вторник, 20 октября 2020 г.

თქეში

მომენატრე. მერე ღამით ფოტოები ვათვალიერე, ფოტოები, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით.  ფოტოებს, რომლებსაც მხოლოდ ჩვენთვის ვიღებდით და  ზუსტად ვიცოდი რომ ერთ დღეს წავშლიდი ყველას.  

ფოტოების ,,პაპკას" თქეში ჰქვია და პაროლიც მაქვს დადებული. სახელზე მაშინ ბევრი ვიცინეთ. ეს ფოტოები რომ ვინმემ ნახოს თქეში და არამაგედონი მერე ნახე შენ,  – ამბობდი.

ერთ ფოტოში თმა მაქვს ბოლომდე გადაპარსული და  შენ მხრებამდე. სტამბულშია გადაღებული, მე რომ ვიღაც გოგოს გამო გეჩხუბე და შენ რომ ხარხარებდი ეგ დღეა.   

იმ ღამით ღამის ბარში წავედი, მძინარე დაგტოვე. დილით შენ ჩხუბობდი და მე ვხარხარებდი. ქოლგა გატეხე მაშინ ბრაზისგან. გატეხე რა, შემოგატყდა ხელში. 

მეორე დღეს წვიმდა, ბევრი ვიარეთ. ამ დღეს უამრავი ფოტო გადავიღეთ, ყველა აქაა. 

ღამის ფოტოებიააა –  პირღიას გძინავს ერთგან, ერთ ფოტოში ალბათ მცივა საბანი ძირს აგდია და მოკუნტული ვწევარ. არადა, მცივანა შენ ხარ :) 

ერთ ფოტოში სოფელში ვართ, მე  გიყურებ, შენ კარტოფილს თლი. 

ყველა მოგზაურობისას ყველაზე მეტი ბავშვებთან გვაქვს ფოტოები –  მე,  შენ და ირგვლივ 10–12  პატარა.  სულ, სულ, სულ მინდოდა შვილი მყოლოდა, შენ ისედაც გყავს. 

ღამის ოთხი საათია, ფოტოებმა შემიყოლა,  არ მეძინებოდა,  მერე  – Delete - გავაწკაპუნე და  ,,პაპკა" სახელად თქეში გაქრა.  

вторник, 13 октября 2020 г.

სექტემბერი იდგა

ფანჯარა გასაწმენდი იყო, ამიტომაც, ბოლომდე გამოვაღე და ის დღეები ცას ვუყურებდი. ცას რა, ცის რაღაც ნაგლეჯს, რომელიც ღია  ფანჯრიდან ჩანდა. 

ხანდახან ხელს დავხედავდი, კათეტერი მედგა და ვიღაცის სისხლს მისხამდნენ. ადრე ეწერა ვისიც იყოო, - თქვეს პალატაში, ახლა მხოლოდ ნომრებია მითითებული ვენაში შესაყვანი ხსნარის გამჭირვალე პარკზე. 

მერე კათეტერმა ხელი მატკინა, მოვახსნევინე ექთანს და შემდეგ ყველა გადასხმისას როცა ნევსი შეყავდათ  ვენაში ვკვნესოდი. 

 - როგორ გეტყობა რომ არ გიმშობიარებია, ასე უბრალო რამ რომ გტკივა, - მითხრა ახალგაზრდა ექთანმა, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა და ერთი სული ჰქონდა მორიგეობა ჩაემთავრებინა და მათთან გაქცეულიყო. 

მე ვიწექი საგორებელ საწოლზე, რომელსაც ზემოთ, თავის მხარეს ბორბლები როგორც ჩანს გაფუჭებული ჰქონდა და მივგორავდი ხოლმე დაბლა. იყო პალატაში ეს რაც მაცინებდა. ისე ტელეფონით გამყავდა დრო. მასთან მიმოწერით. მასთანაც ბევრს ვიცინოდი, მაშინ გავიაზრე რომ ასე სხვას არავის შეეძლო გავეცინებინე. ზოგჯერ ვხარხარებდი კიდეც.  ჩემნაირი იუმორი ჰქონდა, ჩემნაირი რაა, უფრო მაგრად ხუმრობდა, უბრალოდ ერთიდაიგივე რაღაცაზე გვეცინებოდა, აი, ისეთზე სხვას საერთოდ რომ არ გაეღიმებოდა.

