вторник, 12 ноября 2013 г.

წუხელ . . .

წუხელ მესიზმრე . . .

გავიღვიძე და გავიზმორე,
თვალები მოვიფშვნიტე და ტანზე შემოხვეული ღამის პერანგის გასწორება ვცადე.

წუხელ მესიზმრე  . . . 

სოფელში ვიყავით, ბაბუას სახლში.  შენ კიბის  სახელურს ღებავდი ვერცხლისფრად.  
მე ონკანთან მატყლს  ვრეცხავდი და კაბა მუცელთან სულ სველი მქონდა.

წუხელ მესიზმრე . . .



    

четверг, 17 октября 2013 г.

რატომ გარბიან კაცები ჩემგან, მოტივებზე - ,,რატომ არ გამომდის კარგი კოცნა"

როცა საბნის ქვეშ თავს შევყოფ და ქარის ხმა დაგუდული მესმის ვფიქრობ,  რომ ამ დროს მარტო არ უნდა ვიყო.

როცა კვერცხმიმწვარი ტაფის გარეცხვა მეზარება და წყლით სავსეს ვტოვებ იმედით რომ წყალი მარტივად გააშორებს კვერცხსა და ტაფას ერთმანეთს მიხარია, რომ მარტო ვარ.

როცა უკვე გამხმარ ,,პრიანიკს " ვპოულობ კარადაში და შინდის მურაბით ვჭამ  მინდა გვერდით მყავდე და ხმელ  ,,პრიანიკს"  სექსიც მივაყოლოთ, ხმელი მუცლები დავალბოთ.

როცა ვანაში  ცხელი  წყლის ორთქლისგან ყველაფერი გაურკვეველი ხდება და ხელით  შეგრძნებები მძაფრდება მინდა იქ იყო.


რატომ გარბიან კაცები ჩემგან . . .


вторник, 15 октября 2013 г.

დაუჯერე იაგოს


ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა დამეწერა, ზღვაზე გატარებულ დღეებზე და ღამეებზე. ვიღვიძებდი ზღვაზე გავრბოდი. შუადღით ,,სანტისიმოს”  ვწრუპავდი, სანამ პლასტმასის ბოთლი ბუყბუყა ხმით არ ამომძახებდა გავთავდიო, მერე ვიძინებდი, მერე ისევ ზღვაზე გავრბოდი, ვცურავდი და პლაჟზე ვიძინებდი. სხვები, რომ მზის ჩასვლას მეათასედ უყურებდნენ მე ქვიშაზე გაშოტილს მეძინა და  პატარა ქვებით  აჭრელებული ტანით ვტოვებდი სანაპიროს. ღამით,  ,,ჩემს ” აივანზე  ატმის წვენში გარეულ არაყს ვსვამდი და ასე ოთხისთვის ორსაწოლიან საწოლში მარტო ვიძინებდი. გარედან კარგა ხანს მესმოდა ხმაური და გოგო-ბიჭების წიოკობა. აივნიდან ვუყურებდი როგორ ეფარებოდნენ ბნელს და უხვევდენ ფიჭვნარში წყვილები - მაშინ ვინატრე ახლა რამდენი ადამიანიც ზასაობს ქობულეთში იმდენი ლარიანი, რომ მომცა ბარსელონაში მოვარტყამდი ერთთვიან  დასვენებას თქო. თუმცა ამჯერადაც ქობულეთს დავჯერდი. ზღვა ხომ იყო, თუნდაც სიმინდის ნაქურჩელებიანი ,  ფსელითა და მზით გამთბარი.

вторник, 18 июня 2013 г.

მატრაკვეცობანი ციკლიდან შენს გამო - გაგრძელება

  რომ არ დამავიწყდეს:)

მარიამი ქოთანზე ზის და თან ტიტინებს.

 - მაცივარს ჩემი ხელები ამჩნევიააა, ყველა თითი.

    - გაჩერდი!

