среда, 17 октября 2012 г.

ან რა გაგვყრის ჩვენ ერთმანეთს

ლექციაზე მეძინა. მკლავებში თავი მქონდა ჩარგული და გემრიელად წაუხვრინე. ბოლოში ამიტომ დავჯექი, რომ არავის შევეწუხებინე. გამომეღვიძა და ლექტორის ბოლო ფრაზას მოვკარი ყური. 
მშია, უკვე ერთი კვირა ნორმალურად არ მიჭამია. სახლში კი ავედი, მაგრამ არ ვჭამე . დედაჩემს უთხარი, ანანომ მაგარი ქათმის საჭმელი გააკეთა, აი, შენზე უკეთესი და გემრიელად გეხელი – თქო. აბა ხომ არ ვეტყვი კვერცხის შეწვაც არ იცის და მაგის გაკეთებაც მე მიწევს - თქო.
 დედაჩემმა ისედაც იცის უჩემოდ ყველაფერი. ჰოდა, მესამე ლექციაზე ვიგრძენი, რომ ძალიან მშია. დღე მშიერი დავდივარ. ღამე ანანო არ მაძინებს და ასე როდემდე გავძლებ არ ვიცი. დღეს თემო უნდა ვნახო, უფრო სწორად მამა იერომიელი, ჩემი ბავშვობის მეგობარია. უკვე წელიწადზე მეტია ბერად აღიკვეცა, მომენატრა, აუცილებლად ავალ მონასტერში. ანანოც ამოიყვანეო მეუბნება, მაგრამ ანანოს ახლა არ სცალია, ესკიზებს და მოდელებს არჩევს ჟურნალისთვის, თან ვიცი არ წამომყვება და არც ვეუბნები. მოკლე SMS ვწერ ,,მომ - - - ე - - ნატრე”, პასუხიც წამში მომდის. თითები ისე აქვს მიჩვეული უკვე ვხვდები, ხელში მარკერი უჭირავს, მაგრამ წკაპ-წკუპ უცებ მწერს ,,მაცდენ, მომ - - ე  - - ნატრე”.

მეოთხე ლექციაზე აღარ ვრჩები. ეკატერინე როგორც ყოველთვის დაბნეული მიყურებს, რატომ მიდიხარ, დარჩი რა. ეს გოგო მაგიჟებს, ისე ცდილობს ჩემს განათლებაზე ზრუნვას, რომ გადაირევა კაცი. ხანდახან ვფიქრობ დედაჩემმა ხომ არ დაიქირავა ჩემთვის ყურადღების მოსაქცევად -თქო. მზრუნველი ეკატერინე ახლა გვერდით მიდგას. 
 - ავად ხომ არ ხარ? ცუდი ფერი გაქვს და მთელი ლექცია გეძინა.
 -  გადასარევად ვარ, რა ფერი, ვეუბნები და ცხვირზე ვკოცნი. ცოტა დაბნეულია, ცოტა  ფართხუნა, იმსიგრძე კაბები აცვია კაცი ვერ გაიგებს როგორია, სათვალეებიც აქვს დაკოსილი და ნაწნავიც მუდამ დარიკოსავთ უკან გამოსკვანჯული. ცხვირზე როცა ვკოცნი ინაბება, ახლა ორჯერ ვაკოცე და ნაწნავი წინ გადმოუწიე, გაეცინა, უნივერსიტეტის გასასველიდან მოვიხედე, სადაც დავტოვე ისევ იქ იდგა, ხო არ უყვარვარ დამკრა. 

შიმშილმა ეკატერინე დამავიწყა, ტაქსის ფული არ მაქვს, მამაჩემის მოცემული მთელი თვის სამყოფი ფულიც ანანოს მივაბარე, მან კი გუშინ მგონი მეთხუთმეტე ფოტოაპარატი იყიდა და ეს ორი დღეა ვპოზირებთ და ვართ. მერე  დაბეჭდა და ახლა ჩვენს ოროთახიან ბინაში მთელი კედლები ჩვენი სურათებითაა დაფარული. მე მძინარე, ანანო თმაგაწეწილი, მე და ანანო ჩახუტებული, გაგიჯდება რა კაცი. ბაბუაჩემს უთქვამს სანამ იგიჟებენ იყვნენ , მერე მობეზრდებათ და ოჯახურს დაიწყებენო, ალბათ მართალია. მაგრამ ვხვდები, რომ უკვე მინდა ოჯახური. პირველ რიგში იმიტომ რომ მშია, იმდენი ფული კი არ მაქვს, რომ ყოველ დღე კაფეში ვიკვებო, არც ის შემიძლია რომ ყვითელი ავტობუსით ვიარო, მანქანა თვეზე მეტია ანანოს დაყავს, დილით ადრე მიდის და ცოდოა. 