საჭმელი ამომიგზავნეს, გამკაცრებული რეგულაციების გამო პალატაში არავის უშვებდნენ. ქაღალდის პარკს ჩემი სახელი და გვარი ეწერა და გასწვრივ  – ონკო. იმ ღამით არ დამეძინა. 

მეორე დღეს საჭმელი ვერ ვჭამე. ბროკოლის წვნიანს დიდხანს ვურიე კოვზი. 

 – უნდა ჭამო, აუცილებლად უნდა ჭამო! – მითხრა ექთანმა და რადგან კათეტერმა ხელი მატკინა მომხსნა. ყოველ გადასხმაზე შპრიცით მიკეთებდა ახალ–ახალ ადგილზე გადასხმას და მქონდა ორივე ხელი სულ დალურჯებული.

დახურული, ნაცრისფერი საღამური მეცვა, და ეს საღამური იყო ისე ჩვეულებრივი, რომ მაღიზიანებდა. ყველაფერი ღია ფერის იყო, პალატა, თეთრეული, მე. 

მეათე სართულზე  მანქანების ხმა ამოდიოდა. კვირა დღეს,  დილით,  ეკლესიის ზარების ხმასაც ვუსმინე, მერე თავს ძალა დავატანე და ავდექი, უფრო სწორად საწოლზე მუხლებით დავდექი და დაბლა გადავიხედე. აქედან რომ გავალ ბევრს ვივლი – გავიფიქრე.

მობილურზე ლოკაცია გამოვრთე, ისე სხვათაშორის. ტუალეტში სარკეს პირსახოცი ჩამოვაფარე.

მასთან მიმოწერა უკვე მსიამოვნებდა. ვწერდით თითო – ოროლა სიტყვას ერთმანეთს, მაგრამ მაინც  ვწერდით და ეს იყო რაც აქ მახალისებდა. ვირტუალურ კოცნებს ,,გავუგე გემო". ისე კოცნა კი არა წყლის დალევაც არ შემეძლო. 

ბოლო თვეში მდგომარეობის გამწვავების გამო  ორჯერ მომიწია საავადმყოფოში წოლა. 

და გაზმორებაც გემრიელი, გაჭიმვით, კრუტუნით აღარ მინდებოდა.  

მერე,  ჩემი ფერადი თეთრეული ვთხოვე მოეტანათ, ჩემი ატლასის პერანგები, სუნამოები და უკვე თამამად გავბედე ფიქრი, რომ აქედან როცა გავიდოდი ბევრ, ბევრს ვივლიდი და ვიხეტიალებდი  პატარა, მშვიდ ქალაქებში. მივეფიცხებოდი მზეს და ბევრ ნაყინს შევჭამდი, ბევრ ფოტოებს გადავიღებდი. 

სექტემბერი იდგა, ყველაზე ცუდი წლის სექტემბერი. 

вторник, 8 сентября 2020 г.

ბაყაყები, ტბა, ტირიფი . . .

სასტუმრო, რომელშიც ზუსტად  ექვსი წლის წინ ვიყავით ერთად,(ერთად რა, სამსახური ითხოვდა და სხვებიც იყვნენ, ასე 25 კაცამდე)   ახლა, მარტო მყოფს სხვანაირი დამხვდა. ღია აუზებიც დაუმატებიათ, შენობებიც, ხეებიც, ვარდებიც. 

,,ჩემი ტირიფი" ნახევრად ჩასულია წყალში.  აუუუუუ,  ტირიფი  . . . 