ნახე, რა ლამაზად არის თითებიიიიი -აგრძელებს მარიამი.

მოეშვი რა! -  ვეუბნები ისევ.

ეგ  კი არა,  უნდა მითხრა  არა უშავს მარიამ,  გააგრძელეე - მეუბნება  და მაცივარს თითებით ალამაზებს.

ჩემს თვალებში ჩანს -  მატასი მიყვარხარ!  მატასი მიყვარხარ!
შენს თვალებში -  მარიამ მიყვარხარ!  მარიამ მიყვარხარ!


ჩვენ უნდა ვიყოთ ჩიტები და არა ხალხები, სულ ვიფრენდით და ვიფრენდით -დგას ფანჯარაში მარიამი, უყურებს ცას და ამბობს:)

გიორგი შენი მეგობარია? - ვეკითხები.
არა, ბიჭი მეგობარი არ მინდა კაბიანი გოგოები მინდა,  მეუბნება მკაცრად:)

სილინა გომესს - ახსენებს ხშირად  და  რაღაც სიმღერას მოაყოლებს, სად მოუსმინა ან სად გაიგო ვერ ვხვდები:))))))))



დრო და დრო სხვებსაც დავდებ.

среда, 24 апреля 2013 г.

მატრაკვეცობანი ციკლიდან შენს გამო



ორი წლის ხარ, კაბებს ირჩევ უკვე -  ამას არ ჩავიცმევ.  ეს ფუ ლას გავს!  ამიტომაც გვაყოლებენ ქუჩაში  თვალს -   კაბაზე  ჟაკეტით და ზემოდან  ,,ბოდეთი“  მოსიარულეებს.

არც თმის სამაგრები გიყვარს, ამიტომაც დავდივართ გაძეძილები. შენ დავარცხნა არ გიყვარს, მე კი ვერ ვასწრებ.

უკვე ბევრი ლექსები იცი, ოღონდ ჩემს გარდა არავის უყვები.  ველოსიპედს დააქროლებ  და  შოკოლადი ჩემს თავს გირჩევნია.

უკვე ზღაპრებს მისწორებ, რომლებიც ჩემი გამოგონებულია და ყოველ მოყოლაზე ახალ -ახალ ამბებით  ვალამაზებ, შენ მაჩერებ და მეუბნები - ეგ არააა, ეგ არ უთხრაა, ამიტომაც ყოველ ჯერზე თავს ვიმტვრევ სხვა რაღაც მოვიგონო  რომ აღარ შემისწორო.

უკვე იცი რომ წვნიანი უნდა ჭამო, დაძალება აღარ გინდა.

უკვე იცი, რომ სტაფილო მარგებელია და აკნატუნებ.

საკმაოდ ჯიუტი ხარ, როცა ბრაზდები  უბრალოდ არ მამჩნევ.

ყოველ საღამოს  ახალ-ახალ ცეკვებს ვდგამთ, შენ ყოველთვის სოლისტი ხარ.

კატები გიყვარს ჩემგან განსხვავებით და კიდევ ჯარისკაცები, სადაც არ უნდა იდგნენ ყოველთვის მოკრავ ხოლმე თვალს და ეძახი - ჯარისკაცებოო  სამშობლოს  დამცველებოო!!!

ამ ჩანაწერებს როცა გაიზრდები  წაგაკითხებ ალბათ.

მანამდე  მინდა ყველა შენი ,,სისულელე“ ჩავიწერო - კურდღელი ჭამს სტაფილოს, ძროხა ჭამს ბალახს, დათვი ჭამს თაფლს, მგელი ჭამს ბებიებს.

среда, 27 марта 2013 г.

გუშინ “KEEP SMILING ანუ გაიღიმეთ ვნახე.

სანამ ვნახავდი მესმოდა - მაგარი ფილმიაა, კარგი ფილმია. 

კინომცოდნეებმა შეაფასეს ეს ფილმი, რაც წავიკითხე კიდეც. ჩემთვის ფილმები იყოფა - ფილმები, რომლებიც  მომწონს და ფილმები,  რომლებიც არ მომწონს. 

ეს ფილმი მომეწონა, ვიტირე. ბოლოს არაა, უფრო იმ მონაკვეთზე მოხუცი დედა ბანაობისას  შვილს როცა ეუბნება საპონი თვალებში ჩამივიდაო. 

მე არც სილამაზის კონკურსებს ვუყურებ, არ მაინტერესებს. მე ბინა და 25 ათასი უფრო მხიბლავს სიმართლე რომ გითხრათ და თუ ეს კონკურსი ამ ფულს და თანხას მომაგებინებს მინდა.

მეც შიშველი ქალის ფოტო უფრო მაინტერსებს, ვიდრე მისი გახუნებული და წამლისუნიანი ყოფის დანახვა.

მეც  თმებით ვათრევ იმ ბოზს, რომელიც ჩემი მეგობარი ბიჭის წართმევას დამიპირებს, მერე რა რომ ქმარი მყავს და შვილების დედა ვარ. მომწონს ეს პატარა ბიჭები დაა.

ჩემთვის კახპაა ქალი, რომელიც ჩემს ქმართან იწვა, თუნდაც სიყვარულის გამო. მერე რა რომ მე შვილისხელა საყვარელი მყავს (არ მინდა სიბერე!!) 

მე ჩვეულებრივი ქალი ვარ, ჩვეულებრივი!!! 

ხოლო, როცა ამ ფილმს ვუყურებდი  გვანცასნაირი ვიყავი. 

როცა კარგ ფილმს ვუყურებ სულ ვფიქრობ როგორ დაამთავრებს რეჟისორი,  ვერც გავჭვრიტავ ხოლმე, ესაა ალბათ კინოს სიკარგე. ასე დასრულდა ეს ფილმიც ბანალურად სიკვდილით, მაგრამ მთავარი შემდეგ იწყება როგორ ხდებიან ეს ჩვეულებრივი ქალები არაჩვეულებრივები.

ამ ქალების სახით გვანცამ ნაწარმოები ბოლომდე დაუკრა.  

სცენამ  - რა ჩაიდინე გვანცა!! - როცა ხმამაღლა ტირის ქალი, რომლის ქმართანაც გვანცა იწვა, ამაფორიაქა.

ჟურნალისტიც  კომიკური სახეც  საკმაოდ კარგია,  რაც არ უნდა დაუჯდეს კარგი ინფორმაცია დადოს  მერიის მიერ მოწყობილ კონკურსზე და ფინალამდე მიიყვანოს კონკურსი, თუნდაც ქალები მკლავის გადაგრეხვითა  და იდაყვების დაჭერით გაამაგროს სცენაზე. 

ოღონდ ესაა ფილმში ქალი პერსონაჟები  არიან კარგები, კაცები კი  საძაგლები. 

მე ფილმი   “KEEP SMILING ანუ გაიღიმეთ” მომეწონაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

вторник, 12 марта 2013 г.

მთებს იქით . . .

იქ, მთების იქით სახლია, სამკუთხა ლურჯი თავსახურით და ბევრი დიდი ფანჯრებით. ფანჯრებზე ფარდები არ კიდია,  რადგან გარეთ ტყე და გზაა, გზაზე კი საღამოობით ბავშვები და კაცი მოდის. ქალი რომელ ოთახში არ უნდა იყოს მაინც ხედავს გზას და ტყესაც.

იქ, მთების იქით სახლში სითბოა, ხმელი შეშის ტკაცა-ტკუცი ყურსაც ათბობს და ოთახებსაც. კედლებზე ბავშვების ნახატებია ფანქრებითა და ფლომასტერებით  მიხატულები. შემდეგ დედის ხელით ნახატის ავტორის სახელი, ასაკი , წონა და სიმაღლეა  მიწერილი.

