воскресенье, 22 февраля 2015 г.

დამეწერა

გაბრაზდა - კისერზე მოისვა ორჯერ ნერვიულად ხელი.  მესმოდა კიბეებზე როგორ ჩადიოდა.

მერე მე ოთახში სინათლე გამოვრთე და ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ მიდიოდა.ნეტა ამოიხედოს გავიფიქრე და ფიქრმა მუცელი მატკინა. გზა გადაჭრა და შემობრუნდა.

დაძახება მინდოდა, თუმცა გამახსენდა მისი  ლექცია პასუხისმგებლობაზე, ოჯახზე, შვილებზე და გავჩერდი.

მეგონა არავინ არაფერი იცოდა.  მეგონა ეს სიჩუმე გვექნებოდა მუდამ. შევხვდებოდით ერთმანეთს,  ჩუმად, ჩუმად ყველას და ყველაფრის გარეშე ვიცხოვრებდით. როცა გვინდოდა ვნახავდით ერთმანეთს და არავინ არაფერს გაიგებდა.

ჯერ მეგობარმა დამისვა კითხვები - ვუთხარი ყველაფერი.
    - თქვეს და არ დავიჯერეო -  ისე მითხრა  მხოლოდ,  მაშინ გავიაზრე  ცოლიანი კაცი მიყვარდა, შვილიანი.  მე თავს და ის ცოლ-შვილს ატყუებდა.

მერე სამსახურში ჩემმა ,,შეფმა"  რაღაც გადაკრულად დაიწყო ლაპარაკი. სულ მეკიდა ის რას ილაპარაკებდა, მაგრამ მივხვდი ჩემი ამბავი მასაც ქონდა გაგებული.

მერე ყოფილმა  დამირეკა - შემხვდიო. ტონი ქონდა სხვანაირი, მასაც გაეგო ეტყობა.
ყოფილიც, მაგრად მეკიდა, უბრალოდ მაწუხებდა რა სწრაფად მოედო ამბავი საახლობლო, სანაცნობოს. როგორ ააჟიტირა და გაახარა ზოგიერთები ამან, ზოგიც დაამწუხრა, მეგობრები გააბრაზა.

მის მოტანილ ჩაის ვადუღებ. ქარი სისინებს და დაორთქლილ მინებზე ისე როგორც ბავშვობაში ყვავილებს ვხატავ. კარზე აკაკუნებენ. ვაღებ, ზღრუბლზე ჭრელ კაშნიანი თმა შეხოტრილი ნაცნობ თვალებიანი გოგონა დგას. მე X შვილი ვარ. მითხრა და შემოვიდა.

სამზარეულოში ჩაიდანი წივის, გარეთ ქარი და ოთახში პატარა გოგომაც იმხელა სიცივე შემოიტანა გამაკანკალა. ჩაი ჭიქით ვდგავარ და შევყურებ.  დედას უფრო გავს , ამიტომაც უცებ ვერ ვიცანი. დაჯდა და მიყურებს.  ხმას არ იღებს. არც ნერვიულობს.
 - სხვანაირი მეგონეთ, - მითხრა და გაიცინა,  17 წლის გოგოს დამახასიათებელი სითამამით.
გავუღიმე და  სამზარეულოში გავედი.
ჩაი შემოვიტანე, მასაც დაუსხი. წინ დავუჯექი.
 - წავედი - თქვა უცებ და წამოდგა.
 - უბრალოდ მაინტერესებდა როგორი იყავით, - ამხედ-დამხედა ცივად და კარებისკენ წავიდა.
კიბეებზე რომ უნდა დაშვებულიყო ისევ შემობრუნდა და  მითხრა - თქვენ არ უყვარხართ მამაჩემს.

მერე ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ მიდიოდა ქუჩაში, მამამისივით მხრებში მოხრილი. ისევ მეტკინა მუცელი.

ღამით კარების ზარის ხმამ გამომაღვიძა. მერე ტელეფონიც  აყვა. თავზე ბალიში დავიფარე და სახით ლეიბზე დავემხე.

четверг, 13 ноября 2014 г.

შუაღამეა...

ტუჩის სისხლს სხვა გემო აქვს, უფრო მლაშეა.გადაყლაპვაც რომ არ გინდა და მაინც ყლაპავ, რადგან ფარდის უკან ოთხი წლის შვილი დგას  ცისხელა თვალებით.  ცრემლების უკან ჩაბრუნებაც ვისწავლე. თავიდან მიჭირდა ახლა გამომდის. მწარეა ძალიან, თუმცა მივეჩვიე.
არადა, მას ეს უფრო აცოფებს, რატო არ ტირიხარ!!! -  ბღავის და მოდის. სახეს ვარიდებ. მარიამი სულ სახეზე მაკვირდება, ამიტომაც დახრას ვასწრებ და ფეხი თავზე მხვდება. არ ვინძრევი. მხეცი როცა ნადავლი გაუნძრევლად არის არ ეკარება, ეს კი პირიქითაა.

დღეს მარიამი გავაშვილე. 

пятница, 17 октября 2014 г.

პიტნა დავაყენე

პიტნა დავაყენე
ისედაც თხელები ცხელ წყალში მთლად მოიღვენთნენ და ძარღვები მეტად  გამოუჩნდათ, თეთრი  ძაფები.
მერე ფოთლებმა ფერი დაკარგა, გაღიავდა. გამუქდა წყალი.
პიტნის სუნი დატრიალდა ოთახში.  ჩამოუარა ფანჯრის რაფაზე ჩამწკრივებულ ყავისფერქოთნიან პატარა ბროწეულებს.
უფარდო ფანჯარას სუნთან ერთად ორთქლიც დაუტოვა.
ჭერზე კონწიალა ნათურასაც შეუღიტინა.
ტახტზე გაწოლილ ჭრელა ფარდაგსაც გადაუარა და გაბერილ ფინჯანში დაბრუნდა.
პიტნა დავაყენე, გამომიარე.

четверг, 11 сентября 2014 г.

:(

მე ვისწავლე ცხოვრება უშენოდ.
ქუჩაში მეორე მხარეს გადასასვლელად  აღარ ვაცეცებ ხელებს შენი თითებისთვის.

среда, 18 июня 2014 г.

მდაა . .

კარზე კაკუნია. გასაღების წაღება დაავიწყდა  ეტყობა -  გავიფიქრე და საკეტი გადავატრიალე. ზღრუბლზე უცხო მამაკაცი იდგა. გამიღიმა და მომესალმა. მეც დაბნეულმა გავუღიმე. ამ სახლში არავინ ცხოვრობდა და არც არავინ  მოდიოდა ჩვენს გარდა. მე და დათუ  ავდიოდით ხოლმე,  შეუთანხმდებოდით ერთმანეთს და ავრბოდით . ახლა კი სტუმარი...
 -   დავითს დაუძახეთ,   - მითხრა კაცმა და ისევ გამიღიმა.