пятница, 1 марта 2013 г.

მიყვარს თვის ბოლო. ხელფასს  ვიღებ და ამიტომაც. ვიცი, რომ ფული საკმარისად მაქვს.  ვყიდულობ  ბევრ   ჩაის  და ბევრ შოკოლადს. 

დღეს მარიამს ,,პრინცესული" (მისი სიტყვებია) კაბა ვუყიდე, გრძელი, ფაშფაშა, ატლასის ქამრითა და ვარდისფერი  ვარდით. 


ახლა სამსახურში ვზივარ, ექვსზე წავალ. კარზე დავაკაკუნებ და დამხვდება კარებთანვე პატარა , თითქმის ჩემი  ,,ვალინკის" სიმაღლე  მარიამი და წარმომიდგენია როგორ გაუხარდება როცა კაბას ამოვიღებ. ბრრრრრრრრრ სიხარულისგან ტანში მამტვრევს რაა!!!!!


გუშინ  ფილმზე  ,,ნატვრის ხეზე" მელაპარაკა. არ მახსოვდა თუ უყურა საერთოდ, არადა უყურებია. ყველაფერი ახსოვდაა, განსაკუთრებით  - ელიოზი, რომ ნატვრისთვალს ეძებდა. მსუქანი ბიჭუნკელა, რომ ბებიას ხელით დაჰყავდა. მამაომ, რომ მატყლი აყარა. კაცმა, რომ ჰაერში ააგდო პატარა ბიჭი და გაუვარდა და ბებია, რომ ტალახში იყო დაჩოქილი. (სიტყვასიტყვით) მარიტა არ ახსოვდა და არც უხსენებია, გამიკივრდა, თუმცა არც მიკითხავს. 


ფიფქია და შვიდ ჯუჯას როცა მიყვება არც მაშინ ახსენებს ფიფქიას რატომღაც, სულ ჯუჯებზე ლაპარაკობს. 


პრინცესებს შარვლები არ აცვიათ  - განაცხადა და დადის კაბებით.


ხოდა ახლა ვეუბნები  - პრინცესები ასე იქცევიან, პრინცესები ჰერკულეს ჭამენ, რძეს სვამენ და მორჯულდა:)  


აღმოაჩინა, რომ პრონცესებს წინსაფრები არ უკეთიათ და ჩაის ტილოს მუხლებზე იფენს, სამაგიეროდ ყველა კაბა და მაისური დაალაქავა.  


სარკის წინ  აღმოაჩინა,  რომ როცა კაბა არ აცვია უშნოა:)  


ლამაზია მხოლოდ ,,პრინცესულ" კაბებში და შიშველი. 


არ სწავლობს ლექსებს და რაც იცოდა ისიც დაავიწყდა. 


,,ნინო ქათამაძე და  ჯგუფი ინსათი მომწონს" მითხრა გუშინ:)) რატომ  მეთქი და ,,ქათამაძეა და იმიტომ, ქათმები მიყვარსო" :)  


გიჯდება ცეკვაზე, თითისწვერებზე დგება და ისე დადის მთელი თუ არა ნახევარი დღე მაინც. 


რამდენიმე დღის წინ აბასთუმანში, ფეხით ვატარე  მამათა მონასტრამდე.  სიწყნარე იყო, ხანდახან თუ ჩაივლიდა მანქანა. მხოლოდ მდინარის ხმა ისმოდა მარიამმა მკითხა  - ტყე ლაპარაკობს?  ხო - მეთქი მეც უპასუხე. ვიციო -  მითხრა  და ხელი გამაშვებინა. 


ხო, ხელფასზე დავიწყე. დღეს სტარბაქსის ყავასაც ვიყიდი და მარიამის ტიტინთან ერთად დავლევ მისაყოლებლის გარეშე:) . 




2 комментария:

Sophie שרה Golden комментирует...

,,ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსათი მომწონს" მითხრა გუშინ:)) რატომ მეთქი და ,,ქათამაძეა და იმიტომ, ქათმები მიყვარსო" :) – ამაზე მაგარი არაფერი წამიკითხავს!!! მარტო ბავშვებს შეუძლიათ ასეთი რაღაცების თქმა. ჩემი საყვარელი სეიმურ გლასი და მისი ბანანთევზა გამახსენდა.

Kiwi комментирует...

ქათმები მიყვარსო ))) რა საყვარელია <3