ჭრელი გადასაფარებელი ნახევრად ძირსაა მდივნიდან, ზედ ბევრი ბალიშები ყრია და უფრო მეტი სათამაშოები.

სამზარეულოში ჩაი თუხთუხებს, მაგიდაზე  ვაშლის ნამცხვარი დევს გვერდებშემოჭმული თუ ალოკილი. პატარას ხელი სუფრაზე გაუწმენდია.  ბლიანი წინსაფარი გაზის გვერდზე ფრიალებს.

საღამოობით ყველა ოთახში ანთია სინათლე, გარეთაც.  სახლიდან ყვითელი სითბო  მოდის და გამვლელ- გამომვლელს ფანჯარაში შეჭყეტის სურვილი უჩნდებათ. ფანჯრების იქით ბავშვები დახტიან აჩეჩილები, შოკოლადით პირმოთხუპნულები.

სამზარეულოში დედა რაღაც ტკბილს აცხობს,   პატარა ფეხის ფქვილიანი კვალი მისაღებშიც გადის.

ხის ჯამში პური დევს, აფუებული და თეთრი.  გვერდზე თაროზე პატარ ქილებია სხვადასხვა მურაბებით და წარწერებით - მაყვალი, მარწყვი, კენკრა, სმაროდინა.

გარეთ ხის ჯოხით სამკუთხედად აწეული სარეცხის თოკი და ზედ  დაკიდებული ჭრელი წინდები, კაბები, ჯემპრები დაკონკილ ფრანს ჰგავს.

სახლში ვანილის სუნი დგას.

ფერადი ძაფების კალათა ზემოთ კარადის თავზე დევს, ათასჯერ აბურდ-დაბურდეს პატარებმა.

ეს ჩემი სახლია.  

пятница, 1 марта 2013 г.

მიყვარს თვის ბოლო. ხელფასს  ვიღებ და ამიტომაც. ვიცი, რომ ფული საკმარისად მაქვს.  ვყიდულობ  ბევრ   ჩაის  და ბევრ შოკოლადს. 

დღეს მარიამს ,,პრინცესული" (მისი სიტყვებია) კაბა ვუყიდე, გრძელი, ფაშფაშა, ატლასის ქამრითა და ვარდისფერი  ვარდით. 


ახლა სამსახურში ვზივარ, ექვსზე წავალ. კარზე დავაკაკუნებ და დამხვდება კარებთანვე პატარა , თითქმის ჩემი  ,,ვალინკის" სიმაღლე  მარიამი და წარმომიდგენია როგორ გაუხარდება როცა კაბას ამოვიღებ. ბრრრრრრრრრ სიხარულისგან ტანში მამტვრევს რაა!!!!!


გუშინ  ფილმზე  ,,ნატვრის ხეზე" მელაპარაკა. არ მახსოვდა თუ უყურა საერთოდ, არადა უყურებია. ყველაფერი ახსოვდაა, განსაკუთრებით  - ელიოზი, რომ ნატვრისთვალს ეძებდა. მსუქანი ბიჭუნკელა, რომ ბებიას ხელით დაჰყავდა. მამაომ, რომ მატყლი აყარა. კაცმა, რომ ჰაერში ააგდო პატარა ბიჭი და გაუვარდა და ბებია, რომ ტალახში იყო დაჩოქილი. (სიტყვასიტყვით) მარიტა არ ახსოვდა და არც უხსენებია, გამიკივრდა, თუმცა არც მიკითხავს. 


ფიფქია და შვიდ ჯუჯას როცა მიყვება არც მაშინ ახსენებს ფიფქიას რატომღაც, სულ ჯუჯებზე ლაპარაკობს. 


პრინცესებს შარვლები არ აცვიათ  - განაცხადა და დადის კაბებით.


