воскресенье, 4 декабря 2016 г.

მე, სოფელი, მეზობელი და ფიქრები შვილზე # 4 - მამა

დილიდან წვიმდა. ბაბუას შიფერით გადახურულ სახურავზე ყოველი წვეთის დაცემა დათუს ხარხარს იწვევდა.ფეხებს ასხმარტალებდა და იცინოდა. მერე რძე გადმომივიდა გაზქურიდან, სუნმა შემაღონა, ფანჯარა გავაღე, კარები და  . . . კიბეებთან იდგა, სულ სველი, ამომხედა. ოთახში შევბრუნდი, ბავშვის ეტლს გადავეფარე რატომღაც.
  - რაღაცნაირად დაქალებულხარ, - მითხრა ჩვეული შეპარული ირონიით და ოთახში შემოვიდა, ამათვალიერა. მე მკერდზე ავიფარე ხელი უნებურად, მართლა უსაშველოდ გამეზარდა მკერდი ყველა ღილიანი კაბა თუ ზედატანი მასკდებოდა.
 - სიმშვიდემ იცის, - ვუპასუხე მეც ირონიით.
 - უფრო დედობამ, - თქვა და მომიახლოვდა.
 - კი, დედობამაც, - დავეთანხმე. ცხვირზე ჩამომისვა ხელისგული როგორც იცოდა ხოლმე და დათუსკენ დაიხარა. რამდენიმე წამი უყურა, მერე მე ამომხედა, თვალებში წყალი ედგა და გამოცრა - ცუდად მომექეცი!
  - წადი, - ვუთხარი ისეთი სიმშვიდით, რომ მეც გამიკვირდა.
   - ხვალ ამოვალ, აწი სულ ვივლი, ბავშვთან ვივლი, შეეგუე, - სიბრაზეს იკავებდა.
   - იარე, - ვუთხარი და გამეცინა და შიში მოლოდინისა როდის მოვიდოდა, როდის მომაგნებდა გაქრა. აქ იდგა ჩემს წინ, უკვე უდარდელად ავხარხარდი.
 კიბეებზე ვიღაც ამოიჭრა, ორივემ კარისკენ გავიხედეთ მეზობელი იყო. ყვითელი, ქუდიანი საწვიმარი ეცვა, ოთახში შემოვარდა.
 - ხო მშვიდობა, მანქანა დავინახე ჭიშკართან და, - უხერხულად დადგა ჩვენს წინ.
 - დაცვა გყოლია, - ირონიულად თქვა მან და გამომხედა.
 - ეს გკითხულობდა იმ დღეს, - მეზობელი ისეთი ალალი და  საყვარელი იყო.
 - წავედი, ხვალ მოვალ ისევ, - დამიბარა და იატაკზე სველი კვალი დატოვა.
 - დათუს მამაა?, - როცა ოთახში მარტოები დავრჩით მკითხა მეზობელმა და მომიახლოვდა.
  - კი, მამაა, მამა, - ვუთხარი. მაღალი იყო, ზუსტად გულამდე ვწვდებოდი.
  - გიყვარს? , - ისე მკითხა გამიკვირდა, ავხედე.
  - გინდა ჩაის დაგალევინებ, - ვუთხარი და გავიცინე.
  - მინდა დამალევინე, თან კითხვაზე მიპასუხე, - თქვა, საწვიმარი მოიხსნა, გვერდზე გადადო, დათუ ეტლიდან ამოიყვანა და მომაჩერდა.
 - არა, აღარ მიყვარს, - ვიცოდი ამ პასუხს ელოდა და ვუთხარი.
 - ცრუპანტელა, - მითხრა და გაიცინა. ეს შავი წვერი და გაცინება ძალიან უხდებოდა, თან ისეთი ალალი და გულწრფელი იყო.
 - ხვალ ცხვარი უნდა წავიყვანოთ მთაში ერთი თვე არ ვიქნები.
 - წამოგყვები, თან ბავშვი ჰაერს გამოიცვლის,  - გამიხარდა მე.
 - მთაში ცოლები მიჰყავთ, შენ აბა როგორ?, - ისეთი გულწრფელი იყო მომინდა მივფერებოდი.
 - სინათლე იქ არ გვაქვს, ვერ გაძლებ, ბავშვიც გაწვალდება, თორემ მე კი წაგიყვანდი, ადგა. მომიახლოვდა. რაღაცნაირი სუნი ქონდა, წვიმის, სოფლის, შრომის,შამპუნის, კენკრის. დათუ ცალ ხელში ეჭირა და ზემოდან დამცქეროდა. მე გულთან ვაკოცე, ჯემპრზე.
 - გული გამითბა, - თქვა და გამცილდა. დათუ ეტლში ჩააწვინა. ჩაი მოსვა.
 - აი, ჩაის გაკეთება კი ნამდვილად იცი, სასწაულ ჩაის აყენებ, - გაცინება სასწაულად უხდებოდა.

5 комментариев:

Kiwi комментирует...

ხშირად წერე რა! <3

matasi комментирует...

კარგი, ვწერ და რა სტიმულს მაძლევს შენ ხომ არ იცი:) მადლობა

irina iri комментирует...

საინტერესოა აწი რა იქნება?!
სულ მიჭირს, ხარ შენთვის, მშვიდად , ყოველი დღე რომ იცი ,ემოციურადაც კი, და ასე , აგრევს დაგრევს და აღარ იცი როგორ გააგრძელო...

matasi комментирует...

გაჩერებას ვაპირებდი და დამთავრებას, მაგრამ . . . როგორ გაგაწბილოთ :)
ვაგრძელებ:)

Kiwi комментирует...

მიხარია, შენც მადლობა!