ამ ავტობუსებს ხომ ვერ გაუგე ვერაფერი, ვერა და ვერ დავიმახსოვრე სად რომელი ნომერი მიდის, ახლაც ფეხით მომიწია სიარულმა.  

 - მამა იერომიელი ზემოთა ტაძარშია დამალე  ჩამოვაო, -  მითხრა ახალგაზრდა კაბიანმა ბიჭმა და დამტოვა. პატარა ეკლესიიდან გალობა ისმოდა, რაღაც გავთბი. თემოს წვერები და თმა უფრო გაზრდია, ძმაკაცურად ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ანანო ვერ იქნა და ვერ ამოიყვანე არა აქამდე, მითხრა და გაიცინა. წინ ვუზივარ, მიყურებს და მინდა ყველაფერი უთხრა, უყვები ჩემს გიჟურ ოჯახურ ყოველდღიურობას. მისმენს. ანანო თემოს გვერდით იჯდა ხოლმე, მისი გიჟობების შესახებ თემომ ყველაფერი იცის. ახლაც ფოტოაპარატის ყიდვაზე იხარხარა. 

 - გახსოვს მთელი კვირა რომ მათხოვრობდა?  - მომაგონა თემომ, გამახსენდა. მაშინ ბლომად ფული დააგროვა, კავკასიური ნაგაზი იყიდა და ბავშთა სახლში აუყვანა ერთ ბიჭს, ტელევიზორში უნახავს და ინატრაო, ისეთი ცრემლიანი თვალები ქონდა და აბა რა მექნაო, აგვიხსნა მაშინ მე და თემოს. სხვები კი მგონი სულ ეკიდა რა . . . მაშინ მე და თემოსაც ანანოს გარდა ყველა გვეკიდა. მერე თემომ მეთერთმეტე კლასში  ღმერთი იპოვა, მე და ანანომ ერთმანეთი და უღმერთოდ დავრჩით. თემო, რომ ბერად აღკვეცეს ანანომ იტირა, ძალიან იტირა. ერთი კვირა ფოტოებსაც ვერ იღებდა, აქ არც არასდროს ამოსულა. თემო ჩამოდის ხოლმე ჩვენთან. 
 - გაიხადე რა ანაფორა და გიგის ჯინსი ჩაიცვი რა - , ეხვეწება ხოლმე სულ ანანო. თემო კი ხარხარებს და ხარხარებს, სულელოო ეუბნება და დაჭკვიანების კურთხევას აძლევს, ანანოს კი ასეთი რამეების არ სჯერა და კისკისებს. 

ზარის შემოკვრამ გამოგვაფხიზლა, წამოვდექით.
 - დამიცადე მოვალ,  -  მითხრა თემომ და თავის კელიისკენ გასწია, გამოვიდა და ფული მომაწოდა, მამაჩემმა ამომიტანა და მე რად მინდაო. გავბრაზდი არ ვართმევდი, მაგრამ ისეთი სითეთრით მთხოვა აიღეო, გამოვართვი.
 -  აპარატი აღარ იყიდოთ ოღონდ,  -  დაამატა სიცილით.  
- ეგ შენს გიჟ დაქალს უთხარი-თქო,-  გამეცინა მეც.

მაღაზიაში ანანოს საყვარელი კრუასანები და ღვინო ავიღე, ჩემთვის საჭმელები და ავედი. ცივა, გათბობა ჩავრთე, ყველგან ტანსაცმელი და ფურცლები ყრია. ვჭამე, მდივანზე ბალიშს ანანოს სუნი აქვს ცხვირი დავადე და მინდა რომ მალე მოვიდეს. დედაჩემი რეკავს, ანანო დამალაპარაკეო, ბანაობს ცოტა ხანში დარეკე თქო, ვატყუებ, აბა თორმეტია დაწყებული და ხომ არ ვეტყვი ჯერ არ მოსულა თქო, ხომ გადაირია ქალი. ანანოსთან ვრეკავ, მოვდივარ არ დაიძინო მესმის მისი ხმა და მომენტალურად ვფხიზლდები. კარებზე გასაღების ჩხაკუნის ხმა მესმის, შემოფარფატდა, უზარმაზარი ჩანთით, გრძელი ჟაკეტით, ჯინსით. ასეთი მიყვარს მუდმივად აჩაჩული და უსუსური. მუხლზე თავი დამადო და ფეხებზე მომეფერა. წამი იყო მაგარი. მერე ხელისგულზე მაკოცა. ღვინო გვაქვს, გიყიდე უჩურჩულე ყურში, თემომ დაგვასპონსორა.

 ახლა ჩემი ჯემპრი აცვია, დიდი აქვს და მუხლებამდე წვდება, სავარძელში ჯდება მუხლებზე გადმოიწევს ხოლმე ჯემპრს და კუ ვარო იძახის. მერე ორივე შევყოფთ ხოლმე ჯემპრში თავს და გარედან შემოდის ,,დაკლეტკილი" სინათლე, ვხალისობთ რა. მგონი დაბადების წუთიდან მიყვარს, ბაღშიც ერთად დავდიოდით, სკოლაშიც. ახლაც ერთად ვართ.
 -  მომენატრე -  მესმის მისი ჩურჩული და ვხვდები ეძინება, ძილიც უცნაური იცის, მოიკუნტება, ნიკაპი თითქმის მუხლებზე უდევს და ისე ძინავს.
 -  არ გშია? -  ვეკითხები.
 -  კი, მაგრამ მეზარება -  მპასუხობს  ჩურჩულით. ტელეფონი რეკავს დედაა, პირდაპირ ანანოს ვაწვდი, ლაპარაკობენ. არ უსმენ ღვინოს ვასხამ ჭიქებში. ხვალ თქვენი ტანსაცმელი გამოიტანე გაგირეცხავთო ლია დეიდამ მეუბნება ანანო.ლია დეიდა დედაჩემია ასე ეძახის რძალი, პატარაობიდან ასე არის მიჩვეული. წავიდეთ ხო, თან მაგრა მომენატრნენ, ერთი კვირაა არ ავსულვართ, მეუბნება და ღვინოს წრუპავს. 
 - გინდა შვილი რომ გვყავდეს? -  მეკითხება უეცრად, ამაზე არ მიფიქრია, დავიბენი პასუხი ვერ გავეცი. რა შვილის გამზრდელები ჩვენ ვართ ჯერ. ანანოს მართლა ოჯახობანას თამაში გონია ყველაფერი. უღიმი. აი, მე კი მინდა, ძალიან მინდა. მუცელი რომ გამებერება, მერე ბიჟი რომ გვეყოლება, ძუძუს მოვაწოვებ, გაიზრდება, შენ ქუჩაში გაიყვან, თემო მონათლავს, მერე მეორე გვეყოლება, მესამე, მეოთხე, მერე რა ბევრნი ვიქნებით? აქაც მოგვიწევს საწოლის დადგმა, რომ აღარ დავეტევით. კვერცხი ვერ შეუწვია და უცებ ოთხი შვილი გააჩინ- გაზარდა. 

წარმოვიდგინე ანანო ფეხმძიმე, რაღაც სასიამოვნოდ აფუებული და შევსილი, მოუხდება ძალიან, ვფიქრობ და ვაკვირდები. ჟემპრის გრძელ სახელოებში ხელები არ უჩანს, ფეხებიც ჯემპრში აქვს შემალული და დიდი შავი თვალებით მიყურებს რას ვიტყვი. სოფელიც აგვიშენებია მაშინ მე და შენ-ვამბობ და ვიცინი. ამომხედა, სევდიანი მომეჩვენა რაღაც. მდივნზე დავჯექი, კალთაში თავი ჩამიდო და ჩემი ხელები მკერდზე მიიკრა. ბედნიერი წამი იყო. სიჩუმე, მე და ანანო. გაუთიშიხართ ოდესმე ბედნიერებას. ვიჯექი და ფეხის თითებშიც ვგრძნობდი, რომ ბედნიერი ვიყავი.  

დღესაც ლექციები მაქვს არ წავალ და ეგაა, რაღაც პროგრამა ყოფილა საზღვარგარეთ სწავლაზე ეკატერინემ მითხრა შენი საბუთები შევიტანე და შენ აგირჩიესო მეუბნება დღეს, გასაუბრებაზე მოდიან და დაელაპარაკეო. უბერავს ეს გოგო რა , არც უკითხავს ადგა და უჩემოდ საბუთები შეიტანა, სად წამსვლელი ვარ ახლა მე ანანოს გარეშე ორი წელი? ანანო კი სად წამოსვლელია ჯერ თავის- ჟურნალის გამოშვება ახლა დაიწყო და გადაყვეს თავზე მგონი, ამას მიატოვებს? ხოდა არსად წამსვლელი მე არ ვარ თქო მივახალე ეკატერინეს, კარგი რა გადაირივნენ ისე მოეწონათ შენი მონაცემები. უკონკურენტო ხარ, აღფთღოვანებით მელაპარაკება ეკატერინე. რვზე გაქვს შეხვედრა. მე არავისთან არ ვაპირებ შეხვედრას, უპასუხე კატეგორიულად. კარგი რა, თვალებში ცრემლები მოადგა ეკატერინეს. ვერ ვიტან რა ქალის ცრემლებს. კარგი, კარგი შევხვდები, დავაიმედე ეკატერინე. ხო შეხვდი, ახლავე კი არ გიშვებენ რამდენიმე თვეში. თუ გშია წამო სახლიდან ბუტერბროდი წამოვიღე და ვჭამოთ მეუბნება დაწყნარებული. მინდორში დავსხედით და გულიანად ვაჭამეთ ხორციანი პური, გემრიელი იყო ძაან. ეკატერინეც ბედნიერი ჩანდა, რაღაც აციმციმებული. შენ რომ არ იყო აქ არც მოვიდოდიო, შენ რა ჩემთვის დადიხარ თქო ვეხუმრე მე და გამებუტა. ადე წამო თქო და გვერდზე გაიხედა, მერე ხელებში ხელი წავავლე და კი არ წამოვაყენე წამოვაფრინე, ანანოსავით ფურფუტა იყო. მესიჯი მომივიდა მომ - - ე - - ნატრე. 

ირაკლისთან ავედი, ეკატერინეც წამომყვა, მაკონტროლებს რომ შეხვედრაზე მივიდე დღეს, ხოდა დამსდევს კუდში. ირაკლი მარტო იყო, ეკატერინეს რა თვალით შეხედა არ ვიცი გადაეკიდა გადაგიღებო, ოღონდ უფრო შილიფად ჩაგაცმევო. პირველად ვნახე ქალში მონაზვნური სიმორცხვეო, ეკატერინე აიწურა, აიწურა და მთლად დაპატარავდა. მე ჯერ გამეცინა, მერე ირაკლი რომ აღარ მოეშვა წავიდეთქო ვთქვი, ირაკლიმ თქმა მაინც მოასწრო, აუ მაგარი გოგოა ამოიყვანე რა კიდევ. სასწავლებლამდე ხმა არ ამოუღია, რა ტიპია ესეც, რას უთხრა ამისთანა, რამ გადარია. შეხვედრაზე შევედი, იქ ტიპები დამხვდნენ ფული აქვთ რა და უნდათ კეთილშობილურ საქმეში ჩადონ, ხოდა მიშვებენ სასწავლებლად. მთლიან ხარჯებს მინაზღაურებენ. ძირითადად ისინი ლაპარაკობდნენ, ერთი ქალი ძალიან მონდომებულია, მერე რომელიღაც ადგილას ბანკეტზე მეპატიჟებიან და ვემშვიდობები, ასე ერთი სათი მელაპარაკნენ რა, დავიღალე. ანანო სამსახურში მელოდება. გამოვედი, ეკატერინეს ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარს ძინავს. მეთქი წავალ არ გავაღვიძებ თქო,მაგრამ მერე შემეცოდა. ცხვითან თითი მოუცაცუნე , წამსვე გაიღვიძა, ოოო ესეც კაი დაბნეული ვიღაცაა რა. ვერ წახვედი სახლში? ვუსაყვედურე. მანქანას მართავს  გაგიჟდები, ანანოს სამსახურამდე მიმიყვანა. წახვალ ინგლისში? მკითხა რაც აწვალებდა, ინგლისში არა, მანგლისში კი მაგ დროისთვის, უთხარი ცხვირზე ვაკოცე და მანქანიდან გადმოვედი. 

ანანო დამხვდაააააა, თმებში ორი პასტა და მარკერი ქონდა დამაგრებულ.  ხელები გათხვრილი და დაღლილი.მკერდზე მომეყრდნო. ისე მშია, ისე მშია შენც შეგჭამ. ჩემებთან წასვლა გადავწყვიტეთ. აბა სხვაგან ხეირიანად სად დავნაყრდებოდით. ბებიაჩემი დიდიხანს ეფერა ანანოს, ჩემი ანგელოზიო სულ ასე ეძახის, ანანოც ზის ხოლმე გატრუნული და ალერსს იღებს. მამა რაღაც შეცვლილი მეჩვენა, სამსახურში პრობლემები აქვსო მიჩურჩულა დედამ. მიყვარს აქ ყოფნა, თუმცა რაც ანანო მოვიყვანე ცალკე გადავედით, ის სახლი ბაბუამ მიყიდა როცა დავიბადე და იქ უკვე ცოლიანმა კაცმა დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება, არა რა დამოუკიდებლად იქ გვძინავს თორემ …. . . ნეტავ მე როგორი მამა ვიქნები? ამ ბოლო დროს ეს ფიქრი ამეკვიატა, ანანოს ბრალია, მან ამშალა. ვვახშმობთ უკვე. ისე გემრიელია ყველაფერი. 
 - ფეხმძიმედ ვარ -  ჩამესმა ანანოს მხრიდან, მეგონა მომესმა , მაგრამ როცა თავი ავწიე და ჩემებს შევხედე მივხვდი ეს ფრაზა მართლა ანანოს ეკუთვნოდა. 
 - გენაცვალეე -  ეს მამაჩემმა თქვა, დედამ თავზე აკოცა, ბებიამ ხელები დაუკოცნა, მე მიკარება ვერ გავბედე. ანანო იჯდა ისეთი ბედნიერიიიიიიიი,  ვახშამს ღვინო შეემატა.მამამ დიდი ყანწით დალია შვილიშვილის სადღეგრძელო, დიდი სიამაყით განაცხადა ბაბუა გავხდებიო. ანანოს მუცელზე აკოცა და ფრინავდა კაცი. იმ ღამით იქ დავრჩით, ჩემი ბავშვობის ოთახში დავწექით, მთელი ღამე ანანოს მუცელზე მედო ხელი, თავის დადება ვერ გავბედე. . მგონი ის ღამე ოჯახში არავის გვიძინია. ანანო თვალებგახელილი იწვა, მე თვლდახუჭული. მამაჩემის ხმაც შემოდიოდა, ბებო და დედა აჩუმებდნენ ხმადაბლა ბავშვები არ გააღვიძოო. დილით დედამ ანანო ექიმთან წაიყვანა, ასეა საჭიროო, დამაწყნარეს მე. ლექციაზე არ წავსულვარ, ან რა მელექციებოდა მამა უნდა გავხდე კაცი. თემოს ვახარე, მგონი ატირდა, ისეთი ხმა გაუხდა. ღმერთმა გამრავლოთო მითხრა. სმს მომივიდა, ეკატერინე იყო სად ხარო. არც ამის პასუხის თავი მქონდა, რაღაცნაირად გაბრუებული ვიყავი.  
 - ისე ჯანმრთელი ცოლი გყავს ათ შვილს გაგიჩენს -  მითხრა დედამ და თმა ამიჩეჩა. დავფრინავ, ფრთები აქვთ მგონი ჩემებსაც. მამაჩემმა ჯერ აიჩემა წყნეთი გადავიდეთ საცხოვრებლად, სუფთა ჰაერი ანაოსთვის მისწრებააო, მერე ანანომ დაამშვიდა, მაინც აქ უნდა ვიყო სამსახურში და რამე რა მნიშვნელობა იქნება სად დავიძინებო. მამაჩემი მაინც არ დამშვიდდა ყოველ დილით ანანოსთვის სოფელიდან ახალი რძე და მაწონი მოაქვს. ანანოს რძე არ უყვარდა ახლა სვამს, როგორ სვამ თქო რომ ვკითხე მიპასუხა მამაშენს ისეთი სიხარულით მოაქვს დალევაზე უარი რომ უთხრა ხომ წახდა კაციო. ზიან ყოველ დილით რძალ-მამამთილი  სამზარეულოში და საუზმობენ, მამა აღფრთოვანებით უყურებს როგორ სვამს ქაფქაფა რძეს ანანო. მე კი ღია ფანჯარასთან ვდგავარ, ვერ ვიტან რძის სუნსაც კი. 

