четверг, 1 ноября 2012 г.

,,ჩუტყვავილა"

ბატონები შემეყარა, მომიარე.

,,ბატონებო, ფრთიანებო, სახელსამართლიანებოო" - ჩამესმის ბებიას ლოცვა-ჩურჩული. მერე ანგელოზები ცხვება ცომისგან, რომლებსაც მე რატომღაც წითელი მანიკურით ვუხატავ თვალებს და მყავს საწოლთან ხის ლანგარზე თეთრი, ფუმფულა, წითელთვალებიანი  პურის ანგელოზები. 


სახლში ყველა ხმადაბლა ლაპარაკობს.  სიწითლე სახეზეც გადმომდის. ბებო წუხს - სახეზე არაფერი დარჩეს ბავშვს - სიცხე 39 -მდე მიწევს და დედას  ექიმის მოყვანა უნდა. ბებია საწოლთან თაფლის სანთელს მინთებს. ყველა ანგელოზის წინაც ანთებს სანთლებს და ლოცვა - ჩურჩულს იწყებს - ,,ბატონებო ფრთიანებო, შენი გზა დაილოცება, შენი აქ შემობრძანება" - ბოლოში თითქოს მღერის.

 დედას ხელში ავყავარ და ყელი თითქოს უთხელდება ჩემი ხშირი და ცხელი ამონასუნთქით.

,,ასე იცის  ბატონებმა სამი დღე მოდის, სამი დღე ჩერდება და სამი დღე მიდის," - მესმის ბებიას ხმა.

,,ცხრა დღე ექნება სიცხე?,"- დედას ხმაში ტირილია არეული.

,,არა, სიცხე მალე დაუწევს", - ამბობს ბებია მშვიდად. 

იმ დღეებიდან მახსოვს, რომ ძალიან, ძალიან მცხელოდა და ტანი მეფხანებოდა. დედას ჩემი ხელები ეჭირა და მკოცნიდა. მახსოვს სანთლების კვამლით დახატულ ფიგურებს სახელებს რომ ვარქმევდი და ყველაზე ხშირად ფეფე იხატებოდა - დიდმუცელა ქალი, თავზე დიდი ქუდითა და კეთილი სიცილით. მეც უღიმოდი ფეფეს ხოლმე. ბებია ამბობდა  - ,,ბატონების ანგელოზებს უცინისო". დედას ვგრძნობდი ეშინოდა, ხელს ამ დროს უფრო მიჭერდა თითებზე. მე შემეძლო მეთქვა რომ ფეფეს ვუცინოდი, თუმცა ხმას არ ვიღებდი. სახელების შემოკლება ბატონების შემდეგ დავიწყე.  ჩემს ძმას , რომელსაც ლევანი  ქვია კიკო დავარქვი:)  ფეფე,  კი,   ,,ჩუტყვავილას" შემდეგ აღარ მინახავს. 

,,ჩუტყვავილა" კი როგორც ბებიამ თქვა -  ,,ლამაზად წავიდა ჩემგან, არსად არაფერი კვალი არ დამიტოვა". 

ცხრა დღის შემდეგ ბატონების ჩემი ანგელოზები წითელ  ჩაის ტილოზე დააწყო ბებიამ და სოფლის გარეთ  ბუჩქზე დავტოვეთ. 

 ,,გაფრინდებიან", - მითხრა ბებიამ მაშინ. 

ერთი წლის შემდეგ  მართლა გაფრენილები დამხვდნენ ანგელოზები, იმ ბუჩქს ვერ მიაგნებდი, თორემ იქ იქნებოდნენო, გაფრინდებოდნენ არა კვახიო -მითხრეს ბავშვებმა.

სახლში დედას ვკითხე  - ანგელოზები მართლა გაფრინდნენ?

შენ როგორ ფიქრობ? - შემომიბრუნა კითხვა დედამ.

მგონი გაფრინდნენ -ვუპასუხე მე.

ხოდა გქონია პასუხიც - გამიცინა  დედამ. 

,,ჩუტყვავილა" ერთხელ ხვდება თურმე ადამიანს და ისიც ბავშვობაში, იშვიათად დიდობაში. 

ბატონები შემეყარა, მომიარე.

  

Комментариев нет: