четверг, 11 октября 2012 г.

წინას პასუხი ...



უკან მოვიტოვებთ  ვიწრო ორღობეს და  ხის სახლს მივადგებით მე და შენ ერთად.
კიბეს აყოლებულ სარეველებს დავგლეჯთ და რამდენიმე დღე სახლობანას ვითამაშებთ.
შენ ოჯახის უფროსი შეშის შემომტანი  სახლში,
მე  დიასახლისი  ატლასის გულა მატყლის საბნების გამზიურებელი,
მერე ცხვირს აგვიწვავს ჭადის ნეშოს სუნი,
კეცის სიმხურვალე  გადმოგვედება და . . .
აღარ მოგვინდება სოფლის დატოვება.
მზიან ბალიშებს ვეღარ შეველევით,
ფართხუნა კაბები აღარ აშმორდება,  
და ხის კარადაში გამოკეტილ სპილენძის ჭურჭელსაც აუვა პრიალი.
ცელი და ფიწალი აღარ დაჟანგდება,
აღარ გადაუვლის ხის კიბეს ბალახი.
ქვიჯას და სანაყსაც აუვა სურნელი ომბალოს და ქინძის.
ფანჯრიდან გასული სინათლე გაათბობს მეზობელს.
კარებიც დაიზეთება, ეზოშინ ძაღლიც გაჩნდება და  ნათურაც სტუმარისთვის .
მუხლებამდე ბალახიც მოითიბება  და ნაქურჩელ დარჭობილი მინის არყიანი  ბოთლით მეზობელიც მოგვადგება .
ბუხრის საკვამურს  ნაჭერდახვეული გრძელი ჯოხით გაწმინდავ და მე ჭვარტლიან ხელებს ნაცრით დაგაბანინებ, მურს კარგად აშორებს.
კაკლის გულებისგან შეფერილ არაყს გემოს გაუსინჯავთ და  რკინის მრგვალთავიანი საწოლიც  აღარ  მოგვეჩვენება ვიწრო და ,,სეტკაც”  ჭრიალა.
 გინდა სახლობანა ვითამაშოთ?

Комментариев нет: