воскресенье, 14 июня 2026 г.
ბახ!
четверг, 13 июня 2024 г.
ჰეიი!!!
ჰეიიიი, როგორ ხარ?
მანდ წვიმები იცის? უჰჰ, რამდენი გვიცეკვია წვიმაში.
ცეკვას გადავეჩვიე, როცა წვიმს შენ მახსენდები და აღარ მეცეკვება.
მანდ ცეკვავ?
მანდ როგორი გოგოები დადიან?
თოვს მანდ? თუ ცხელა, დადიხარ მზემოკიდებული და გახსენდება კისერზე ჩემი კოცნები.
მანდ კოცნა იციან საერთოდ?
ლუდი? ლუდს სვამ ისევ? მე აღარ!
ზღვა არის მანდ? სხვასთან ერთად თუ თამაშობ ყვინთაობანას იცოდე არ გაპატიებ!
ყიყლიყოს შეწვა თუ ისწავლე?
ისევ ვერ ჭამ გაუთლელ ატამს?
ჰეიი, სალამი აქედან!
понедельник, 20 ноября 2023 г.
მერე ყველაფერი მთავრდება ...
ზუსტად ექვსი წელი გავიდა რაც არ მინახავს. ერთ-ერთ კონფერენციაზე გადავეყარე შემთხვევით. მას ასაკი ეტყობოდა, მე ტრაკი და გვერდები.
- დიდი ხანია გიყურებ, - მითხრა.
- უჰ! - მხოლოდ ამ შორისდებულით შემოვიფარგლე მე.
მერე, როგორც იცოდა და არ დავიწყებია, მკლავზე მომკიდა ხელი და იდაყვთან თითებით მომეფერა. გავუღიმე.
- მომენატრე, - თქვა მან.
მე ისევ უჰ ამოძახილს ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე.
- ექვსი წელი ამის მისახვედრად დაგჭირდა? - ვკითხე გაღიმებულმა.
- არ შეცვლილხარ, - მითხრა და ხელი გამიშვა.
ექვსი წლის წინ ძალიან მაფორიაქებდა. ერთხელ ერთ–ერთ შეხვედრაზე მუხლზე მომეფერა მაგიდის ქვეშ ხელით და იმ შეხვედრიდან არაფერი არ მახსოვს. წითელი კაბა მეცვა და ის კაბა დღემდე გაურკვეველ განცდებს იწვევს ჩემში. ახლა ვეღარ ვიცმევ, ძალიან შემოსალტული მაქვს:)
- წითელი კაბით მახსენდები ძირითადად, - მითხრა შესვენებისას, როცა წვენს ვწრუპავდი კედელზე მიყუდებული და ხალხს ვათვალიერებდი.
- აღარ მერგება ეგ კაბა, - გავიცინე მე.
- ჰოოო, თქვა და ამათვალიერა. აღარ მაფორიაქებდა. მიხვდა. ფანჯარაში გაიხედა.
- ახლა ხუთი წლის შვილი გვეყოლებოდა, - თქვა უეცრად. კიდევ კარგი კედელს ვიყავი მიყუდებული, ისე შემაქანა შიგნიდან რაღაცამ.
- შენ ხომ გყავს შვილები, - ამოვღერღე ძლივს შეკოწიწებული სიცივით.
გამიღიმა.
მერე, წვენს დავიმატებ მეთქი და წავედი.
მერე, პალტო ავიღე, ჩანთაც და კიბეებზე დავეშვი. უფრო სწორი იქნება დავწერო, რომ ჯერ ჩანთა ავიღე, საკიდის ნომერი მოვძებნე, პალტო დავიბრუნე და მოხვეულ კიბეებზე დავეშვი.
четверг, 12 октября 2023 г.
ორი მეს გაბაასება
პირველი მე – გადარევა მინდა, გავიფიქრე როცა ერთ–ერთი პროექტის წერას მოვრჩი და დაღლისგან კუზი ამომივიდა მეგონა.
მეორე მე – უკვე ხარ გადარეული და . . .
პირველი მე – კი, გადარეული ვარ, მაგრამ სხვანაირი გადარევაც მინდა.
მეორე მე– როგორ სხვანაირი? იგონებ რაღაცას.
