вторник, 12 марта 2013 г.

მთებს იქით . . .

იქ, მთების იქით სახლია, სამკუთხა ლურჯი თავსახურით და ბევრი დიდი ფანჯრებით. ფანჯრებზე ფარდები არ კიდია,  რადგან გარეთ ტყე და გზაა, გზაზე კი საღამოობით ბავშვები და კაცი მოდის. ქალი რომელ ოთახში არ უნდა იყოს მაინც ხედავს გზას და ტყესაც.

იქ, მთების იქით სახლში სითბოა, ხმელი შეშის ტკაცა-ტკუცი ყურსაც ათბობს და ოთახებსაც. კედლებზე ბავშვების ნახატებია ფანქრებითა და ფლომასტერებით  მიხატულები. შემდეგ დედის ხელით ნახატის ავტორის სახელი, ასაკი , წონა და სიმაღლეა  მიწერილი.

ჭრელი გადასაფარებელი ნახევრად ძირსაა მდივნიდან, ზედ ბევრი ბალიშები ყრია და უფრო მეტი სათამაშოები.

სამზარეულოში ჩაი თუხთუხებს, მაგიდაზე  ვაშლის ნამცხვარი დევს გვერდებშემოჭმული თუ ალოკილი. პატარას ხელი სუფრაზე გაუწმენდია.  ბლიანი წინსაფარი გაზის გვერდზე ფრიალებს.

საღამოობით ყველა ოთახში ანთია სინათლე, გარეთაც.  სახლიდან ყვითელი სითბო  მოდის და გამვლელ- გამომვლელს ფანჯარაში შეჭყეტის სურვილი უჩნდებათ. ფანჯრების იქით ბავშვები დახტიან აჩეჩილები, შოკოლადით პირმოთხუპნულები.

სამზარეულოში დედა რაღაც ტკბილს აცხობს,   პატარა ფეხის ფქვილიანი კვალი მისაღებშიც გადის.

ხის ჯამში პური დევს, აფუებული და თეთრი.  გვერდზე თაროზე პატარ ქილებია სხვადასხვა მურაბებით და წარწერებით - მაყვალი, მარწყვი, კენკრა, სმაროდინა.

გარეთ ხის ჯოხით სამკუთხედად აწეული სარეცხის თოკი და ზედ  დაკიდებული ჭრელი წინდები, კაბები, ჯემპრები დაკონკილ ფრანს ჰგავს.

სახლში ვანილის სუნი დგას.

ფერადი ძაფების კალათა ზემოთ კარადის თავზე დევს, ათასჯერ აბურდ-დაბურდეს პატარებმა.

ეს ჩემი სახლია.  

2 комментария:

irina iri комментирует...

რა თბილი სახლიაა, მეც მინდა ასეთი ვანილის სუნიანი სახლი.
ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ აქ პოსტებს.

matasi комментирует...

მადლობა ირინა:)
გექნება:)