понедельник, 6 апреля 2020 г.

ზღვის ბოდვა 2

ნაპირზე წევხარ ალბათ, ვიღაცის ფეხებთან გაშოტილს და გძინავს. ეგ ვიცი რუჯისთვის ნაპირზე კოტრიალს არ აპირებ. წვრილი კოჭის გამოჩენაზე თავს სწევ და თვალს აყოლებ, მერე ისევ იფხატებ ქუდს თავზე და ფიქრობ.

მე ვხედავ თუ როგორ ხტები წყალში, კარგად ცურავ. სიშიშვლეს, რომელიც გვიყვარს და ქალაქში გაკლია აქ ივსებ. დადიხარ შენი მწვანე შორტით და სათვალეებიდან  როგორც შენ გიყვარს თქმა –  წვრილკანჭა გოგოებს აკვირდები.

ხანდახან ვფიქრობდი რატომ შეგიყვარდი?

რამდენჯერაც გკითხე ახარხარდი. ერთხელ ასეც მიპასუხე  – თმა გაქვს კარგი. იმ პერიოდში თავი გადახოტრილი მქონდა, სამაგიეროდ  შენი თმის დავარცხნით და დაწნით ვირთობდი თავს.

მიყვარს, თმის დაბანის დროს თვალებს რომ ძალიან, ძალიან ხუჭავდი და ზოგჯერ ხელებსაც იფარებდი.

კარგად ვიყავი შენთან. რატომ ავიჩემეთ არდადაგები არ ვიცი. ანუ არდადეგები ერთმანეთისგან დასასვენებლად.

შენ ზღვაზე წახვედი.  მეც  ჩემს სოფელში.

ვითომ ინტერვიუს იწერს ვინმე :)

ჰო, რაღაც ცხოვრებისეული,  სურათებიანი ჟურნალისთვის, გასათხოვარი, დიასახლისები რომ ჰყავს მკითხველებად, ვითომ იქ იწერება :)

 დავიწყოთ, კი, ბატონო:)


როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ერთ ზაფხულს მეგობარს წავყევი სოფელში. მდინარეც გვაქვსო, ტყეცო და პატარა სახლიო. ჰოდა,  წავედით. ბებია ჰყავს. ხის ჭრიჭინა აივანი და დიდი მწვანე ეზო, გაშლილი ხელისგულივით.

ჩავედით და ყველგან ნათურები დავკიდეთ, გავანათეთ ეზოც. ქათმები ყავდა კიდევ ბევრი და ჭუკები. მე ყოველ დილით ჭინჭრის საკრეფად დავყვებოდი ბებოს, მეცვა შავი, დიდი ზომა მაღალყელიანი ,,ვალინკები" ბებოს ძველი გრძელსახელოებიანი, ჭრელი ფანელის ხალათი და ხელთათმანები. ყველას ეზოში შევდიოდით და ვკრეფდით ჭინჭარს დილაადრიან.
სოფელსი ჭინჭარზე ნებისმიერის ეზოში შეგიძლია შეხვიდე.  ბებომ იცოდა ვის ყავდა ძაღლი, ვის არა.  ჰოდა დილის შვიდზე უკვე მოვლილი გვქონდა ახლომახლო მეზობლების ეზო-კარი.

ერთ დილას,  მეზობლის ეზოში, სახლიდან საკმაოდ დაშორებით ვკრეფ ჭინჭარს მარტო და მესმის შხრიალის ხმა. გავსწორდი უცებ. დგას ჩემსკენ ზურგით ზოლიანი, გრძელ რტუსიანი ბიჭი, ტრუსი წაწეული აქვს და ფსამს. დავაცადე სანამ დაამთავრებდა, მორჩა, ამოიწია ტრუსი და შემობრუნდა.

 – გამარჯობა, რატომღაც მივესალმე.

 - გამარჯობა, მიპასუხა თვითონაც.