პირველი მე – არ ვიგონებ! აი, იცი როგორი გადარევა მინდა? მეც ვერ ვაყალიბებ როგორი, მაგრამ აიი, როგორ გითხრა მინდა გ ა დ ა რ ე ვ ა!!!!!
მეორე მე – სცადე ამიხსნა :)
პირველი მე–უცხო ქალაქში მინდა წასვლა, სადაც ვერავინ მიცნობს, ვერც მე და ვერც მას, მერე იქ დავლევდით, მერე ბევრს ვიცეკვებდით, მერე ბევრს ვივლიდით, ქუჩაშიც თამამად ვაკოცებდი, ზურგზეც თამამად ავეკრობოდი, კისერშიც ვაკოცებდი, ყელშიც.
მეორე მე– ეგაა გადარევა?
პირველი მე–კი, გადარევაა, რადგან არასდროს არ მოვქცეულვარ მე ასე.
მეორე მე–მდაა! მაშინ გადაირიე :)
პირველი მე– კარგი :)
среда, 23 августа 2023 г.
როცა
მაისი იყო, ჩემი თვე. დაბადების დღემაც ჩაიარა. მამას ინტერნეტით ვუკავშირდებოდი, სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა, დამპალი წელი იდგა კოვიდრეგულაციების და ვერ მოდიოდა, თან ავად იყო.
14 მაისი გათენდა, სამსახურში მორიგეობით მივდიოდით. ამ დღეს მე მიწევდა. დილით, ბანაობისას გული რამდენჯერმე თითქოს სადღაც გამეპარა, ცხელ წყალს დავაბრალე და ორთქლს.
სამსახურში, სადღაც პირველ საათზე როცა ზუმის ჩართვა მქონდა მობილური აწკრიალდა, დედა მირეკავდა, ოღონდ მეზობელი დამელაპარაკა – მითხრა რომ მამაჩემი გარდაიცვალა. ჰო, პირველივე წინანდადებაში დაასრულა მთელი ამხელა ამბავი.
მშვიდად ავდექი, ზუმი გამოვრთე, ლეპტოპიც. მერე კომპიუტერზე დაწყვე ხელები, ვუყურე თითებს და როდის–როდის ჩემს ძმას დავურეკე.
19 წლით უფროსი იყო ჩემზე. ერთხელ მაღაზიაში როცა მამა დავუძახე ყველას გაუკვირდა–ეს ახალგაზრდა კაცი მამაშენიაა???!!!
უჰ, როგორ სიამოვნებდა ასეთი რამეები.
ორი დღის წინ მისი ქურთუკი მეცვა, თვითონ მაჩუქა–მთლად ქალს არ გავხარ ამხელა ზედაში, მაგრამ რახან მოგწონს გქონდეს, – მითხრა.
მამაჩემს სჯეროდა თუ მე მოვინდომებდი მთას გადავდგამდი–უბრალოდ არ ინდომებ, – მეტყოდა ხოლმე.
მანქანას ატარებდა საშინლად სწრაფად, რიკოთზე გადმოვიფრენდით ხოლმე. მე არასდროს მიგვრძვნია მის წაყვანილ მანქანაში შიში.
სიცოცხლე უყვარდა, ეშინოდა სიკვდილის, არასდროს არ უთქვამს, მაგრამ ვგრძნობდი, თუნდაც ის რომ სიგარეტს არ ეწეოდა, ჯანსაღად იკვებებოდა, ფეხით კილომეტრებს გადიოდა ყოველდღიურად, ექვს თვეში ერთხელ გამოკვლევებზე დადიოდა.
დავაბარებდი კოკა–კოლას, მოჰქონდა ხილი–გაწურე, დააბლენდერე და დალიე–მეტყოდა J
ადრე სტუდენტობისას–ქუჩაში მოვდიოდი და მამას მანქანაში უცხო ქალი დავინახე, უკან, კუთხეში, უცნაურად აკრული სკამს. სამი წუთიც არ იქნებოდა გასული, მამა დამეწია. მანქანა გააჩერა, არ დავჯექი. სახლშიც არაფერი მითქვამს. მის შემდეგ ამ თემაზე საერთოდ არ გვისაუბრია. ჩავკეტე თავში ,,დავივიწყე“. სამაგიეროდ, ჩემს თავგადასავლებზე, მოწონებებზე, სიყვარულზე სულ ვუყვებოდი.