ჯერ ბავშის სქესი არ ვიცით, უფრო სწორად არც გვინდა გავიგოთ. თემომ სახლი გვიკურთხა, ყოველ კედელზე ლამაზად მიახატა ჯვრები. ანანომ იმ დღეს საკმეველი მოიტანა ოთახში ისეთი სუნი დაადგაააა. თემოსთან ვიყავიო, მითხრა, გამიკვირდა. ოჯახობანა იწყება გავიფიქრე მაშინ. ანანოს მუცელი ემჩნევა უკვე, მე ღამეეები არ მძინავს იმის შიშით ანანო მუცლით არ დაწვეს და ბავშვს არაფერი დაემართოს, ამის შიში ანანოსაც აქვს ორივე მხარეს ბალიშებს იწყობს, რომ არ გადაბრუნდეს და ჩემს მკლავზე ძინავს, დედაჩემს ამაზე ეცინება. 

გამოცდები დამეწყო, სახლში მე და ანანო ერთად ვმეცადინეობთ. იმ დღეს ლექსი მომიყვა. მე ვწერდი, მეგონა ანანოს ეძინა, გამოვიდა ფეხშიშველა და დაიწყო ,,ვინა თქვა ჩვენზე ვიწროდ არიან, ერთი ოთახის ამარა დავრჩით", -  უსმენდი და ტანში ჭიანჭველები დამდიოდნენ. ტელეფონში ჩავიწერე. ანანოს გრძელი ღამის პერანგი ეცვა, ლანდავდა, მუცელი მკვეთრად უჩანდა, თვალები დახუჭული ქონდა და რა ლამაზი იყოოოოოოოოო. მერე ჩემს სკამზე წინ ჩამიჯდა და ასე ვწერდი ჩემს სადიპლომოს მის თმებში გახვეული. რა არ უყვარს ამ თმების შეკვრა რა. ადექი! მგონი ასჯერ უთხარი, ვერ ავაყენე. არადა, ასეც რა გამომივიდოდა, სადიპლომოზე კი არა მასზე მეფიქრებოდა. ბოლოს ჩაი გამიკეთე თქო და წამოვაგდე. ვიკაცე რა! ლიმონიანი ჩაი ულამბაქოდ ძლივს მომიტანა, ხელები შეწითლებული ქონდა, ვაკოცე.

ღამეები არ მძინავს, ანანოს ყოველ მოძრაობაზე მეღვიძება, ისიც გადმომხედავს და იცინის. იმ ღამეს კვნესოდა, ძლივს გავაღვიძე , ამომხედა და მალევე დაიძინა. ინგლისში სწავლაზე დამირეკეს, უარი უთხარი, მოიფიქრეო მაინც დამიტოვა დრო ორგანიზატორმა. მერე ეკატერინემ საყვედურებით ამიკლო  - მამა რომ ხდები და პასუხისმგებლობა გემატება სწორედა ამის გამო უნდა წახვიდეო. მე რაღაც გავჯიუტდი და ეკატერინეს აღარც მოუსმინე. საღამოს ანანოს უთხარი ინგლისში სწავლაზე, წადიო –მშვიდად მითხრა. უშენოდ არსად არ წავალ –თქო, უთხარი -  არა, უნდა წახვიდე, სხვა დროს ეგ შანსი აღარ გექნებაო, ჩემი, ბავშვების და შენი მომავლისთვის უნდა წახვიდეო -  ალაპარაკდა ეკატერინესავით. შეიძლება ასეც არის, მაგრამ ერთი დღეც ვერ ვძლებ ანანოს გარეშე, ეს ანანომაც იცის და რატომ მაბავს და მაინც წასვლაზე მელაპარაკება არ ვიცი. 

თემო ავადაა, გაცივდა. სანახავად ავედი, თვალები აქვს ისეთი ღრმა და უპეები ჩაშავებული გული გამისკდა. რაღაც სხვანაირი იყო, არა ჩემნაირი.
 -  სიცხე გაქვს თქო, -  ვკითხე და მხრები აიჩეჩა. მუდამ ასეთი იყო, საკუთარ თავზე არასდროს ფიქრობდა. სხვების ტკივილი უფრი აწუხებდა. ბრმა ნაწლავის ოპერაცია რომ გავიკეთე, გათეთრებული იდგაო დედაჩემმა, არ დამჯდარაო, არც დაგვლაპარაკებიაო. მერე როცა ნარკოზიდან გამოვედი მნახა, ხელში რაღაც ჩამიდო, ნოტიო, დავხედე ხატი იყო. 
 - წმინდა პანტელეიმონის ხატია, - მიჩურჩულა მაშინ. ეტყობა ხელიდან არ გაუშვია მთელი ოპერაცია, ამიტომაც იყო ნოტიო.
 -  წამალი გაქვს რამე? -  ვკითხე.
 -  არ მოვკვდები ნუ გეშინია, -  ისე მითხრა ტანში დამბურძგლა. შემეშინდა. ხის სკამზე ჩამოვჯექი. პირველად მაშინ ვთქვი გულში ღმერთო უშველე. ახლა მიდი იმ ხატებთან და ის გრძელი სანთელი აანთე, მითხრა თემომ. კელია პატარა იყო, სანთელმა ირგვლივ ყველაფერი ჩაამყუდროვა. თემოსაც ჩაეძინა. კარგა ხანს ვიჯექი, როცა სუნთქვა მშვიდი გაუხდა , წამოვედი. ღმერთო უშველე, ღმერთო უშველე გზაშიც ამეკვიატა. მარშუტკაში უკან მივიკუნჭე და მეგონა ლოდი მქონდა ზურგზე. კიბეებზე ავდიოდი, როცა თემომ დამირეკა, სიცხე აღარ მაქვს, საჭმელიც ვჭამეო. მადლობა ღმერთო, ეს ფიქრიც თავისით მოვიდა. ანანო საკერავ მანქანას უჯდა და პატარას პერანგს უკერავდა. მანქანა ერთი კვირაა სახლიდან გადმოვიტანეთ, სამსახურიდან მოსული ანანო ათას რაღაცას კერავს. იმ დღეს უთხარი კაბებს რომ კერავ იქნებ ბიჭი დაიბადოს თქო, გაიღიმა და მითხრა, მეორე, მესამე, მეოთხე ხომ იქნება გოგოო. ასჯერ რომ დაორსულდეს ასივეს გააჩენს დავასკვენი იმ ღიმილის შემხედვარემ მე. სალათაც გაუკეთებია და ჩემი საყვარელი ყველიც ეყიდა. დიასახლისობს უკვე. მიხარია. მუცელი იმხელა აქვს და ისე მოიმატა სავარძელში ერთად ვეღარ ვეტევით. სადიპლომოც კარგი გამომდის მე მგონი. ანანოს მუცელი საჭეზე აქვს მიჭერილი, სკამს უკან წევს, მე როცა მანქანაში ვჯდები წინ იმხელა სივრცე მრჩება ვხარხარებ ხოლმე, გასუქდი, ვაბრაზებ ანანოს, არ წყინს, მუცელზე დაიწყობს ხელებს და იცინის.

 ეკატერინე ყოველ დღე ჩამჩიჩინებს ინგლისში წასვლაზე. მე უარზე ვარ. 
- -  - - დილით უნივერსიტეტში ზლაზვნით წავედი, მეორე ლექციაზე ფანჯარასთან დავდექი და ანანოსთან გასაგზავნ  SMS  ვკრიფავდი. უკნიდან ვიღაც ბეჭზე შემეხო, მოვიხედე, ეკატერინე იყო. ხელები უკანკალებდა, ფერი არ ედო. რაღაც დავიგრუზე, რა გჭირს? ვკითხე უხეშად, მომეკრო და აღრიალდა. ....