ხოდა ახლა ვეუბნები  - პრინცესები ასე იქცევიან, პრინცესები ჰერკულეს ჭამენ, რძეს სვამენ და მორჯულდა:)  


აღმოაჩინა, რომ პრონცესებს წინსაფრები არ უკეთიათ და ჩაის ტილოს მუხლებზე იფენს, სამაგიეროდ ყველა კაბა და მაისური დაალაქავა.  


სარკის წინ  აღმოაჩინა,  რომ როცა კაბა არ აცვია უშნოა:)  


ლამაზია მხოლოდ ,,პრინცესულ" კაბებში და შიშველი. 


არ სწავლობს ლექსებს და რაც იცოდა ისიც დაავიწყდა. 


,,ნინო ქათამაძე და  ჯგუფი ინსათი მომწონს" მითხრა გუშინ:)) რატომ  მეთქი და ,,ქათამაძეა და იმიტომ, ქათმები მიყვარსო" :)  


გიჯდება ცეკვაზე, თითისწვერებზე დგება და ისე დადის მთელი თუ არა ნახევარი დღე მაინც. 


რამდენიმე დღის წინ აბასთუმანში, ფეხით ვატარე  მამათა მონასტრამდე.  სიწყნარე იყო, ხანდახან თუ ჩაივლიდა მანქანა. მხოლოდ მდინარის ხმა ისმოდა მარიამმა მკითხა  - ტყე ლაპარაკობს?  ხო - მეთქი მეც უპასუხე. ვიციო -  მითხრა  და ხელი გამაშვებინა. 


ხო, ხელფასზე დავიწყე. დღეს სტარბაქსის ყავასაც ვიყიდი და მარიამის ტიტინთან ერთად დავლევ მისაყოლებლის გარეშე:) . 




вторник, 19 февраля 2013 г.

:(

Никогда не возвращайся в те места, где тебе было плохо. Никогда не проси у тех, кто отказал однажды. И больше не подпускай близко тех, кто однажды сделал тебе больно.

четверг, 17 января 2013 г.

ტრალალაა


ახლა ,,აპლიპიხის"  ზეთი მისვია თვალების გარშემო და რეკლამის დამთავრებას ველოდები  ,,ჩემი ცოლის დაქალებს” ვუყურებ. მერე ნინო დამიმესიჯებს  -  ისე მართლა მოგწონს ეს დემნა? დიტო რა კაცია! მეც მივწერ -კაი რა , რა დიტო:) დემნა რა კაცია!  მერე გამეცინება და მეორე  სმს უკვე ხარხარი იქნებაა,  ხარხარი მოვა ნინოსგანაც:))

დემნა თუ დიტო - სამსახურშიც გრძელდება.  არა, სამსახურში დათოც ემატება. გათხოვილი ქალები ამატებენ, სანამ  უცებვე არ გაგვახსენდება, რომ ბევრი საქმე გვაქვს და ოთახში სიწყნარე ისადგურებს. 

საღამოს სადმე დავჯდებით  მე და ნინო და ლუდს დავლევთ. ნინოს ეკიდება გვარიანად, მე არა. ვიწუწუნებთ,  რომ რატომ ვართ მარტო,   როცა მიმტანი რაიმეს მოიტანს  რაც ჩვენ არ შეგვიკვეთია და გვეტყვის გამოგიგზავნეს ან თქვენი გადახდილია, ვბრაზდებით და ვიწყებთ  - ნორმალური აქ არავინ ზის და ნეტავ ვინ გამოგვიგზავნა!  მალევე ვდგებით დიალოგით - წამო რაა,  ახლა არავინ ჩამოგიჯდეს, არავის თავი არ მაქვს. ვტოვებთ ბარს და მოვდივართ.

გზაშიც ისევ ვწუწუნებთ სიმარტოვეზე და სახლებში  მივდივართ.



пятница, 11 января 2013 г.

ე ბ ს უ

ენკი,
ბენკი,
სიკლისა,
უშენობა გულმა უკვე მოისაკლისა.