშის ქვეშ დგომის ხანგრძლივობა.

გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი.

ბევრ ,,კარგ" ადამიანზეც თვალი ამეხილა. 

გადავაგორე დიდი ნერვიულობა. 

გავაკეთე გადაცემები.

შევიყვარე სვანეთი.

ამასობაში, 2022  დასრულდა – გაიღიმეეეეე! ცხოვრება მიდის.

среда, 9 ноября 2022 г.

მე რომ ჯადოქარი ვიყო – ინსპირაცია საუბარი მასთან

მე რომ ჯადოქარი ვიყო, მამას გავაცოცხლებდი.

მე რომ ჯადოქარი ვიყო, ყველა იარაღს ბირთვულს და ყველანაირს ბაბუაწვერებად გადავაქცევდი.

მე რომ ჯადოქარი ვიყო, ასე, ოც კილოს დავიკლებდი. ცხვირს არ შევიცვლიდი, უხდება ჯადოქრებს კეხიანი ცხვირებიJ

მე რომ ჯადოქარი ვიყო, პუტინს გავაქრობდი მეთქი უნდა დამეწერა და არა, იყოს და ირბინოს  კრემლის წინ ბაბუაწვერების შეკვრით.  

მე რომ ჯადოქარი ვიყო, დეკემბრიდან თოვლს მოვიყვანდი. თებერვლის ბოლომდე ვათოვებდი, დიდრონ და ღუნღულა ფანტელებს.

მე რომ ჯადოქარი ვიყო, ჩემს მეზობელს კიბოს გამო რომ ძუძუ მოაჭრეს და განიცდის აღუდგენდი. თმასაც გავუზრდიდი წელამდე, აბრეშუმივით თმას ამოვუყვანდი.

მე რომ ჯადოქარი ვიყო, მას თავს შევაყვარებდი, აი ისე, ელეთ–მელეთი რომ მოსვლოდა ჩემზე.

მე რომ ჯადოქარი ვიყო, ჩემს სოფელში სასაფლაოსთან ფიცრულში მცხოვრებ ოჯახს სახლს ავუშენებდი.

მე რომ ჯადოქარი ვიყო, სასწაულ კოცნებს ვასწავლიდი ყველას.

მე რომ ჯადოქარი ვიყოოოო, უჰ, ღმერთობა მდომებია J 

вторник, 4 октября 2022 г.

იცეკვეთ

ბევრი ვიცეკვე, ბევრზე ბევრი.

მივბარბაცდებოდი ბართან მოვწრუპავდი და მერე ცეკვას ისევ ვაგრძელებდი. მინდოდა ეცეკვა. არ ცეკვავდა, არ სვამდა, იჯდა და ბაასობდა, ხანდახან ვგრძნობდი გამომხედავდა. 

არა, ცეკვა არ ვიცი, თუმცა როცა  მუსიკა მესმის ცეკვის არცოდნა რა მოსატანია. ცეკვა უნდა იგრძნო. ვიდრე უნდა იცოდე:) ჰოოო, ასე ვფიქრობ! 

ჰოდა, ვცეკვავდი. ტანზე უკვე ყველაფერი მიჭერდა. დაჯდომა მაინც არ მინდოდა.

 – წავედით,  – მომესმა ყურთან. 

– ჯერ იცეკვე, – ვუთხარი. გაეცინა და იდაყვზე მომეფერა. 

 – წავედით, – გამიმეორა. 

 – იცეკვე, – გავუმეორე ისევ. 

იდაყვზე ხელი გამიშვა და მითხრა – წავალ. 

 – წადი, – ვუთხარი მეც. ვიცოდი, რომ წავიდოდა, 12 საათი ხდებოდა, ისედაც გამიკვირდა ამ დრომდე როგორ გაჩერდა. 

მერე მობილურს ხმა გამოვურთე და ცეკვა გავაგრძელე.

пятница, 2 сентября 2022 г.

აქამდე ამ ამბებს ვხარშავდი

ჩემი დაბადების დღე იყო. ფორიაქა. საღამოს გულაღმა ვიწექი სასტუმროს ნომერში, უშველებელ საწოლზე და ჭერს ვუყურებდი. გარეთ კოკისპირულად წვიმდა. სულ წვიმს ამ დღეს, სულ, სულ.

ნახვა კი არა, არც მომილოცა! არ გავბრაზებულვარ, მქონდა ეს მოლოდინი თითქოს. გული დამწყდა უბრალოდ. ღვინო მოვწრუპე და როგორც ბავშვობაში ჭერზე ჩრდილებით მიმსგავსობია ვითამაშე.

მერე,  დაახლოებით, ათ საათი იქნებოდა როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ადამიანი რომელიც სტუდენტობისას მიყვარდა, ( ვიცოდი, რომ მძიმედ იყო ავად და საავადმყოფოში იწვა) გარდაცვლილა. 

გავიხსენე –  მეორე კურსზე ვიყავი ჩემს დაბადების დღეზე გამომიარა და ხინკალზე დამპატიჟა. მე მაშინ დიეტაზე ვიყავი, ( მგონი უკანასკნელად, მის შემდეგ აღარ მიდიეტია) ვუყურებდი როგორ ჭამდა. სადღაც მქონდა წაკითხული, სახეს როცა ხელისგულებში მოიქცევ და ადამიანს უყურებ ეს სიყვარულის პოზააო. ჰოდა, მაშინ სასიყვარულო წიგნებით აცეტებული ასე ვიჯექი მის წინ მაგიდასთან, იდაყვებზე დაყრდნობილი და ვუყურებდი სანამ ის ხინკალს თქვლიფავდა. ჭამეო, მეხვეწებოდა. მერე ქუჩაში ძაღლი გამოგყვა, ხინკლის სუნი გაქვს და მაგიტო მოგვყვება მეთქი, ამაზე ვხარხარებდით.

ღამით მომწერა, კალათი ჩამოუშვი რაღაც მოგიტანეო. (მეორე სართულზე ვცხოვრობდი) კალათი ჩაუშვი, ყვავილებს ველოდი. ცხელი, ქაფქაფა ხინკალი იყო და ,,სალფეტკი"  მინაწერით – ჭამე, მიყვარხარ!

ეს ბიჭი მოკვდა ჩემს დაბადების დღეს. სამძიმარზეც ვიყავი, პანაშვიდზეც, დასაფლავებაზეც.

ამ დღემ ცუდი და ძალიან ცუდი ამბების გამიჯვნა მასწავლა.