შარშან როცა ჩემი აბურდულ–დაბურდული პირადი ამბები გულში ვეღარ დავიტიე და საფლავზე ავედი მოსაყოლად ეს ამბავიც გავიხსენე, თან ვარდები, რომლებიც ავიტანე, რადგან განსაკუთრებით უყვარდა, ფურცელ–ფურცელ დავპუტე ნერვიულობისგან. ვიცი ჩემს ისტორიაზე ის იქ ინერვიულებდა, მაგრამ უნდა მეთქვა, ისედაც მგონია რომ მხედავს და . . .
ახალი წელი უყვარდა, ალბათ ამიტომაც მიყვარს მეც განსაკუთრებით.
ცხელი ლავაშების შემოტანას სახლში მამაჩემის სუნიც მოჰყვება. კიდევ შაქარს როცა ვყრი ჩაიში, მისი ხმა ჩამესმის–უშაქრო დალიე.
четверг, 8 июня 2023 г.
მუსიკის ფონზედ წასაკითხი, როცა მუცელში ნაწლავები პეპლებად გადაიქცა
ეს ტექსტი მანანა მენაბდეს ,,სტვენს ბულბული" თანმხლებით უნდა წაიკითხოთ!!!!!
იმდენი ვიბოდიალე ტყეში, სანამ არ მომბეზრდა, ტყე კი არასდროს არ მომწყინდება თქო მეგონა.
ან მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ტყის ხის სახლში მელოდა. ონლაინ ჩართვა ჰქონდა და დავტოვე. შევთანხმდით მობილურებიც კი არ უნდა წამოგვეღო, მაგრამ საბოლოოდ ასე არ გამოდიოდა, მაშინ სულ ვერ წამოვიდოდით, ამიტომაც გადაწყდა მობილურების წამოღება და უკიდურესი გაჭირვებისა თუ უბედურების დროს გამოყენება. ჰოდა, ეს ონლაინ ჩართვა იყო ასეთი. მის გარეშე რომ არ ჩაივლიდა და არდასწრება მთლად უბედურების თუ არა კარგის მომტანის არაფრის იყო, ჰოდა ზუმის შეტყობინების ზარიც გაისმა და ხის კარიც უხეშად გამოვიჯახუნე.
სამი საათიაა დავხეტიალობ.
ვიცი, რომ დავბრუნდები უთვალავი კოცნები მელოდება. წინასწარ ვგრძნობ ამ განცდას და ირგვლივ სასწაულად ლამაზი ტყე და მე კიდევ უფრო სასწაულად ლამაზი მეჩვენება.
ასე მგონია ახლა დათვი, მგელი, ვეფხი, ლომი სპილო, ორანგუტანი, რავი ყველა მხეციც რომ შემხვდეს არაფერს მიზამს. უჰჰ, შეყვარებულია ეს გოგო გაიფიქრებენ და ნელ–ნელა გაიკრიფებიან. მიხვდებიან ანთებულ თვალებზე და ცხელ მუცელზე. (შეხების შემთხვევაში)
მამაჩემი უმალ ხვდებოდა ჩემს მსგავს ,,გადარევებს" და როცა აბსოლიტურად სხვა ისტორიების მოყოლას დავიწყებდი რაც გულში მქონდა იმის დასაფარად, თავისებურად ჩაიცინებდა ხოლმე. ამ ჩაცინებით უკვე ვიცოდი რომ ყველაფერს მიხვდა, მეგონა ისიც კი იცოდა რა უნდა მეთქვა და რასაც არ ვამბობდი. მაგრამ ეს ტექსტი მამაზე არაა, მასზეა.
მას, რომელიც ტყეში, ხის პატარა სახლში მიცდიდა კოცნების მეფე დავარქვი.
ეს მოსახვევიც და ქოხთან ვარ.
ამასობაში მუსიკაც დასრულდა, ხო? სახლის ზღუბლზე ჩემს ფეხთან ხმელმა ფიცარმაც გაიჭრიალა. აბა ჰე!
среда, 26 апреля 2023 г.
დასასრულს კი ახლის დაწყება მოსდევს
ჩვენ სხვადასხვა სახლებში გვძინავს.
მე ისიც კი არ ვიცი ხვრინავ თუ არა, არც შენ იცი ღამღამობით ფეხები რომ მეყინება.
მე არ ვიცი დილით ჩაის სვამ თუ ყავას, არც შენ იცი დილით როგორ ვიზმორები და მთელი ტანით როგორ ვიჭიმები.
საწოლში სიგანეზე წოლაზე და ბალიშის თავზე დაფარებაზე აღარაფერს ვამბობ.
ჩვენ სხვადასხვა სახლებში გვძინავს.
დილა მშვიდობისა! პირისპირ არასდროს გვითქვამს ერთმანეთისთვის.
შენ არ იცი ჩემი ამოჩემება თეთრ პირსახოცებზე, არც მე ვიცი შენი საყვარელი ქაფის სუნი.
მე ჩემს სურვილებს ვერ ვაწყობ შენთან ერთად.
ვიცი, შენი სურვილების აწყობაც ასევე ვერ ხერხდება ჩემთან.
დასრულდა.
ჰო, რაც იწყება დასასრულიც აქვს.
დასასრულს კი ახლის დაწყება მოსდევს.
понедельник, 23 января 2023 г.
გაიღიმეეეეე! ცხოვრება მიდისს
среда, 9 ноября 2022 г.
მე რომ ჯადოქარი ვიყო – ინსპირაცია საუბარი მასთან
მე რომ ჯადოქარი ვიყო, მამას გავაცოცხლებდი.
მე რომ ჯადოქარი ვიყო, ყველა იარაღს ბირთვულს და ყველანაირს ბაბუაწვერებად გადავაქცევდი.
მე რომ ჯადოქარი ვიყო, ასე, ოც კილოს დავიკლებდი. ცხვირს არ შევიცვლიდი, უხდება ჯადოქრებს კეხიანი ცხვირებიJ
მე რომ ჯადოქარი ვიყო, პუტინს გავაქრობდი მეთქი უნდა დამეწერა და არა, იყოს და ირბინოს კრემლის წინ ბაბუაწვერების შეკვრით.
მე რომ ჯადოქარი ვიყო, დეკემბრიდან თოვლს მოვიყვანდი. თებერვლის ბოლომდე ვათოვებდი, დიდრონ და ღუნღულა ფანტელებს.
მე რომ ჯადოქარი ვიყო, ჩემს მეზობელს კიბოს გამო რომ ძუძუ მოაჭრეს და განიცდის აღუდგენდი. თმასაც გავუზრდიდი წელამდე, აბრეშუმივით თმას ამოვუყვანდი.
მე რომ ჯადოქარი ვიყო, მას თავს შევაყვარებდი, აი ისე, ელეთ–მელეთი რომ მოსვლოდა ჩემზე.
მე რომ ჯადოქარი ვიყო, ჩემს სოფელში სასაფლაოსთან ფიცრულში მცხოვრებ ოჯახს სახლს ავუშენებდი.
მე რომ ჯადოქარი ვიყო, სასწაულ კოცნებს ვასწავლიდი ყველას.
მე რომ ჯადოქარი ვიყოოოო, უჰ, ღმერთობა მდომებია J
вторник, 4 октября 2022 г.
იცეკვეთ
ბევრი ვიცეკვე, ბევრზე ბევრი.
მივბარბაცდებოდი ბართან მოვწრუპავდი და მერე ცეკვას ისევ ვაგრძელებდი. მინდოდა ეცეკვა. არ ცეკვავდა, არ სვამდა, იჯდა და ბაასობდა, ხანდახან ვგრძნობდი გამომხედავდა.
არა, ცეკვა არ ვიცი, თუმცა როცა მუსიკა მესმის ცეკვის არცოდნა რა მოსატანია. ცეკვა უნდა იგრძნო. ვიდრე უნდა იცოდე:) ჰოოო, ასე ვფიქრობ!
ჰოდა, ვცეკვავდი. ტანზე უკვე ყველაფერი მიჭერდა. დაჯდომა მაინც არ მინდოდა.
– წავედით, – მომესმა ყურთან.
– ჯერ იცეკვე, – ვუთხარი. გაეცინა და იდაყვზე მომეფერა.
– წავედით, – გამიმეორა.
– იცეკვე, – გავუმეორე ისევ.
იდაყვზე ხელი გამიშვა და მითხრა – წავალ.
– წადი, – ვუთხარი მეც. ვიცოდი, რომ წავიდოდა, 12 საათი ხდებოდა, ისედაც გამიკვირდა ამ დრომდე როგორ გაჩერდა.
მერე მობილურს ხმა გამოვურთე და ცეკვა გავაგრძელე.
пятница, 2 сентября 2022 г.
აქამდე ამ ამბებს ვხარშავდი
ჩემი დაბადების დღე იყო. ფორიაქა. საღამოს გულაღმა ვიწექი სასტუმროს ნომერში, უშველებელ საწოლზე და ჭერს ვუყურებდი. გარეთ კოკისპირულად წვიმდა. სულ წვიმს ამ დღეს, სულ, სულ.
ნახვა კი არა, არც მომილოცა! არ გავბრაზებულვარ, მქონდა ეს მოლოდინი თითქოს. გული დამწყდა უბრალოდ. ღვინო მოვწრუპე და როგორც ბავშვობაში ჭერზე ჩრდილებით მიმსგავსობია ვითამაშე.
მერე, დაახლოებით, ათ საათი იქნებოდა როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ადამიანი რომელიც სტუდენტობისას მიყვარდა, ( ვიცოდი, რომ მძიმედ იყო ავად და საავადმყოფოში იწვა) გარდაცვლილა.
გავიხსენე – მეორე კურსზე ვიყავი ჩემს დაბადების დღეზე გამომიარა და ხინკალზე დამპატიჟა. მე მაშინ დიეტაზე ვიყავი, ( მგონი უკანასკნელად, მის შემდეგ აღარ მიდიეტია) ვუყურებდი როგორ ჭამდა. სადღაც მქონდა წაკითხული, სახეს როცა ხელისგულებში მოიქცევ და ადამიანს უყურებ ეს სიყვარულის პოზააო. ჰოდა, მაშინ სასიყვარულო წიგნებით აცეტებული ასე ვიჯექი მის წინ მაგიდასთან, იდაყვებზე დაყრდნობილი და ვუყურებდი სანამ ის ხინკალს თქვლიფავდა. ჭამეო, მეხვეწებოდა. მერე ქუჩაში ძაღლი გამოგყვა, ხინკლის სუნი გაქვს და მაგიტო მოგვყვება მეთქი, ამაზე ვხარხარებდით.
ღამით მომწერა, კალათი ჩამოუშვი რაღაც მოგიტანეო. (მეორე სართულზე ვცხოვრობდი) კალათი ჩაუშვი, ყვავილებს ველოდი. ცხელი, ქაფქაფა ხინკალი იყო და ,,სალფეტკი" მინაწერით – ჭამე, მიყვარხარ!
ეს ბიჭი მოკვდა ჩემს დაბადების დღეს. სამძიმარზეც ვიყავი, პანაშვიდზეც, დასაფლავებაზეც.
ამ დღემ ცუდი და ძალიან ცუდი ამბების გამიჯვნა მასწავლა.
четверг, 14 июля 2022 г.
მდა ...
ზღვაზე მივდივარ, შავი ,,კუპალნიკი" უნდა ვიყიდო, ოქროსფერიც და მალინისფერიც.
მალინისფერს ჩავიცმევ თუ ოჯახებითა და ბავშვებით სავსე პლაჟზე მოვხვდები, ფერზე რომ აჭყლოპინდნენ პატარები:)
შავს ჩავიცმევ როცა პლაჟზე ვიღაც მომეწონება. გადაშლილ წიგნს მუცელთან გვერდზე დავიდებ, აი, ერთი ხელისგაწვდენაზე რომ მქნდეს და საჭირო დროს ავიღო ისე. და თვალებდახუჭული, მზეს მიფიცხებული დაველოდები მას როცა მკითხავს – რა წიგნს კითხულობთ, ან ამინდის პროგნოზი როგორი იქნება ხვალ? მე ვითომ ვერ დავინახავ მის მობილურის ეკრანს, სადაც მკვეთრად ჩანს დღევანდელი ტემპერატურა და საკუთარ მობილურში წითელ შილაკიან თითს ავაწკაპუნებ და დაყენებული ხმით ვამცნობ ამინდის პროგნოზს – ცვალებადი მოღრუბლულობით. და რადგან ხვალ წვიმა იქნება, დავგეგმავთ დღეს სად სჯობს წვიმიან ამინდში დროის გატარება. მე,თავიდან ბუნებრივია ვეტყვი რომ დაღლილი ვარ და ძილი მირჩევნია, რომ მძიმე სამუშაო გრაფიკი მაქვს და ეს შვებულება სულზე მისწრებაა და ნელა გავიზმორები ,,შეუმჩნევლად".