 - ჭინჭარს ვკრეფ, ავუხსენი ისევ  რატომღაც და გამოვბრუნდი  .

სახლში ბევრი ვიხარხარეთ როცა მოვყევი. ჟუკას შვილიშვილი იქნებოდა, მითხრა  ბებომ.

საღამოს გვესტუმრა, ჭინჭარისგან ჰქონდა გაკეთებული უზარმაზარი თაიგული  პარკში გახვეული  და ისე მოვიდა. ამაზეც ბევრი ვიცინეთ. მაშინვე მომეწონა. მერე მითხრა რომ თვითონაც მაშინვე მოვეწონე. ორი წელი გავიდა, ერთად ვართ.

среда, 5 сентября 2018 г.

არაფრის ხასიათზე არ ვარ! აი, ასე!!!!!!!!

среда, 30 мая 2018 г.

საპნის ბუშტები

არის ხოლმე დღეები სიმძიმის, ტირილის, ტკივილის. ასეთ დროს გგონია მორჩა! აღარაფერი შეიცვლება! დამთავრდა!

დამთავრდა! არც კარები გაუბრახუნებია, არც უყვირია.

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო - სამსახურიდან მოვედი, სახლში არ დამხვდა, არადა, მუდამ პირველი მოდიოდა. როცა ცხრა გახდა და არ გამოჩნდა დავრეკე. არ მიპასუხა. ხუთ წუთში ისევ დაურეკე. მიპასუხა. წავედი, ხომ გვქონდა ასეც ნათქვამი.  დამემშვიდობა და გათიშა.

ძირს დავჯექი, პირდაპირ იატაკზე და პირველი რაც გამახსენდა ის იყო რომ ორსულად ვიყავი და დღეს მისთვის უნდა მეთქვა. გამახსენდა და იმხელა შვება ვიგრძენი, მივხვდი, გამიხარდა რომ წავიდა და ჩემს ორსულობაზე არაფერს ვეტყოდი, რადგან  შვილი არ უნდოდა.

აბორტი გავიკეთე. საავადმყოფოს კიბის ცივ სახელურს ჩავებღაუჭე და წელში გასწორება ვცადე, შევძელი. პირველი სართული ჩვეულებრივ უნდა გამევლო, გამართულს და აქაური მოგონებაც აქ დამეტოვებინა.

გზაში პატარა ქოთნით ყვავილი ვიყიდე აივნისთვის, კიდე სვანური მარილი და საპნის ბუშტების გასაშვები რაღაც, რა ქვია არ ვიცი. სახლის კიბეზე გამახსენდა, რომ სვანური მარილი არ მიყვარდა. 

Viber, მე  - სვანური მარილი გიყიდე.
Viber, ის - ვააა, მოვიდე?
Viber, მე - ზემოდან გადმოგიგდებ.
Viber, ის -  მეორე პარკშიც ჩადე და ისე :)
Viber, ის -  მიყვარხარ!

დავხედე მობილურის ეკრანს. მიყვარხარ არასდროს უთქვამს. ფეხის თითები გამეყინა. სვანური მარილის სუნი ჩანთიდან სასწაულად იფრქვეოდა.

საღამოს აივანზე საპნის  ფერად ბუშტებს როცა ვუშვებდი და თითქოს გამოშიგნული მუცლის ბუყ-ბუყს ვუსმენდი ტკივილი მაშინ მოვიდა. ყველაფრის ტკივილი  - ნიკაპის, თმის, ცხვირის, ენის, ფეხის, მუხლის თუ კოჭის, აუტანელი ტკივილი. 

საპნის ფერადი ბუშტები ჰაერში ათ წამზე მეტხანს ვერ ძლებენ. იცოდით?

среда, 6 сентября 2017 г.

ჩაი და ნაყინი

მარტო ვარ. ცხელ დღეებში კარგია მარტოობა - რომელმა სულელმა თქვა ნეტა? ალბათ მეათე ჭიქა ჩაის ვსვამ, არადა, ჯერ დილის თერთმეტი საათია. ათივე სხვადასხვანაირი ჭიქა მაგიდაზე დევს. მე დივანზე წამოპლაკული ვწერ. მერე გავალ და ყუთით ნაყინს ამოვიტან, ხოდა, ჩაი, ნაყინი, ნაყინი, ჩაი და ერთ კვირაში კბილებიც დამცვივდება. ახლა რა ვარ და უკბილო რა ვიქნები :) უკბილო ვიჩიფჩიფებ ჟუჟუნა ბებიასავით.

წავყოლოდი სოფელში.  რა შარშან ხომ ვიყავი, ხომ მესმოდა ვინ არის? ცოლი არ არის და რას დაყვება ეს გოგო, პატრონი არ ყავს?  ბებიას ეს ლაპარაკი რომ არ გამეგო ხმას აუწევდა ხოლმე, ვითომ ყურში არ ესმოდა და მეც თავს ვიკატუნებდი ვითომ არ გამიგია.  

სახლი აქვთ ხის, ხმელი და გვერდებშეწითლებული მზისგან. აი, იატაკზე რომ დადიხარ ჭრაჭუნებს და ოთახებში თითქოს მზეა გამოკეტილი, სუნი დგას სასწაული. ოთახში სადაც საწოლი გამიშალეს დიდი მაგიდა იდგა და მასზე ათასნაირი მწვანილი ხმებოდა, ცალკე ამ მწვანილების სურნელი და ოთახში შუაღამისას  რომ შევბარბაცდებოდი თავი სხვა სამყაროში მეგონა.

 - ჩემი მეგობარია, -  ასე გააცნო თავი ბებიას და ბაბუას. ბაბუამ გამიცინა, ბებია დიდხანს მაკვირდებოდა. ზემოთ სართულზე გამამწესეს. ასე გამმიჯნეს შვილიშვილისაგან. არ მოვეწონე მოხუცებს.სახლს დიდი ფანჯრები ქონდა და თეთრი გამჭირვალე ფარდები, ვიწექი და ფანჯრებს ვუყურებდი. აივანზე ყველაფერი ჩანდა. ის ღამე როგორ დამეძინა არ მახსოვს, იატაკის ჭრაჭუნმა გამაღვიძა - ძლივს დაიძინეს და გამოვეპარე, -  მითხრა და უცებ შემოწვა, ხმამაღლა ვერც ვიცინოდით, ჩუმად ვფხუკუნებდით ატლასის წითელგულა საბნის ქვეშ. რაც იქ ვიყავით სულ ასე აკეთებდა,ღამით სადღაც ორი საათისთვის ამოდიოდა და დილით ექვსზე ფეხაკრებით ბრუნდებოდა პირველ სართულზე. ორამდე ნიკაპზე მქონდა საბანი ამოწეული და თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი ფანჯრებს, ოდნავი მოძრავი ჩრდილი, რომელიც ძირითადად აივანზე ამოყოლებული ვაზის ფოთლები იყო  გულს მიხეთქავდა. ათი დღე გავჩერდით, მე წამოსვლა მინდოდა, მას არა. ჭადებიც დავაცხე და მთელი ეს ათი დღე ჭურჭელიც ვრეცხე, მაგრამ ვგრძნობდი მოხუცების გული მაინც ვერ მოვიგე. ოთახებსაც ვალაგებდი და მაყვალის მურაბაც გავაკეთე. წამოსვლისას ბებიამ სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი ხელი მომკიდა და მითხრა - შენი გულისთვის დარბოდა ეს ღამეები აღმა-დაღმა ჩემი შვილიშვილი. ჩვენ რომ არ დაგვენახა, ასე გიფრთხილდებოდა, ხოდა, ძვირფასი ხარ მისთვის და შენც გაუფრთხილდიო.


