среда, 27 января 2010 г.

ადრე . . .

კელიაში თაფლის სანთელი ანთია, ძირს ფერადი ხელით ნაქსოვი ნოხი აფენია.
კედლები ნაცრისფერია და აღმოსავლეთით პატარა ფანჯარა აქვს.
აქ დროებით ვცხოვრობ.
კარებთან წკრიალა ზარის ხმა მესმის, უკვე დილის ექვსი საათია.
მნათემ ჩემი ძილისგუდობის ამბავი იცის კარებთან დგას, ხელში პატარა ოქროსფერი ზარი უჭირავს და აწკრიალებს.
მანამდე იქნება სანამ არ გავიღვიძებ და ავდგები. ტაძარში მივდივარ.
ჯერ ისევ ბნელა. სუსხია, მგონი ათი ჯემპრი მაცვია. ყველა შავი, არ ვიცი რატომ.  აქ ჭრელი ჯემპრები არ წამოვიღე, ხასხასა ფერები. 
ტაძარში მნთეს ღუმელი უკვე აუნთია, ყველანი აქ არიან. ეკლესიაში შუქი არ ანთია, სანთლის შუქზე მონაზვნების მოძრაობა, კედლებზე, მოფარფატე ანგელოზებივით ჩანს. დავაგვიანე, უკვე ,,მამა ჩვენოს “ კითხულობენ. ვერ ვეზიარე.
დღეს მეტრაპეზე ვარ, ჭურჭლის დარეცხვა მიწევს.
კურთხევა მაქვს როცა მინდა მაშინ დავლიო ჩაი.
შემოვკარი აივანზე დაკიდებულ ზარს და ვაცნობე მონასტერს ტრაპეზის დაწყების დრო.
პურია გამოსაცხობი  დაბლა მცხოვრები ბერებისთვის. ფქვილი ამომაქვს, მთლად თეთრი ვარ. სხვა ზილავს, მე ტაფის ტრიალი მევალება.
შუადღით ზემოთა ტაძარში წავედით, შორს იყო დავიღალე. მერე შეშა ავზიდე სამზარეულოში და ვეღარ გავსწორდი, მუცელი მეტკინა.
მატყლის შალი შემომახვიეს, ფეხები ცხელ წყალში ჩამაყოფინეს. ჩაიც მომიტანეს.
თავის საქმე არ ეყოფათ მეც დავემატე, თუმცა ისე მივლიდნენ . . .
ყველა სათითაოდ მიხსენიებს ლოცვებში, ჩემი მოსახსენიებელიც მივეცი და . . .
მოსახსენიებელში შენ მიწერიხარ.  დედაოს, ერში ჩემს მეგობარს ამაზე გაეცინა. რა ვეღარ მოეშვიო, მხოლოდ ეს მითხრა.
ფსკვნილის გაკეთებას მასწავლიან, ვერ ვსწავლობ, ვცდილობ კი.
ფხალი უნდა მოძებნონ მინდორში, მივყვები. ჭინჭარს ბლომად ვკრიფავ.
ძაღლებიც დამიმეგობრდნენ, ორი დიდი თეთრი ნაგაზი. საჭმელს როცა ვუდგამ ხელებს მილოკავენ.
მარხვა დაიწყო, უმრავლესობა წყალზეა, ზოგიც ჩაიზე და სუხარზე. მე არცეთზე.
გადარეული ამოვედი და ახლა ვგრძნობ დავმშვიდდი. მობილური აქ გამორთული მაქვს.
საღამოს, დაბლა ხელსაქმის დიდ ოთახში ვიკრიბებით და ვქარგავთ, ყველა ჩუმად არის ჩემს გარდა. ირაკლი ჩარკვიანი მოკვდა, ძალიან მეტკინა და არ შემეძლო, უფრო სწორად ვერ მოვითმინე ეს მათთვის არ მეთქვა. არ იცოდნენ, უფრო მეტიც ზოგმა ისიც არ იცოდა ვინ იყო ირაკლი ჩარკვიანი. რაღაცნაირად შემშურდა მათი. მე იქაც ვერ მოვითმინე, ამბები ავიტანე.
გრძელი შავი კაბა ფეხებში მეხლართება, მომწონს. სარკეში შავ თავსაფარს ვიხდენ, ესეც მომწონს.
ძველი ქართული ასოების სწავლა დავიწყე, ნამეტანი ვცდილობ.
ცისკრის ლოცვაზე ღუმელთან ვიდექი, მერე კუთხეში ჩამოვჯექი. დედაოს ხმა ჩამესმა ბავშვები გააღვიძეთო. ჩამძინებია.
მალე წამოვედი დაბლა, საგიჟეში, ხოდა ახლა აქ ვარ.
იქ აბრუნებას რაღაც უნდა, ეს რაღაც კი . . . ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ

Комментариев нет: