пятница, 17 октября 2014 г.

პიტნა დავაყენე

პიტნა დავაყენე
ისედაც თხელები ცხელ წყალში მთლად მოიღვენთნენ და ძარღვები მეტად  გამოუჩნდათ, თეთრი  ძაფები.
მერე ფოთლებმა ფერი დაკარგა, გაღიავდა. გამუქდა წყალი.
პიტნის სუნი დატრიალდა ოთახში.  ჩამოუარა ფანჯრის რაფაზე ჩამწკრივებულ ყავისფერქოთნიან პატარა ბროწეულებს.
უფარდო ფანჯარას სუნთან ერთად ორთქლიც დაუტოვა.
ჭერზე კონწიალა ნათურასაც შეუღიტინა.
ტახტზე გაწოლილ ჭრელა ფარდაგსაც გადაუარა და გაბერილ ფინჯანში დაბრუნდა.
პიტნა დავაყენე, გამომიარე.

четверг, 11 сентября 2014 г.

:(

მე ვისწავლე ცხოვრება უშენოდ.
ქუჩაში მეორე მხარეს გადასასვლელად  აღარ ვაცეცებ ხელებს შენი თითებისთვის.

среда, 18 июня 2014 г.

მდაა . .

კარზე კაკუნია. გასაღების წაღება დაავიწყდა  ეტყობა -  გავიფიქრე და საკეტი გადავატრიალე. ზღრუბლზე უცხო მამაკაცი იდგა. გამიღიმა და მომესალმა. მეც დაბნეულმა გავუღიმე. ამ სახლში არავინ ცხოვრობდა და არც არავინ  მოდიოდა ჩვენს გარდა. მე და დათუ  ავდიოდით ხოლმე,  შეუთანხმდებოდით ერთმანეთს და ავრბოდით . ახლა კი სტუმარი...
 -   დავითს დაუძახეთ,   - მითხრა კაცმა და ისევ გამიღიმა.

вторник, 12 ноября 2013 г.

წუხელ . . .

წუხელ მესიზმრე . . .

გავიღვიძე და გავიზმორე,
თვალები მოვიფშვნიტე და ტანზე შემოხვეული ღამის პერანგის გასწორება ვცადე.

წუხელ მესიზმრე  . . . 

სოფელში ვიყავით, ბაბუას სახლში.  შენ კიბის  სახელურს ღებავდი ვერცხლისფრად.  
მე ონკანთან მატყლს  ვრეცხავდი და კაბა მუცელთან სულ სველი მქონდა.

წუხელ მესიზმრე . . .



    

четверг, 17 октября 2013 г.

რატომ გარბიან კაცები ჩემგან, მოტივებზე - ,,რატომ არ გამომდის კარგი კოცნა"

როცა საბნის ქვეშ თავს შევყოფ და ქარის ხმა დაგუდული მესმის ვფიქრობ,  რომ ამ დროს მარტო არ უნდა ვიყო.

როცა კვერცხმიმწვარი ტაფის გარეცხვა მეზარება და წყლით სავსეს ვტოვებ იმედით რომ წყალი მარტივად გააშორებს კვერცხსა და ტაფას ერთმანეთს მიხარია, რომ მარტო ვარ.

როცა უკვე გამხმარ ,,პრიანიკს " ვპოულობ კარადაში და შინდის მურაბით ვჭამ  მინდა გვერდით მყავდე და ხმელ  ,,პრიანიკს"  სექსიც მივაყოლოთ, ხმელი მუცლები დავალბოთ.

როცა ვანაში  ცხელი  წყლის ორთქლისგან ყველაფერი გაურკვეველი ხდება და ხელით  შეგრძნებები მძაფრდება მინდა იქ იყო.


რატომ გარბიან კაცები ჩემგან . . .