ახლა თვითმფრინავში ვზივარ და ინგლისში მივფრინავ. სამ საათში ლონდონის აეროპორტში დავეშვები. აღარაფერს აღარ ვგრძნობ და აღარაფერი აღარ მინდა, უბრალოდ იმ ქალაქში ვეღარ გავჩერდებოდი. გუშინ ანანო დავასაფლავე, ბავშვი გადარჩა, ორ კილო ნახევარი ნამცეცა გოგო. ავარიის ადგილზე არ მივსულვარ. ერთი კვირა თემოს კელიაში ვიყავი. ვერც საფლავზე ავედი. არც შვილი მინახავს. ნასვამი ვიღაც შეასკდაო. ან რაღაში მაინტერესებდა რა და როგორ მოხდა. ანანო მომიკვდა.  ხმას საერთოდ ვერ ვიღებდი, დედაჩემმა ასჯერ მითხრა მგონი -  იტირე გიგი იტირეო,  - მაგრამ ვერც ვიტირე. ანანო როგორ უნდა ვიტირო???  გადაწყვეტილებაც უმალ მივიღე და წამოვედი. ახლა ხელში წლების წინ თემოს ნაჩუქარი წმინდა პანტელეიმონის პატარა ხატი მიჭირავს, უკვე ნოტიო, ძაან ნოტიო და მივფრინავ. თვითმფრინავის მოტორის ხმა ჩემამდე ოდნავ აღწევს, ვზივარ სავარძელს მიწოლილი და ვფიქრობ რომ გავგიჟდი, აბა როგორ ვარ ასე ჩვეულებრივად ანანოს გარეშე? იტირე გიგი იტირეე, ჩამესმა ისევ დედაჩემის ხმა, ვერ ვტირივარ. ჩანთაში ანანოს დღიური მიდევს, არასდროს წამიკითხავს, ახლა მომინდა წავიკითხო ვშლი სულ ახალია, სიცოცხლის ბოლო რამდენიმე დღე -  მე და გიგი ერთი სული ვართ, სულ ერთად ვიქნებით. აქაც და ზეცაშიც. ხანდახან ვფიქრობ, გიგი რომ არ ყოფილიყო ალბათ მეც არ ვიქნებოდი. ღამეა გიგის ძინავს, მიყვარს როცა ძინავს და უყურებ, ჩვილი ბავშვივით ძილში იღიმება. 

მეტის წაკითხვა ვეღარ შევძელი, გასაცილებლად მოსული თემოს სახეც გამახსენდა, დედაჩემის ხელების მოთათუნებაც ვიგრძენი, მამაჩემიც დავინახე, მამაჩემს ხელში პამპერსების მთლიანი შეკვრა ეჭირა. რამ წამოაღებინა, მანქანაში ვერ დატოვა? შეგნებულად წამოიღო, ამით გამახსენა რომ შვილი მყავს.  მივხვდი გამოვექეცი, რეალობას გამოვექეცი. არადა, არ შემიძლია იქ ვიცხოვრო სადაც მე და ანანო ერთად ვიყავით, იქ დავწვე სადაც მე და ანანო ვწვებოდით.

 ხო გამოვიქეცი, სხვანაირად არ შემეძლო და იმიტომ. სხვებისთვის ადვილია განსჯა, აბა მე მკითხონ, დამრჩა  ტელეფონში გამომწყდეული მისი ხმა ,,ვინა თქვა ჩვენზე ვიწროდ არიან".

რა უაზროა ირგვლივ ყველაფერი. ყვავილებსაც მიუტანდნენ. ნეტა რომელი ყვავილები მიჰქონდათ? მიხაკების ატანა არ ქონდა, ალბათ აყრიდნენ გულზე, ვაიმე ბოლომდე მაინც ვერ ვუერთგულე. მარტო დავტოვე. ყველა და ყველაფერი მეზიზღება. საკუთარი თავიც. 

 - თავის მოკვლაზე არც იფიქრო მაშინ საერთოდ ვერ შეხვდები ანანოსო,  - შემანჯღრია წამოსვლსას მხრებში თემომ და დამიყვირა. ახლა ანანოს ის ჯემპრი მაცვია, რომელიც მას სიცოცხლის ბოლო დღეებში ეცვა, მისი სუნი აქვს. მუცელთან გაწელილი. თვითონ ვიცი ზემოდან მიყურებს დიდი თვალებით და ძალიან ვეცოდები. მხოლოდ მან  იცის რა მტკივა და როგორ მტკივა. ის ჩემთანაა, ან რა გაგვყრის ჩვენ ერთმანეთს. 

2 комментария:

Анонимный комментирует...

დამადარდიანა...

matasi комментирует...

რა ვქნა, ასე გამოვიდა:(