вторник, 12 ноября 2013 г.

წუხელ . . .

წუხელ მესიზმრე . . .

გავიღვიძე და გავიზმორე,
თვალები მოვიფშვნიტე და ტანზე შემოხვეული ღამის პერანგის გასწორება ვცადე.

წუხელ მესიზმრე  . . . 

სოფელში ვიყავით, ბაბუას სახლში.  შენ კიბის  სახელურს ღებავდი ვერცხლისფრად.  
მე ონკანთან მატყლს  ვრეცხავდი და კაბა მუცელთან სულ სველი მქონდა.

წუხელ მესიზმრე . . .



    

четверг, 17 октября 2013 г.

რატომ გარბიან კაცები ჩემგან, მოტივებზე - ,,რატომ არ გამომდის კარგი კოცნა"

როცა საბნის ქვეშ თავს შევყოფ და ქარის ხმა დაგუდული მესმის ვფიქრობ,  რომ ამ დროს მარტო არ უნდა ვიყო.

როცა კვერცხმიმწვარი ტაფის გარეცხვა მეზარება და წყლით სავსეს ვტოვებ იმედით რომ წყალი მარტივად გააშორებს კვერცხსა და ტაფას ერთმანეთს მიხარია, რომ მარტო ვარ.

როცა უკვე გამხმარ ,,პრიანიკს " ვპოულობ კარადაში და შინდის მურაბით ვჭამ  მინდა გვერდით მყავდე და ხმელ  ,,პრიანიკს"  სექსიც მივაყოლოთ, ხმელი მუცლები დავალბოთ.

როცა ვანაში  ცხელი  წყლის ორთქლისგან ყველაფერი გაურკვეველი ხდება და ხელით  შეგრძნებები მძაფრდება მინდა იქ იყო.


რატომ გარბიან კაცები ჩემგან . . .


вторник, 15 октября 2013 г.

დაუჯერე იაგოს


ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა დამეწერა, ზღვაზე გატარებულ დღეებზე და ღამეებზე. ვიღვიძებდი ზღვაზე გავრბოდი. შუადღით ,,სანტისიმოს”  ვწრუპავდი, სანამ პლასტმასის ბოთლი ბუყბუყა ხმით არ ამომძახებდა გავთავდიო, მერე ვიძინებდი, მერე ისევ ზღვაზე გავრბოდი, ვცურავდი და პლაჟზე ვიძინებდი. სხვები, რომ მზის ჩასვლას მეათასედ უყურებდნენ მე ქვიშაზე გაშოტილს მეძინა და  პატარა ქვებით  აჭრელებული ტანით ვტოვებდი სანაპიროს. ღამით,  ,,ჩემს ” აივანზე  ატმის წვენში გარეულ არაყს ვსვამდი და ასე ოთხისთვის ორსაწოლიან საწოლში მარტო ვიძინებდი. გარედან კარგა ხანს მესმოდა ხმაური და გოგო-ბიჭების წიოკობა. აივნიდან ვუყურებდი როგორ ეფარებოდნენ ბნელს და უხვევდენ ფიჭვნარში წყვილები - მაშინ ვინატრე ახლა რამდენი ადამიანიც ზასაობს ქობულეთში იმდენი ლარიანი, რომ მომცა ბარსელონაში მოვარტყამდი ერთთვიან  დასვენებას თქო. თუმცა ამჯერადაც ქობულეთს დავჯერდი. ზღვა ხომ იყო, თუნდაც სიმინდის ნაქურჩელებიანი ,  ფსელითა და მზით გამთბარი.

вторник, 18 июня 2013 г.

მატრაკვეცობანი ციკლიდან შენს გამო - გაგრძელება

  რომ არ დამავიწყდეს:)

მარიამი ქოთანზე ზის და თან ტიტინებს.

 - მაცივარს ჩემი ხელები ამჩნევიააა, ყველა თითი.

    - გაჩერდი!

ნახე, რა ლამაზად არის თითებიიიიი -აგრძელებს მარიამი.

მოეშვი რა! -  ვეუბნები ისევ.

ეგ  კი არა,  უნდა მითხრა  არა უშავს მარიამ,  გააგრძელეე - მეუბნება  და მაცივარს თითებით ალამაზებს.

ჩემს თვალებში ჩანს -  მატასი მიყვარხარ!  მატასი მიყვარხარ!
შენს თვალებში -  მარიამ მიყვარხარ!  მარიამ მიყვარხარ!


ჩვენ უნდა ვიყოთ ჩიტები და არა ხალხები, სულ ვიფრენდით და ვიფრენდით -დგას ფანჯარაში მარიამი, უყურებს ცას და ამბობს:)

გიორგი შენი მეგობარია? - ვეკითხები.
არა, ბიჭი მეგობარი არ მინდა კაბიანი გოგოები მინდა,  მეუბნება მკაცრად:)

სილინა გომესს - ახსენებს ხშირად  და  რაღაც სიმღერას მოაყოლებს, სად მოუსმინა ან სად გაიგო ვერ ვხვდები:))))))))



დრო და დრო სხვებსაც დავდებ.

среда, 24 апреля 2013 г.

მატრაკვეცობანი ციკლიდან შენს გამო



ორი წლის ხარ, კაბებს ირჩევ უკვე -  ამას არ ჩავიცმევ.  ეს ფუ ლას გავს!  ამიტომაც გვაყოლებენ ქუჩაში  თვალს -   კაბაზე  ჟაკეტით და ზემოდან  ,,ბოდეთი“  მოსიარულეებს.

არც თმის სამაგრები გიყვარს, ამიტომაც დავდივართ გაძეძილები. შენ დავარცხნა არ გიყვარს, მე კი ვერ ვასწრებ.

უკვე ბევრი ლექსები იცი, ოღონდ ჩემს გარდა არავის უყვები.  ველოსიპედს დააქროლებ  და  შოკოლადი ჩემს თავს გირჩევნია.

უკვე ზღაპრებს მისწორებ, რომლებიც ჩემი გამოგონებულია და ყოველ მოყოლაზე ახალ -ახალ ამბებით  ვალამაზებ, შენ მაჩერებ და მეუბნები - ეგ არააა, ეგ არ უთხრაა, ამიტომაც ყოველ ჯერზე თავს ვიმტვრევ სხვა რაღაც მოვიგონო  რომ აღარ შემისწორო.

უკვე იცი რომ წვნიანი უნდა ჭამო, დაძალება აღარ გინდა.

უკვე იცი, რომ სტაფილო მარგებელია და აკნატუნებ.

საკმაოდ ჯიუტი ხარ, როცა ბრაზდები  უბრალოდ არ მამჩნევ.

ყოველ საღამოს  ახალ-ახალ ცეკვებს ვდგამთ, შენ ყოველთვის სოლისტი ხარ.

კატები გიყვარს ჩემგან განსხვავებით და კიდევ ჯარისკაცები, სადაც არ უნდა იდგნენ ყოველთვის მოკრავ ხოლმე თვალს და ეძახი - ჯარისკაცებოო  სამშობლოს  დამცველებოო!!!

ამ ჩანაწერებს როცა გაიზრდები  წაგაკითხებ ალბათ.

მანამდე  მინდა ყველა შენი ,,სისულელე“ ჩავიწერო - კურდღელი ჭამს სტაფილოს, ძროხა ჭამს ბალახს, დათვი ჭამს თაფლს, მგელი ჭამს ბებიებს.