მერე ვითომ გაუაზრებლად გავისწორებ მკერდს ისედაც ღია ,,კუპალნიკში" .
მერე წვენს ერთად დავლევთ, საღამოს უკვე ვისკს.
ოქროსფერ ,,კუპალნიკს" ჩავიცმევ მაშინ როცა შევძლებ ყველა და ყველაფერი ფეხზე დავიკიდო.
მხოლოდ ოქროსფერი ,,კუპალნიკი" ვიყიდე.
вторник, 14 июня 2022 г.
მე გადავლახავ მთას . . . .
სამსახურიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი, ბოლო მარშუტკისთვის უნდა მიმესწრო. ის სხვა ქალაქში იყო და სამ საათში ვნახავდი. ბოტასები მეცვა, მარტივად ვირბინე სადგურამდე, ფანჯარის მხარეს დავჯექი, პატარა ჩანთა მუხლებზე დავიდე, ჯინსი მეცვა დახეული, ამიტომ გაყინული მქონდა მუხლები.
თმები აბურდული მქონდა, ბოტასები დამტვერილი, მაისური და ჭრელი ქურთუკით არ ვგავდი პაემანზე გაქცეულს. მთებს რომ გადალახავს მის სანახავად ისეთს კი.
среда, 18 мая 2022 г.
შენ რომ ჩემი საყვარელი არ იყო . . .
შენ რომ ჩემი საყვარელი არ იყო,
იქნებ დღეს ყავა გვესვა მყუდრო კუთხის კაფეში, ან კინოში წავსულიყავით და ბოლო რიგში შენთვის მხარზე თავი დამედო.
შენ რომ ჩემი საყვარელი არ იყო,
ქუჩაში შემცივნულს ქურთუკს მომაფარებდი და შენივე ქურთუკის ჯიბეში გაგითბობდი გაყინულ თითებს.
შენ რომ ჩემი საყვარელი არ იყო,
მეგობრებს გაგაცნობდი და ერთად შევჭამდით პიცის დიდ ნაჭრებს.
შენ რომ ჩემი საყვარელი არ იყო,
გეტყოდი, რომ ზოგჯერ, ძალიან იშვიათად მე სულაც არ ვარ მხიარული გოგო და შენ ნებას მომცემდი, ვყოფილიყავი მოწყენილი.
შენ რომ ჩემი საყვარელი არ იყო,
მე უფლება მექნებოდა მაგრად შემომეჭდო შენთვის ხელები და არსად არ გამეშვი,მაგრამ შენ ჩემი საყვარელი ხარ და ასე ახლოს მყოფებსაც კი კილომეტრები გვაშორებს, და მე მარტო ვარ შენ გვერდით, ძალიან მარტო, იმიტომ რომ შენ ჩემი საყვარელი ხარ.
უცნობი ავტორი:)
четверг, 24 марта 2022 г.
დიდ და პატარა ომზე
მარტის დასაწყისში კორონა შემხვდა – მაღალი სიცხით. ყველაფერი მტკიოდა, ქუსლი, კოჭი, მუხლი, იდაყვი, ტრაკი, ყური, ჭიპი, თავისქალა, სულ–სულ ყველაფერი და ამას უკრაინის ომიც ემატებოდა.
თვალები მეწვოდა, ძლივს ვკითხულობდი ინფორმაციას. ამ დიდ ომში გმირი მყავდა ზელენსკი, ყველა მისი ვიდეომიმართვა მაძლიერებდა ნუროფენზე და იბუპროფენზე
მეტად.