 მაშინ დავლიე, თან ღვინო, თან მე და ღვინოოო, თან ბევრი, ბევრი რა, ალბათ ერთი ჭიქა, ჰა–ჰა –ჰა ორი. ჯერ მეგობრებთან ვიჯექი და მათთან ვსვამდი, მერე სასწაულად მომინდა აუზში ჩავმხტარიყავი. ,,კუპალნიკი" გამოცვლა და ნომერში ასვლა დამეზარა, კაბა ფეხებიდან  გავიხადე, ჩავიხადე უფრო სწორი ფორმა იქნება. ღილიც ამწყდა, აბა სად მკერდიდან გახდა და სად მუცელ– ტრაკზე კაბის ჩაწევა.  და აუზში ჩავხტი.  ნამდვილად ვიცი, წინა ცხოვრებაში თევზი ვიყავი, უფრო დელფინი. ზურგზე დავწექი და კარგა ხანს ვიტივტივე.  მერე სველზე გადავიცვი კაბა და მეგობრებთან დავჯექი, ბევრი ფოტო გადავიღეთ. იქით ზის უმეტესობა, წამო შეუერთდეთ, თქვა ვიღაცამ და წავედით. როცა მივედით ის ლაპარაკობდა, პირდაპირ დავუჯექი, არ მახსოვს რას ამბობდა, ხანდახან გამომხედავდა, თან ეწეოდა. ღვინო მომაწოდა,  დავლიე, დამიმატა, ჭიქა ძირს დავდგი და არც მეტი და არც ნაკლები გემრიელად გავიზმორე. სველზე როცა კაბას გადაიცმევ მკერდთან გისველდება მრგვალად და ტრაკზე. მე კიდე როცა გავიზმორე დაბლა კაბა მთლიანად სველი მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხედავდა როგორ ვცურავდი და დავდიოდი ,,კუპალნიკით" წინა დღეები და არავინ გადარეულაა, ახლა ამ უწყინარ გაზმორებაზე  უცნაური თვალები ავირეკლეე.  უცებ არ გავსწორებულვარ, მთვრალი ვიყავი, თან მუდამ ათოსანსა და დავარცხნილ–დაუთოებული  გოგოს იმიჯის ნაცვლად ეს თავქარიანობა მომეწონა. ისევ განაგრძეს ღვინის სმა თუ წრუპვა. 

 – წამო, მითხრა მერე მან. ავდექი. არც გადავქანებულვარ, როგორც იციან კეკლუცა გოგონებმა, ვითომ  შემთხვევით, რომ მკერდზე მიეყუდონ და რაღაც რომანტიკა ითამაშონ. ერთი მომენტი გავიფიქრე მოდი ასე ვიზამ–თქო, მაგრამ ნასვამი ვიყავი და ამ შაქარყინულა დებილობაზე გული რომ არ ამრეოდა თავი შევიკავე, ოღონდ გამეცინა. 

 – რაო? მკითხა მან.

მერე მაკოცა, მერე მინდორზე დავწექით. ისევ მაკოცა. ავდექი, ფეხი მერეოდა. ტირიფის ქვეშ შევძვერით და რამდენს მაკოცებდა ბაყაყები ყიყინს უმატებდნენ.

 –  დაცვა გყავს, –  მითხრა სიცილით. 

ხოო, იმას ვამბობდი ექვსი წელი გასულა. აქაურობა შეცვლილია, განცდები არა, განმიახლდა. 

ბოლოს რა იყო? ცოლმა დაურეკა. ხო, ტირიფის ქვეშ როცა ვისხედით დარეკა. ცოლებიც გრძნობენ ალბათ რაღაცეებს დედების მსგავსად. ასეთ ბანალობას არ ელოდი, ხო? არც მე, მაგრამ ასეა :) დაურეკა, უპასუხა. მერე გაყინულმა, (სულ გაყინულია და სულ ცივა) ჩამიხუტა.

ალბათ როცა  მომინდება ამ ბოდვას გავაგრძელებ, კი, აქვს გაგრძელება, არა შაქარყინულა, მაგრამ  . . .

понедельник, 6 апреля 2020 г.

ზღვის ბოდვა 2

ნაპირზე წევხარ ალბათ, ვიღაცის ფეხებთან გაშოტილს და გძინავს. ეგ ვიცი რუჯისთვის ნაპირზე კოტრიალს არ აპირებ. წვრილი კოჭის გამოჩენაზე თავს სწევ და თვალს აყოლებ, მერე ისევ იფხატებ ქუდს თავზე და ფიქრობ.

მე ვხედავ თუ როგორ ხტები წყალში, კარგად ცურავ. სიშიშვლეს, რომელიც გვიყვარს და ქალაქში გაკლია აქ ივსებ. დადიხარ შენი მწვანე შორტით და სათვალეებიდან  როგორც შენ გიყვარს თქმა –  წვრილკანჭა გოგოებს აკვირდები.

ხანდახან ვფიქრობდი რატომ შეგიყვარდი?

რამდენჯერაც გკითხე ახარხარდი. ერთხელ ასეც მიპასუხე  – თმა გაქვს კარგი. იმ პერიოდში თავი გადახოტრილი მქონდა, სამაგიეროდ  შენი თმის დავარცხნით და დაწნით ვირთობდი თავს.

მიყვარს, თმის დაბანის დროს თვალებს რომ ძალიან, ძალიან ხუჭავდი და ზოგჯერ ხელებსაც იფარებდი.

კარგად ვიყავი შენთან. რატომ ავიჩემეთ არდადაგები არ ვიცი. ანუ არდადეგები ერთმანეთისგან დასასვენებლად.

შენ ზღვაზე წახვედი.  მეც  ჩემს სოფელში.

ვითომ ინტერვიუს იწერს ვინმე :)

ჰო, რაღაც ცხოვრებისეული,  სურათებიანი ჟურნალისთვის, გასათხოვარი, დიასახლისები რომ ჰყავს მკითხველებად, ვითომ იქ იწერება :)

 დავიწყოთ, კი, ბატონო:)


როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ერთ ზაფხულს მეგობარს წავყევი სოფელში. მდინარეც გვაქვსო, ტყეცო და პატარა სახლიო. ჰოდა,  წავედით. ბებია ჰყავს. ხის ჭრიჭინა აივანი და დიდი მწვანე ეზო, გაშლილი ხელისგულივით.

ჩავედით და ყველგან ნათურები დავკიდეთ, გავანათეთ ეზოც. ქათმები ყავდა კიდევ ბევრი და ჭუკები. მე ყოველ დილით ჭინჭრის საკრეფად დავყვებოდი ბებოს, მეცვა შავი, დიდი ზომა მაღალყელიანი ,,ვალინკები" ბებოს ძველი გრძელსახელოებიანი, ჭრელი ფანელის ხალათი და ხელთათმანები. ყველას ეზოში შევდიოდით და ვკრეფდით ჭინჭარს დილაადრიან.
სოფელსი ჭინჭარზე ნებისმიერის ეზოში შეგიძლია შეხვიდე.  ბებომ იცოდა ვის ყავდა ძაღლი, ვის არა.  ჰოდა დილის შვიდზე უკვე მოვლილი გვქონდა ახლომახლო მეზობლების ეზო-კარი.

ერთ დილას,  მეზობლის ეზოში, სახლიდან საკმაოდ დაშორებით ვკრეფ ჭინჭარს მარტო და მესმის შხრიალის ხმა. გავსწორდი უცებ. დგას ჩემსკენ ზურგით ზოლიანი, გრძელ რტუსიანი ბიჭი, ტრუსი წაწეული აქვს და ფსამს. დავაცადე სანამ დაამთავრებდა, მორჩა, ამოიწია ტრუსი და შემობრუნდა.

 – გამარჯობა, რატომღაც მივესალმე.

 - გამარჯობა, მიპასუხა თვითონაც.

 - ჭინჭარს ვკრეფ, ავუხსენი ისევ  რატომღაც და გამოვბრუნდი  .

სახლში ბევრი ვიხარხარეთ როცა მოვყევი. ჟუკას შვილიშვილი იქნებოდა, მითხრა  ბებომ.

საღამოს გვესტუმრა, ჭინჭარისგან ჰქონდა გაკეთებული უზარმაზარი თაიგული  პარკში გახვეული  და ისე მოვიდა. ამაზეც ბევრი ვიცინეთ. მაშინვე მომეწონა. მერე მითხრა რომ თვითონაც მაშინვე მოვეწონე. ორი წელი გავიდა, ერთად ვართ.

среда, 5 сентября 2018 г.

არაფრის ხასიათზე არ ვარ! აი, ასე!!!!!!!!