ეს შარშან იყო. წელს აღარ წავყევი. რომ ჩავიდა დამირეკა გიკითხესო, ცხადია მომატყუა:)ცუდია მარტოობა, მაგრამ მაინც კარგი ვქენი რომ არ წავყევი. ჩაი და ნაყინი, ნაყინი და ჩაი.

четверг, 15 июня 2017 г.

დამეწერა#2

 მომწერა შემხვდიო. შევხვდი. დავჯექით. სახე ხელისგულებში მოვიქციე და მივაშტერდი.
 - აღარ გიყვარვარ ხო? - მკითხა და თან არ მკითხა ტონით.
 - მოგეჩვიე, - ვუპასუხე.
 - მე ორივე, - თქვა ისევ უცნაური ტონით.
 - მეც ორივე,  - ვთქვი და გამეცინა. მასაც გაეცინა. სიგარეტის ღერი ხელში ნერვიულად დაატრიალა და ჩაახველა. ასე იცი ხოლმე როცა რაიმე მნიშვნელოვანის თქმას აპირებს. ზურგი ამეწვა.
 - შვილმა მითხრა გავიცანიო, - საუბრის ასეთ გაგრძელებას არ ველოდი.
 - ხო, სახლში მესტუმრა.
 - რატომ არ მითხარი?
 - რატომ უნდა მეთქვა? - გავღიზიანდი მე.
  - უნდა გეთქვა.
  - რატომ? რატომ? ხმას ავუწიე.
  - უნდა მცოდნოდა - თქვა მშვიდად და თითებით სიგარეტი გადატეხა. თუთუნი ფეხებზე დაეყარა. გადავიწიე, მუხლზე ხელი გადაუსვი.
 - კარგი გოგო გყავს - ვუთხარი.
 - მამის გოგოა - ისე მითხრა მუცელი ამეწვა.
 - ალბათ, ხო - ვითომ უდარდელი გავხდი უცებ.
 -  პატარაააა - გაეცინა და ჩოლკაზე მომეფერა. თავი გავწიე.
ვიღაც ამ დროს სამსახურიდან გარბის შვილებისთვის ფუნთუშების დასაცხობად, ვიღაც სარეცხს აუთოებს, ვიღაც აივანზე ჩაის სვამს და ქმარის აქეთ-იქით მიმოფანტული ტანსაცმელი არ აღიზიანებს, ვიღაც საცობშია და აივანზე გადმოკიდებული შვილის კედებზე ფიქრობს ქარმა ხომ არ წაიღო, ვიღაც ქურას ხეხავს, ვიღაც თმას ისწორებს და თან სარკეში თავს ათვალიერებს. ვიღაც სამშობიაოდან გამოწერეს და ხელში ვეღარ იჭერს ყვავილებს, გულში ემოციას, ძუძუში რძეს. მე კი ვზივარ, სამი შვილის მამას და სხვის ქმარს ვეკეკლუცები. ამეტირა.
 - უნდა წავიდე - ვთქვი უცებ და წამოვდექი.
 - წავიდეთ - ადგა, იდაყვზე ხელი მომკიდა და გამაჩერა.
 - არ წამომყვე, ახლა არ გამომყვე - სწრაფად გავედი.
მოვიხედე, მინაზე მიყრდნობილი იდგა და მიყურებდა.

მუდამ ასეა, ვიწყებ ურთიერთობას და მერე მახსენდება ამას რა მოყვება, მერე რა იქნება - ამბები, ჭორები, ყველა ზარზე თანამშრომლების გამოხედვები, კომენტარები, ,,სადაქალოში“ საუბარი ერთგულებაზე, ღირსებაზე, თავის დაფასებაზე და უმთავრესი, დაგვირგვინება  დასასრულით -  ოჯახი მაინც მთავარია, ყველა კაცი ბოლოს ოჯახს უბრუნდება. ამ დროს მე ვზივარ  მუცელში პეპლები  დაფარფატებენ და ერთი სული მაქვს აქედან როდის გავაღწევ და ვნახავ.