საღამოს აივანზე ვიჯექი ხოლმე და როცა ცას ვუყურებდი
ვფიქრობდი, ახლა რომ აქაც დაიწყოს ომი რის გადარჩენას შევეცდებოდი? ალბათ სურათების, კიდევ? კიდევ კაბის, რომელიც ყოველწლიურად
უფრო–და უფრო მიპატარავდება, ასე ვიტყვი, აბა, ხომ არ ვაღიარებ, რომ ვსუქდები და ვსუქდებიJ
მერე, წლების შემდეგ უკვე მოხუცი კამერების წინ ამ კაბით
დავდგებოდი და ინტერვიუს მივცემდი – რუსეთის ბოროტებებზე, ნახევრად მიძინებული ტვინი
მაინც გაიხსენებდა ორსული ქალების სისხლიან კადრებს და მტირალა, ფერად ქურთუკიან ბიჭს, რომელსაც
პარკში სათამაშო პინგვინი ჰქონდა და მიდიოდა მარტო დაბომბილ ქალაქში. ვიტყოდი, რა კარგია
რომ 2022 წელს დასრულდა ამ ქვეყნის ფაშიზმი.
ალბათ ჟურნალისტი იმდროინდელ გმირებზეც მკითხავს.
მე ჭაღარ თმას მოვიქექავ და ვეტყვი – კი, გმირი ზელენსკი
იყო.
სხვა კითხვებსაც დამისვამს მერე ჟურნალისტი, მშრალი
რომ არ გამოვიდეს მასალა. მე ვეტყვი – იმ დროს ჩემი პატარა ომიც მქონდა, პირადი ომი, მერე ,,ტერიტორიის მთლად შემოერთება მოვითხოვე" და . . .
ვეტყვი, რომ გმირები აუცილებელია გყავდეს, როგორც დიდ,
ასევე პატარა ომშიც.
пятница, 23 июля 2021 г.
ფერადტრუსებიანი და იუმორის მქონე კაცები კარგები არიან
суббота, 17 июля 2021 г.
მერე გვიან ვიძინებ მშვიდი ძილით
ვანიდან გამოვედი და მესენჯერიც გაწკაპუნდა – დაბლა გელოდები.
თმა სველი მქონდა, ტანი ნოტიო და ძლივს ამოვიცვი ამ ნოტიო ტანზე კომბინიზონი. რატომ ვეცი და მაინცდამაინც ეს ჩავიცვი არ ვიცი. ჩამეცვა შილიფა კაბა. ვინ ნორმალური იცმევს აბა დახურულ, ერთიან კომბინიზონს ივნისში, თან როცა კაცს უნდა შეხვდეს ( და სავარაუდოდ როცა იცი ეს შეხვედრა როგორც დასრულდება) და ერთი ქამრით შესაკრავ – მოსახვევ კაბას იქით დებს?
ჰოდა, ასე სველი თმით და ნოტიო ტანზე დაკვარწნილი კომბინიზონით ჩავედი. ერთი სული მქონდა მენახა.
ჩანთა მხარზე მქონდა გადაკიდებული, სახელურზე მეჭირა ცალი ხელი და მანქანაში როცა ჩავჯექი მხრიდან არ მომიხსნია, კალთაში ჩავიდე, თითები მეტკინა, მერე მივხვდი მაგრად ვუჭედი ჩანთას და გავუშვი.
უსაშველოდ ცხელოდა, თუ მხოლოდ მე მცხელოდა არ ვიცი.
წავედით. ჰო, მანქანით.
მერე გავჩერდით.
მერე მაკოცა. გამეცინა.
– რა გაცინებს? – მკითხა. არაფერი მითქვამს.
წლების შემდეგ ისევ აქ აღმოვჩნდი, სხვასთან ერთად. სტუდენტობისას, პირველ კურსზე, დაახლოებით ამ მიდამოებში ვიყავი პირველად როცა მაკოცეს. მაშინ ფეხით ავედით, დაბნელებამდე დავრჩით. ვუყურებდით დაბლა განათებულ ქალაქს და ერთმანეთს ვკოცნიდით. იმ დროს სხვაგან წასასვლელი ადგილი არ გვქონდა, ახლა უბრალოდ ორი ზდასრული ადამიანი სხვებს ვემალებოდით. აქ ამოსვლის იდეა მისი იყო, არ ვიცი რატომ, არც მიკითხავს. ან მასაც სტუდენტობა გაახსენდა, ან ყველაზე მარტივი გზა მონახა ჩემთან მარტო დარჩენის.
მერე, მერე თუ ისევ მომინდება ამ ამბის გაგრძელება დავწერ.