понедельник, 6 апреля 2020 г.

ზღვის ბოდვა 2

ნაპირზე წევხარ ალბათ, ვიღაცის ფეხებთან გაშოტილს და გძინავს. ეგ ვიცი რუჯისთვის ნაპირზე კოტრიალს არ აპირებ. წვრილი კოჭის გამოჩენაზე თავს სწევ და თვალს აყოლებ, მერე ისევ იფხატებ ქუდს თავზე და ფიქრობ.

მე ვხედავ თუ როგორ ხტები წყალში, კარგად ცურავ. სიშიშვლეს, რომელიც გვიყვარს და ქალაქში გაკლია აქ ივსებ. დადიხარ შენი მწვანე შორტით და სათვალეებიდან  როგორც შენ გიყვარს თქმა –  წვრილკანჭა გოგოებს აკვირდები.

ხანდახან ვფიქრობდი რატომ შეგიყვარდი?

რამდენჯერაც გკითხე ახარხარდი. ერთხელ ასეც მიპასუხე  – თმა გაქვს კარგი. იმ პერიოდში თავი გადახოტრილი მქონდა, სამაგიეროდ  შენი თმის დავარცხნით და დაწნით ვირთობდი თავს.

მიყვარს, თმის დაბანის დროს თვალებს რომ ძალიან, ძალიან ხუჭავდი და ზოგჯერ ხელებსაც იფარებდი.

კარგად ვიყავი შენთან. რატომ ავიჩემეთ არდადაგები არ ვიცი. ანუ არდადეგები ერთმანეთისგან დასასვენებლად.

შენ ზღვაზე წახვედი.  მეც  ჩემს სოფელში.

ვითომ ინტერვიუს იწერს ვინმე :)

ჰო, რაღაც ცხოვრებისეული,  სურათებიანი ჟურნალისთვის, გასათხოვარი, დიასახლისები რომ ჰყავს მკითხველებად, ვითომ იქ იწერება :)

 დავიწყოთ, კი, ბატონო:)


როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ერთ ზაფხულს მეგობარს წავყევი სოფელში. მდინარეც გვაქვსო, ტყეცო და პატარა სახლიო. ჰოდა,  წავედით. ბებია ჰყავს. ხის ჭრიჭინა აივანი და დიდი მწვანე ეზო, გაშლილი ხელისგულივით.

ჩავედით და ყველგან ნათურები დავკიდეთ, გავანათეთ ეზოც. ქათმები ყავდა კიდევ ბევრი და ჭუკები. მე ყოველ დილით ჭინჭრის საკრეფად დავყვებოდი ბებოს, მეცვა შავი, დიდი ზომა მაღალყელიანი ,,ვალინკები" ბებოს ძველი გრძელსახელოებიანი, ჭრელი ფანელის ხალათი და ხელთათმანები. ყველას ეზოში შევდიოდით და ვკრეფდით ჭინჭარს დილაადრიან.
სოფელსი ჭინჭარზე ნებისმიერის ეზოში შეგიძლია შეხვიდე.  ბებომ იცოდა ვის ყავდა ძაღლი, ვის არა.  ჰოდა დილის შვიდზე უკვე მოვლილი გვქონდა ახლომახლო მეზობლების ეზო-კარი.

ერთ დილას,  მეზობლის ეზოში, სახლიდან საკმაოდ დაშორებით ვკრეფ ჭინჭარს მარტო და მესმის შხრიალის ხმა. გავსწორდი უცებ. დგას ჩემსკენ ზურგით ზოლიანი, გრძელ რტუსიანი ბიჭი, ტრუსი წაწეული აქვს და ფსამს. დავაცადე სანამ დაამთავრებდა, მორჩა, ამოიწია ტრუსი და შემობრუნდა.

 – გამარჯობა, რატომღაც მივესალმე.

 - გამარჯობა, მიპასუხა თვითონაც.

 - ჭინჭარს ვკრეფ, ავუხსენი ისევ  რატომღაც და გამოვბრუნდი  .

სახლში ბევრი ვიხარხარეთ როცა მოვყევი. ჟუკას შვილიშვილი იქნებოდა, მითხრა  ბებომ.

საღამოს გვესტუმრა, ჭინჭარისგან ჰქონდა გაკეთებული უზარმაზარი თაიგული  პარკში გახვეული  და ისე მოვიდა. ამაზეც ბევრი ვიცინეთ. მაშინვე მომეწონა. მერე მითხრა რომ თვითონაც მაშინვე მოვეწონე. ორი წელი გავიდა, ერთად ვართ.

Комментариев нет: