среда, 10 октября 2012 г.

ქუჩაში ნაპოვი ფურცლებიდან

მეექვსე თვე იწურება რაც გავთხოვდი. ავდექი მის სახლში გადავბრაგდი, ხელიც მოვაწერეთ და ჯვარიც დავიწერეთ. ანუ აღარც მრუშები გვქვია და აღარც უკანონოდ ვცხოვრობთ ერთად.


სამსახურს თავი დავანებე.

 -  რა ხელფასი გაქვს ახლა ეგეთი? ყოველ კვირას მოგცემ მაგდენ ფულს - მითხრა ქმარმა. გავიცინე და სახლში დავჯექი.

მზა საჭმელი მაღაზიიდან ამოგვქონდა. მე მთელი დღე ჩაიც მყოფნიდა, საღამოს კი ქმართან ერთად ვახშმობდი.

- მოდი აბა ახლა სცადე რამეს გაკეთება, ეს მაღაზიის საჭმელები ყელში ამომივიდა -მითხრა ქმარმა ერთხელ. გაუცინე და ის დღე სამზარეულოდან ვერ გამოვედი, ვწვი და ვხრაკე, ვადუღე და ვათუხთუხე საჭმელები.

 -აჰაა, გამოგსვლია რაღაც - მითხრა ქმარმა. ხოდა მეც დავიწყე სამზარეულოში ტრიალი.

რადგან გარეთ იშვიათად გავდიოდი მეგობრები სახლში მაკითხავდნენ, ხან ხაჭაპურს ვახვედრებდი ცხელს, ხან რას ხან რას,  ხოდა სამსახურის შემდეგ კისრისტეხვით გამორბოდნენ სულ ჩემთან. ვიჯექით ვხარხარებდით და ვჭორაობდით.

 - ეს შენი დაქალები სულ აქ უნდა მხვდებოდნენ? აბაზანიდან შიშველი ვეღარ გამოსულვარ -  მითხრა ერთხელ ქმარმა. ხოდა გოგოებს უთხარი შუადღეზე გამომიარეთ ხოლმე მეთქი, ერთ-ორჯერ გამომიარეს, მერე აღარ. დაიკარგნენ.

 სექტემბრის ბოლოს,  ბოლო ხუთი წელია გერგეთზე მივდივარ, შემოდგომით უკარგესია იქაურობა.  ხოდა წელსაც ვუთხარი ქმარს, ავიბარგე.  სამსახურიდან დამირეკა ვერ გამოდივარ უამრავი საქმე მაქვსო. ისედაც სულ მარტო დავდიოდი ხოლმე, ავიკიდებდი ფოტოაპარატს, ჩავაგდებდი კედს და  თბილ ,,ნასკებს"  მანაქანაში და მივდიოდი, ხოდა ახლაც ასე მოვიქეცი. გზაში დამირეკა. სახლში ვეგონე და რომ გაიგო უკვე ბულაჩაურს გავცდი გაბრაზდა.

 -  ღამით ჩამოვალ მეთქი  - ვუთხარი მშვიდად, თუმცა მთელი გზა   მისი ხმა ჩამესმოდა, რატომ წახვედი!! რატომ წახვედი!

 ულამაზესი იყო იქაურობა,  სოფლიდან ფეხით წავედი, ტაძარი შორიდან ნისლში იყო. გალავანზე ვიჯექი და ვფიქრობდი  სწორად მოვიქეცი თუ არა როცა წამოვედი. დავასკვენი, რომ სწორად მოვიქეცი. ეკლესიაში სანთლები ავანთე. ბევრი ფოტოც გადავიღე და დაბლა დავეშვი.

ღამის ორი საათი იქნებოდა სახლში რომ დავბრუნდი. ტალახიანი კედები კარებთან დავყარე.  ვიბანავე და წინა ოთახში მდივანზე დავწექი. დილით კოვზის წკარუნმა გამაღვიძა, ჩაის სვამდა.  კედები გაერეცხა და აივანზე ეკიდა ათი ,,შპილკით" .

 - ჩაი გამიკეთე რაა - ვთხოვე და ფანჯარასთან დავდექი.
მადუღარიდან უცებ ჩამოასხა წყალი, თითებშიც ეტყობოდა სიბრაზე, მე კიდე რატომღაც მეცინებოდა ან რა იყო გასაბრაზებელი ვერ ვხვდებოდი.   ხმა არ ამოუღია ისე წავიდა სამსახურში. ფანჯრიდან ვუყურებდი, მანქანის კარი რომ გამოაღო ამოიხედა. მე ენა გამოვუყავი. გაეღიმა, მხოლოდ მე რომ ვატყობ ისე გაეღიმა. შეუმჩნევლად და შიგნით.

