четверг, 11 февраля 2010 г.

ვისაც თვალ აქ . . .

(ლექციათა კურსიდან “ადამიანი და ხალხი”)

,,ძნელად მოსაძებნია მასზე ადამიანური ურთიერთობა, რომელიც დედა-შვილს აკავშირებს. უაღრესად უნიკალური არსება _ დედა ხომ თავისი უნიკალური ქმნილების _ შვილის გამო ცხოვრობს. სწორედ ამ კონკრეტულ მამაკაცს უყვარს სწორედ ეს კონკრეტული ქალი _ შეუდარებელი, შეუცვლელი, ერთადერთი. მათი ქცევა, მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება პიროვნებათშორისი ურთიერთობის ძალზე ნათელი მაგალითია. ბარემ აქვე შევნიშნოთ: შეყვარებული წყვილი ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტად საუბრითაა დაკავებული. რა თქმა უნდა, სასიყვარულო ალერსსაც ეძლევიან, თუმც, ესეც საუბრის გაგრძელებაა, ოღონდ _ სხვა ფორმით. ამას დაზუსტება აღარ სჭირდება. სიყვარული, რომელსაც მზერა და ალერსი ასულდგმულებს, უფრო მეტად ცოცხლდება საუბრით, დაუსრულებელი დიალოგით. სიყვარული მგალობელი ფრინველივით სტვენს და ჭიკჭიკებს, სიყვარული მჭევრმეტყველია და, თუ რომელიმე შეყვარებული მაინც დუმს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სხვაგვარად არ შეუძლია. ის ბუნებითაა გამორჩეულად მდუმარი.
ეს უაღრესად ინდივიდუალური ქმედება, რომელსაც ორივე მონაწილე მთელ თავის პიროვნულ სიღრმეს ახმარს, ორიგინალური შესაქმის ეს უწყვეტი აქტი _ სიყვარული _ შუამავლად მეტყველებას ირჩევს. ლაპარაკი გარკვეული ენის გამოყენებას ნიშნავს, თუმც, შეყვარებულებს არ შეუქმნიათ იგი. ენა, რომელზეც მიჯნურები საუბრობენ, მათთან ერთად არსებობდა, საზოგადოებაში ფეთქავდა. ბავშვობაშივე ჩასახლდა მასში ადამიანთა სამეტყველო აღქმასთან ერთად. რამეთუ ენას _ იმთავითვე და სამუდამოდ მარად მშობლიურს _ ითვისებენ არა გრამატიკიდან ან ლექსიკონიდან, არამედ _ მხოლოდ ადამიანური მეტყველებიდან. ყველა მიჯნურს სურს რაღაცის თქმა, ბევრის გამოთქმა, მაგრამ სინამდვილეში ეს სურვილი მხოლოდ ერთს ნიშნავს _ გიამბოთ საკუთარ ცხოვრებაზე, თითოეულის განუმეორებლად ინდივიდუალურ ყოფაზე. როცა ერთ-ერთ პირველ ლექციაში აღვნიშნე, ადამიანთა ცხოვრება თავიდან ბოლომდე რადიკალური მეტყველებაა-მეთქი, დავამატე, რომ სიყვარული ორი მარტოობის გაცვლა-გამოცვლის, ორი იდუმალი შინაგანი სამყაროს შერწყმის ცდაა და თუ ის წარმატებით დასრულდა, ორი ნაკადი გაერთიანდება, ორი ცეცხლი ერთურთს შეედუღება. აი, რატომ ეუბნებიან შეყვარებულები ერთმანეთს: “ჩემო სიყვარულო!” ან სხვა მათ დარ სიტყვებს”.

ხოსე ორტეგა-ი-გასეტი

Комментариев нет: