среда, 27 января 2010 г.

ადრე . . .

კელიაში თაფლის სანთელი ანთია, ძირს ფერადი ხელით ნაქსოვი ნოხი აფენია.
კედლები ნაცრისფერია და აღმოსავლეთით პატარა ფანჯარა აქვს.
აქ დროებით ვცხოვრობ.
კარებთან წკრიალა ზარის ხმა მესმის, უკვე დილის ექვსი საათია.
მნათემ ჩემი ძილისგუდობის ამბავი იცის კარებთან დგას, ხელში პატარა ოქროსფერი ზარი უჭირავს და აწკრიალებს.
მანამდე იქნება სანამ არ გავიღვიძებ და ავდგები. ტაძარში მივდივარ.
ჯერ ისევ ბნელა. სუსხია, მგონი ათი ჯემპრი მაცვია. ყველა შავი, არ ვიცი რატომ.  აქ ჭრელი ჯემპრები არ წამოვიღე, ხასხასა ფერები. 
ტაძარში მნთეს ღუმელი უკვე აუნთია, ყველანი აქ არიან. ეკლესიაში შუქი არ ანთია, სანთლის შუქზე მონაზვნების მოძრაობა, კედლებზე, მოფარფატე ანგელოზებივით ჩანს. დავაგვიანე, უკვე ,,მამა ჩვენოს “ კითხულობენ. ვერ ვეზიარე.
დღეს მეტრაპეზე ვარ, ჭურჭლის დარეცხვა მიწევს.
კურთხევა მაქვს როცა მინდა მაშინ დავლიო ჩაი.
შემოვკარი აივანზე დაკიდებულ ზარს და ვაცნობე მონასტერს ტრაპეზის დაწყების დრო.
პურია გამოსაცხობი  დაბლა მცხოვრები ბერებისთვის. ფქვილი ამომაქვს, მთლად თეთრი ვარ. სხვა ზილავს, მე ტაფის ტრიალი მევალება.
შუადღით ზემოთა ტაძარში წავედით, შორს იყო დავიღალე. მერე შეშა ავზიდე სამზარეულოში და ვეღარ გავსწორდი, მუცელი მეტკინა.
მატყლის შალი შემომახვიეს, ფეხები ცხელ წყალში ჩამაყოფინეს. ჩაიც მომიტანეს.
თავის საქმე არ ეყოფათ მეც დავემატე, თუმცა ისე მივლიდნენ . . .
ყველა სათითაოდ მიხსენიებს ლოცვებში, ჩემი მოსახსენიებელიც მივეცი და . . .
მოსახსენიებელში შენ მიწერიხარ.  დედაოს, ერში ჩემს მეგობარს ამაზე გაეცინა. რა ვეღარ მოეშვიო, მხოლოდ ეს მითხრა.
ფსკვნილის გაკეთებას მასწავლიან, ვერ ვსწავლობ, ვცდილობ კი.
ფხალი უნდა მოძებნონ მინდორში, მივყვები. ჭინჭარს ბლომად ვკრიფავ.
ძაღლებიც დამიმეგობრდნენ, ორი დიდი თეთრი ნაგაზი. საჭმელს როცა ვუდგამ ხელებს მილოკავენ.
მარხვა დაიწყო, უმრავლესობა წყალზეა, ზოგიც ჩაიზე და სუხარზე. მე არცეთზე.
გადარეული ამოვედი და ახლა ვგრძნობ დავმშვიდდი. მობილური აქ გამორთული მაქვს.
საღამოს, დაბლა ხელსაქმის დიდ ოთახში ვიკრიბებით და ვქარგავთ, ყველა ჩუმად არის ჩემს გარდა. ირაკლი ჩარკვიანი მოკვდა, ძალიან მეტკინა და არ შემეძლო, უფრო სწორად ვერ მოვითმინე ეს მათთვის არ მეთქვა. არ იცოდნენ, უფრო მეტიც ზოგმა ისიც არ იცოდა ვინ იყო ირაკლი ჩარკვიანი. რაღაცნაირად შემშურდა მათი. მე იქაც ვერ მოვითმინე, ამბები ავიტანე.
გრძელი შავი კაბა ფეხებში მეხლართება, მომწონს. სარკეში შავ თავსაფარს ვიხდენ, ესეც მომწონს.
ძველი ქართული ასოების სწავლა დავიწყე, ნამეტანი ვცდილობ.
ცისკრის ლოცვაზე ღუმელთან ვიდექი, მერე კუთხეში ჩამოვჯექი. დედაოს ხმა ჩამესმა ბავშვები გააღვიძეთო. ჩამძინებია.
მალე წამოვედი დაბლა, საგიჟეში, ხოდა ახლა აქ ვარ.
იქ აბრუნებას რაღაც უნდა, ეს რაღაც კი . . . ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ

შენ მე საძებარი გყავარ, ანდა პირიქით

მე ვიცი შენ რაც გჭირს, რადგან ეგრე ვარ მეც, არაფერი არ მტკივა, არაფერი არ მაწუხებდს, ამ დროს ყველაფერიც მტკივა და ყველა და ყველაფერიც მაწუხებს. ოღონდ ეგაა ამ ავადმყოფობას სახელი ვერ დავარქვი. ეგ დეპრესიააო მეუბნებიან, არა ბატონო არ არის ეს დეპრესია. დეპრესია ყოველწამიერია, აი როცა არავინ, არაფერი გინდა. მე კი კარგად ვიცი რაც მინდა და ვინც მინდა.
ერთმა მითხრა გუშინ ჰარმონიულად უნდა ცხოვრობდე საკუთარ თავთანო. დავფიქრდი, ჯერ სიტყვები რაღაც სასაცილოდ მეჩვენა. ახლაც მეცინება, შენც გაგეღიმა? აი! ! დეპრესიონიკები კი ასე ადვილად არ იღიმებიან, ხომ გითხარი შენ ჩემი გჭირს-თქო.
რა არის ჰარმონია საკუთარ თავთან?
ან საერთოდ რა არის ჰარმონია?
გუშინ ანანო წავიყვანე ბაღში, გზაში ვფიქრობდი, რომ იმ წუთებში გულის და გონების ჰარმონია მქონდა.
მე არ ვცხოვრობ ჰარმონიულად საკუთარ თავთან, თუნდაც იმით, რომ ბევრს ვმუშაობ და დაღლილს საჭმელი შუაღამით მახსენდება, ღამე ჭამა კი . . .
მე არ ვცხოვრობ ჰარმონიულად საყვარელ ადამიანებთანაც კი.
მე არ ვამბობ იმას რისი თქმაც მინდა. (არ ვიცი, რატომ, უფრო ალბათ იმიტომ, რომ აზრი არ აქვს)
არ ვარ იმასათან ვისთანაც მინდა. (აქ არ დავაკონკრეტებ)
მე ბევრ რამეზე ვამბობ უარს. (სხვადასხვა მიზეზების გამო)
მე ვიმალები.
შენ ეძებ. მეც, თუმცა კი შენც იცი და მეც ვინ გვინდა, როგორი გვინდა და რა გვინდა.
მე შენ მგავხარ, ამიტომაც ეძებ არა ჩვეულებრივს, არამედ სხვანაირს. ხანდახან ფიქრობ, რომ იპოვე, მაგრამ ისიც ერთ-ერთი ჩვეულებრივ თაგანი აღმოჩენილა. გინდა რომ ის ყველაფერი იყოს შენი, ჯერ პასუხისმგებლობას გაურბიხარ და გინდა რომ ასეთი მიგიღოს, იგიჟოს, გამოგვეყს, ტყე- ღრე დადიოდეთ კარავითა და დიდი ზურგჩანთით, საგზლად ჭადი, ყველი და ლექსები გქონდეთ. კოცნიდე მუცელზე ( ან პირიქით) და არ გბეზრდებოდეს, ცეკვავდეთ კოცონის ცეცხლთან და არ იღლებოდეთ. ეცალოს მუდამ როცა კი ეს შენ გინდა, დაურეკო და გამორბოდეს. გინდა, რომ ბუხართან ერთად ისხდეთ, შიშვლები ბანაობდეთ ტბაში. სიყვარულის გარდა არაფერი გქონდეთ თავში. გინდა რომ ასე ჰარმონიულად ცხოვრობდე მასთან, რომლის სახელიც არ იცი ჯერ, გონებაში კი ვინ იცი რას ეძახი.
შენც ამ ჰარმონიულობას დაეძებ ალბათ.
შენ მე საძებარი გყავარ, ისე როგორც მე შენ. მე სანთლით დაგეძებ.

:))

მე მინდა ვიყო შენი მონაპოვარი.
არა მონა და არა ,,პოვარი”
არამედ შენი მონაპოვარი.

вторник, 26 января 2010 г.

ლოდინი

დამეკარგე . . .
ორი დღეა არ გამოჩნდი.
გელოდები . . .
ავანთე ბუხარი, სანთელი თაფლის.
შეშის ტაცა-ტკუცში ვშიშობ შენი ფეხის ხმა არ გამომეპაროს.
შალი მოვიხვიე ბებიის თეთრი მატყლის, ფანჯარასთან ვგდავარ და . ..
ჭადიც გამოვაცხე, თხელი, თითები ამჩნევია ზედ.
მეშინია, არა გარეთ სიბნელის და კედლებზე მოსიარულე აჩრდილების,არამედ . . .
ჩაი უკვე რახანია დუღს, მინა დაიორთქლა, მინაზე ჩემს სახელს ვწერ, მიყვარს მეორე დღეს შენს მინაწერს რომ ვპოულობ მის გვერდით.
ჩუმი ნაბიჯებით შემოდიხარ.
ჩანთა ჩვეულებრივ დერეფანში დააგდე, დილით ვპოულობ ყოველთვის.
ვერ ვდიასახლისობ, ისე დაღლილი ვარ შენი მოლოდინით.
ცეცხლის ალს უყურებთ, ბების დროინდელი ეს ტახტი ისე მაგარი აღარ მეჩვენება.
მ ე ძ ი ნ ე ბ ა.

საქანელა

ახლა
- საქანელა.
გოგო მაღალკანჭა.
ბიჭი აწოწილი.
თვალის გაპარება აფრიალებულ კაბაზე.
მანამდე
- აიწონა დაიწონა.
გოგო და ბიჭი ხმამაღლა კისკისებენ,
კაბის აფრიალებას ბიჭი ვერ ამჩნევს.
მერე მინდორში ერთად კოტრიალობენ . . .
ეს იყო ბავშვობაში.
საქანელა მაღლა ადის, მაღალკანჭა ტკრციალებს.
საქანელას თოკი გრძნობს აწოწილის ფიქრს, ისე ჟინით უჭერს ბიჭი თითებს.
გოგო ციდან ფეხებს ასხმარტალებს, წამებში დაბლა ჩამოდის და ისევ მიწიერი ხდება.
აფრიალდება საქანელა ჰაერში და თეთრი კოჭებიც ცის ცისფერიდან სხვანაირი ჩანს.
აიწონად დაიწონა ჯობდა, ფიქრობს ბიჭი დანანებით და ცდილობს ცას აღარ ახედოს.