იმ დღეს საჭმელი არ გამიკეთებია, გოგოებს გადაურეკე და  სახლში კონიაკი დავლიეთ ბევრი და უზომოდ. მერე მაგიდაზე ვიჯექი და გოგოების  თანდასწრებით  ქმარს ულტიმატუმებს ვუყენებდი - ხვალიდან სამსახურს ვიწყებ!  - თუ მოგშივდება ორივე ერთად გავაკეთებთ რამეს!  - ისევ ვივლი ჩემი მანქანით მთებში და ტყეებში, ღრეში თუ გადასაკარგავში!  - ვერ შემცვლი, ახლა უკვე ვეღარ შემცვლი!  -ნუ გინდა გადამაქციო კუხნის ქალად!  - ხმამაღლა ვყვიროდი და ქმარს ვუყურებდი. ჩუმად იჯდა იატაკზე  ფეხებმოკეცილი და დაბლიდან  მიყურებდა.

 დილით ისევ მდივანზე გამეღვიძა, ტანსაცმლიანს და კონიაკის სუნით აყროლებულს. სამზარეულოდან ისევ კოვზის წკარუნის  ხმა ისმოდა.

 - ვიცი გღვიძავს, გამოდი დაგელაპარაკო,  - მომესმა სამზარეულოდან. მხოლოდ გვერდი ვიცვალე და პლედი თავზე გადავიფარე.

   - რომ გელაპარაკები მომისმინე - თავზე მადგა უკვე, თავი ავწიე და შევხედე.

  - გისმენ - პირი ისე მქონდა გამომშრალი ძლივს ამოვთქვი.

  - წუხელი საზიზღრად იქცეოდი - თქვა და გაჩუმდა.

 - შენ ბოლო  სამი თვეა საზიზღად მექცევი - უთხარი და ჭერს ავხედე ცრემლი, რომ არ გადმომვარდნოდა.

 - საზიზღრებთან  არ ცხოვრობენ, ამიტომაც წავალ -ავდექი და აივანზე დაკიდებული კედები მოვხსენი და ამოვიცვი.  ნელ-ნელა ჩავალაგე ჩემი ნივთები. ის იჯდა და მიყურებდა, არ უცდია გაჩერება. ფოტოაპარატის ჩანთა ვეძებე დიდხანს, რომ იპოვი შემეხმიანე და წავიღებ . კარებისკენ წავედი.

 - შენ მგონი მართლა გააფრინე, დადე ეგ ჩანთა და ნუ ტუტუცებ ამხელა ქალი! -  ხმამამღლა მითხრა, ასე თუ შეეძლო გაბრაზება ვერც წარმომედგინა.  მოვხედე, თვალებგაფართოებული მიყურებდა.

 - მივდივარ - ვთქვი ისევ მე.

 - დადე ეგ ჩანთა!!! -დამიყვირა და ჩემსკენ წამოვიდა. რატომღაც ვიფიქრე, რომ დამარტყამდა და თვალები დავხუჭე. ცხვირმა მისი სუნთქვა იგრძნო. იდგა წინ და ცხენივით ფრუტუნებდა.

(აუუ, ეს პირველი შემთხევაა, როცა პერსონაჟი -ქმარი შემიყვარდა, ხოდა არ ვიცი როგორ დავამთავრო ეს ბოდვა, ვისაც როგორ უნდა ისე დაამთავროს, მივიღებ ყველა ვარიანტს) 








3 комментария:

ნინო комментирует...

მეც შემიყვარდა შენი ”პერსონაჟი ქმარი” :) მე დავრჩებოდი ))

Sophie שרה Golden комментирует...

მოიცა, დაარტყა თუ არა?

რა კარგ რამეებს წერ, ჟურნალებში უნდა დააბეჭდინო, ადრე ჩემს ახალგაზრდობაში სარკე და ანარეკლი აქვეყნებდნენ მსგავს მოთხრობებს და ხალხს აღნავლებდნენ გემოზე. ჩემი ახლობელი წერდა ერთერთი ასეთი ჟურნალისთვის, გადარია მთელი საქართველო :დ

matasi комментирует...

ნინო, გაგაცნობ ,,ქმარს":)
სოფი, ქმარი შემიყვარდა და თუ შემიყვარდა ეს უკვე დარტყმას გამორიცხავს:)ისე თუ გინდა შენებური ვარიანტი დაწერე და დავდებ ჩემთან.

ვიფიქრებ მაგ ჟურნალებზე, მივაწვდენ ხმას:))))))))))