понедельник, 25 января 2010 г.

სოფელში . . .

სოფელში ვარ. აქ თოვლია. ვარდიკო ბებიასთან ჩავედი, ცუდად ყოფილა და მაინც პურს აცხობდა. დამჭკნარი,გრძელი თითებით გემრიელად აბრტყელებდა ცომს. მომიარა, ფქვილიან ხელებზე ვაკოცე, აეტირა. მეც ამეტირა, ჩემს სოფელში ვარდიკო ბებია მგონი ყველაზე მოხუცია. ბებიას დაქალი, მის ახალგაზრდობის ფოტოებს რომ ვნახულობ ულმაზესია, უკან გადაწეული თმებითა და მარგალიტა კბილებით. ორი შვილი ყავს მკვდარი, მათი ფოტოები საწოლთან უდევს პატარა მაგიდაზე. დალოცვა იცის, რაღაც თბილი და ასატირებელი. ახალ რამეს რომ შემამჩნევს მზით გაცვითეო მეუბნება. ახლაც მაგიდასთან დამსვა, თან ბეჭებზე მეფერება თან საჭმელს მაძალებს. წამოსვლისას კვახი გამომატანა, დიდი, ყვითელი. აივანზე, როგორც თვითონ იცის თქმა ,,ჩულქში” ჩაყრილი კაკალი, ხახვი და ნიორი უკიდია. კედლის მარჯვენა მხარეს ათიოდე სანტიმეტრზე ცემენტის კედელი მინითაა დაფარული ,,ნოდარი” იკითხება იქ ვარდიკო ბებიას შვილის სახელი, თვითონ დაუწერია და მერე ასე შემოინახა დედამ. ზაფხულზე როცა კი ვარდიკო ბებიასთან გადავალ ხოლმე ის ამ წარწერასთან სულ ახლოს ზის. აქ აჩევს ლობიოს, აქ ნაყავს ქვასანაყით სუნელებს და სტუმრებსაც აქ იღებს. ხილს საერთოდ არ ჭამს სულთმოფენობამდე, შვილებს არ მიუვათ საკურთხზე წადგმული საჭმელიო აბობს. საკურთხზე კოკრებს აკეთებს, პატარა ყველიან მრგვალ ხაჩაპურებს, მარხვაში გულში კაკალს უდებს.

Комментариев нет: